"არა"-მ ჩინოვნიკთა სახლების ფოტოგამოფენა მოაწყო

[შორენა ჭიაურელი]

17 თებერვალს, ”არას” ინიციატივით, კინოს სახლში მაღალჩინოსნების ვილებისა და ფეშენებელური სასახლეების გამოფენა მოეწყო. ეს იყო პასუხი პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადებაზე , სადაც იგი ამტკიცებდა, რომ ”დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ უკანონოდ შეძენილი ქონება”.

”ეს ქონება ამ ჩინოვნიკებს უკანონოდ აქვთ შეძენილი, კიდევ ბევრია ისეთი, ვინც ქონება 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დააგროვა და მათი სასახლეების ფოტოებს 2 კვირაში გამოვფენთ”, - განაცხადა მოძრაობა ”არა"-ს წევრმა, ლევან ჩიტაძემ.

ჩიტაძის განცხადებით, ფოტოგადაღებები დიღომში, კოჯორში და თბილისის ცენტრალურ უბნებში 6 თვის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობის მტკიცებით, შუშის გუმბათიან სახლს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ”დიღომი 8”-ში იშენებს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის სასახლე მცხეთაში შენდება. კოჯორშია აშენებული ძმები ბეჟუაშვილების სახლი.

ფოტოების მიხედვით, ძმებ ბეჟუაშვილებს ეკუთვნის თბილისში, ალ ყაზბეგის N7-ში მდებარე სახლი; ფოტოგამოფენაზე გიორგი ბარამიძის კოჯრისა და თბილისის სახლებიცაა გამოფენილი. კოტე კუბლაშვილის სახლი იყალთოს პირველ შესახვევში მდებარეობს. პეტრე ცისკარიშვილის სახლი კი ე.წ. ”შანხაის” დასახლებაშია.

”არა"-ს აქტივისტებს” არც კოჯორში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სახლის გადაღება დაზარებიათ. ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლის გადასაღებად, მოძრაობის წევრები თბილისის ზღვაზე იყვნენ ასული.

”სააკაშვილის სახლის გადაღების მცდელობისას, დაახლოებით 20-მა დაცვის თანამშრომელმა ალყა შემოგვარტყა, წაგვართვეს ფოტოაპარატი და გვაიძულეს ადგილი დაგვეტოვებინა”, -განაცხადა მოძრაობა ”არას” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ჩიტაძემ.

ლევან ჩიტაძის განცხადებით, სხვა თანამდებობის პირების მშენებარე სასახლეების ფოტოგამოფენა 2 კვირაში კიდევ გაიმართება.