დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი შეიძლება შეფასდეს ლეგიტიმაციის აღიარების ხაზად

დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი შეიძლება შეფასდეს ლეგიტიმაციის აღიარების ხაზად

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და ალენ ბერსეს უკვე შემდგარი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დაგეგმილი შეხვედრა ახალ არჩეულ პრეზიდენტთან ლეგიტიმაციის აღიარების ხაზად შეაფასა. 

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესი მილევადია და უკვე დადგა დრო „აურზაურის“ დასასრულის. 

„საქართველოში ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი, რომელიც უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეიძლება შეფასდეს ლეგიტიმაციის აღიარების ხაზად, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ბევრი და სურდათ, რომ ამ მიმართულებით წასულიყო ქვეყანაში პროცესები.

წლის ბოლოა და ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური აურზაურის, ასევე ჩვენს დედაქალაქში, უკვე მილევადი აურზაურის დასასრული დგება.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ახალ წელს და მის შემდგომ დღეებშიც გვექნება კარგი პერსპექტივის განცდა, რომელიც აუცილებლად იქცევა რეალობად,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.