პარტია „ახალის“ წევრი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საპროტესტო აქციებისას დაშავებულ ადამიანებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
„ჩვენი სურვილი იყო, რომ დელეგაცია შეხვედროდა იმ ნაწამებ ადამიანებს, ნაცემ ჟურნალისტებს, მაგრამ მათ ამაზე განაცხადეს უარი. მაგრამ შეხვდნენ პაპუაშვილს, ბოჭორიშვილს, ივანიშვილს და კობახიძეს. შესაბამისად, ჩვენ ვერ გავიგეთ, რა მიზანს ემსახურებოდა მათი აქ ჩამოსვლა, ეს არის ბუნდოვანი“, - განაცხადა პარტია „ახალის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა.
ალან ბერსე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა „კოალიციამ ცვლილებებისთვის“. ხოლო დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ვიზიტის დღის წესრიგით უკმაყოფილების გამო მისვლაზე უარი განაცხადეს ელენე ხოშტარიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.