ხაზარაძე ვერ ღალატობს იმ ტრადიციას, რაც მას და მის საყვარელ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ჰქონდა. ეს იყო ზეწოლა ბიზნესზე, მეწარმეებზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ ბიზნეს-სექტორისთვის გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი და ნიშა არის ის, რომ ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ თავისუფლებას. ეს არის 2012 წლიდან ცალსახად გაცხადებული, რეალიზებული და ამის შესახებ საზოგადოებამაც, ბიზნესმა და მთელმა მსოფლიომაც ძალიან კარგად იცის.
რაც შეეხება ხაზარაძეს, ის ვერ ღალატობს იმ ტრადიციას, რაც მას და მის საყვარელ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ჰქონდა. ეს იყო ზეწოლა ბიზნესზე, მეწარმეებზე და ამ ტრადიციითა და ამ გამოცდილებით დღესაც სარგებლობს. ხაზარაძე აბულინგებს ბიზნესს, ცდილობს, რომ დესტრუქციულ რელსებზე გადაიყვანოს. არ გამოუვა ეს ყველაფერი. ვიცით, რომ ბევრი ტყუილია ის, რასაც ხაზარაძე ზოგადად ავრცელებს და მისგან ბიზნესი ისმენს. ბიზნესმა ეს ძალიან კარგად იცის. ასე, რომ რადიკალიზაციის ვერც ეს მცდელობა მათ ვერ გამოუვათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბიზნესსექტორზე წნეხი გრძელდება. ერთ-ერთი, ვინც საჯარო მოწოდებებით და აქტიურობით გამოირჩევა, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძეა. ის აქციაზე დაზარალებულებისთვის ფონდების შექმნას ითხოვს. მმართველი გუნდი ბიზნესზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს მამუკა ხაზარაძესაც, თუმცა, მათივე თქმით, ხაზარაძეს ეს მცდელობა არ გამოუვა.