ჰელსინკის კომისია: თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც

ჰელსინკის კომისია: თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც

„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

კომისია მიიჩნევს, რომ ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს.

„ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება სცადა. თავის მხრივ, ცნობები გვაფიქრებინებს, რომ ირანელი მარიონეტები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას, ავრცელებდნენ რა ანტიდასავლურ ნარატივებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ჰელსინკის კომისია იხსენებს, რომ აგვისტოში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ჩინეთის კონსორციუმი ამჟამად, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.

„თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ძალაუფლების მიტაცებაში, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო დაუახლოვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.