ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა“, ვალერი ბგანბამ „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა განიხილონ. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ზაფხულში მისაღები ელექტროენერგიის შემცირების ხარჯზე, ზამთრის ლიმიტის გაზრდაზე, როგორც კი ამის საშუალებას ენგურჰესის გამომუშავება მისცემს.
18 დეკემბერს, კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა, ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ხდება კონტრაქტით გათვალისწინებულ წინასწარი გადახდის ფარგლებში, ამასთან ჯერ არ განიხილება კონტრაქტის 2025 წლისთვის გაგრძელების შესაძლებლობა“.
11 დეკემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას დღისით დენი არასრული სამი საათის განმავლობაში, ხოლო ღამით 21:00-დან 07:00 საათამდე მიეწოდება.