მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე სტატუსის გარეშე და თუ დაიკავებს პრეზიდენტის სასახლეს, ზუსტად იგივე შედეგები იქნება, რაც ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე სტატუსის გარეშე და თუ დაიკავებს პრეზიდენტის სასახლეს, ზუსტად იგივე შედეგები იქნება, რაც ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში

ექს-პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის სასახლის დაკავება იგივეა, რაც თქვენ რომ წაბრძანდეთ და დაიკავოთ პრეზიდენტის სასახლე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პასუხად კითხვაზე იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს დატოვოს პრეზიდენტის სასახლე 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება.

„ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე სტატუსის გარეშე და თუ დაიკავებს პრეზიდენტის სასახლეს, ზუსტად იგივე შედეგები იქნება, ზუსტად იგივე აღქმა იქნება, მათ შორის სამართლებრივი, როგორც ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში. ცივილიზებულ სამყაროში არავის უფიქრია მსგავსი პოზიციონირება, რომ ექს-პრეზიდენტს, ექს-თანამდებობის პირს ვადის გასვლის შემდეგ და ახლის არჩევისა და შესაბამისი უფლებამოსილებაში შესვლის შემდეგ მოენდომებინა ძველი სტატუსის შენარჩუნება. მსგავსი ცივილიზებულ სამყაროს არ ახსოვს“, - განაცხადა მდინარაძემ.