სანქციებს ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს, არც - დამაშინებელი ეფექტი და არც დამაკნინებელი. არც მაშველ რგოლად აღარ ადგება ქართულ აგენტურულ ოპოზიციას. ერთადერთი ისინი ცდილობენ, ბოლომდე გააფუჭონ ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომ შემდეგ ამ ნეგატიური მატარებლის რელსებიდან შემობრუნება რთული იყოს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბაიდენის ადმინისტრაციაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებას ეხებოდა.
„ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კუდის მოქნევა, საქართველოსა და ამერიკის, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის გასაუარესებლად და ამას ასწრებენ 20 იანვრამდე, როგორც ეს წამოსცდა „ნაცთან“ მოღალატე გახარიას და თავად მთავარ „ნაცს“ მიხეილ სააკაშვილს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
კითხვაზე, რა აძლევს „ქართულ ოცნებას“ იმის განცხადების საფუძველს, რომ ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, გადაიხედება ურთიერთობები, მდინარაძემ განაცხადა, რომ მათ ოპტიმიზმისა და ურთიერთობების ნელ-ნელა დასტაბილურების იმედს სამი მთავარი ფაქტორი აძლევთ.
„ამ მატარებლის შემოტრიალება ძალიან რთულია და მარტივი არ იქნება. ბიუროკრატიული ნაღმები, რომელიც ჩადებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში მოქმედი ბიუროკრატების მიერ; საქართველო ამერიკის ურთიერთობაში ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ბუნებრივია, შეიცვლება და ამის მოლოდინი გვაქვს, თუმცა ასე ჩვენ მოლოდინი არ გაგვიჩნდეს, რომ ერთ დღეში ასე შეიცვლება ყველაფერი და ყველაფერი კარგად იქნება. აქაც უამრავი მუშაობა იქნება საჭირო. ერთ დღეში არაფერი შეიცვლება, მაგრამ სამი მთავარი ფაქტორი გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმისა და ურთიერთობების ნელ-ნელა დასტაბილურებისა და პოზიტიურობის იმედს. პირველი, ეს არის ის, რომ ტრამპსა და მის მომავალ ადმინისტრაციას გამჭვირვალობაზე იგივე წარმოდგენები აქვთ, როგორც - ჩვენ; მეორე, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდის უარყოფაზე იგივე წარმოდგენები აქვთ, რაც - ჩვენ; ომის დასრულების ინტერესს გამოხატავს რამდენიმე თვის თუ წლის წინანდელი წარსულიდან ბატონი ტრამპი და ამ შემთხვევაშიც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი ბუნებრივად ქრება. აი, ეს სამი ინტერესი გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ ყველაფერს სხვას თავი რომ დავანებოთ, როგორც მინიმუმ, ამ სამი მიმართულებით საქართველოზე წნეხი მოიხსნება. სულ ყველაფერი რომ იგივე დარჩეს, ამ სამი მთავარი მიმართულებით წნეხის მოხსნა ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, თუ აღნიშნულ სამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მიმართ წნეხი მოიხსნება, მაშინ ბრიუსელშიც, ევროპელ ბიუროკრატებსაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების მოტივაცია გაუქრებათ.