ის ინფორმაციები, რომლებიც ფარული თუ ღია ჩანაწერების სახით გავრცელდა, იმასვე ადასტურებს, რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე - მათ უნდათ და სამწუხაროა, რომ გვიწევს ამის გამეორება, ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი აგენტურული მიზნების შესასრულებლად, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის საუბრისას.
„ჩვენ ვიცით „კანვასის“ ტრენინგების შესახებ, მაკკეინის ინსტიტუტის გეგმების შესახებ, ყველა ეს გეგმა მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, რაც არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ საბედნიეროდ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება კარგად უმკლავდება ამ გამოწვევებს.
ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდეთ და ამის პარალელურად, რაც არ უნდა რთული იყოს გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს და ღირსეული სვლა ევროკავშირისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მისია შეშფოთებულია აზრის მშვიდობიან გამოხატვაში ჩართული მოქალაქეების მიმართ ოფიციალური ძალადობის მასშტაბებითა და სიმძიმით“.
„სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელ შემთხვევაში, თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.