„როცა ოფიციალურად გამოცხადდა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვეული იქნება ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ამით ცხადი გახდა, რომ ტრამპმა პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა ევროპას, რის მიხედვითაც ევროპაში ახალი პოლიტიკა უნდა დაიწყოს. ახალი პოლიტიკა კი რასაც ნიშნავს, ვიცით - ეს არის კონსერვატორული პოლიტიკა, რომელიც ლიბერალურ დასავლეთს ძალიან უპირისპირდება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
თამარ ჩიბურდანიძემ 16 დეკემბერს გამართულ ევროსაბჭოს სხდომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმაზე უარესს, რასაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით აანონსებს, ანუ, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით, ვეღარ გააკეთებს, რადგან თავისი თავი ამ მხრივ მთლიანად ამოწურა.
„ევროსაბჭოს სხდომაზეც საქართველოსთვის სანქციების დაწესებაც რომ შეუძლებელი იქნებოდა, ესეც ვიცოდით, რადგან მას სრული კონსენსუსის სჭირდება და ამას ვერ მოახერხებდნენ. თუმცა, არ მეგონა თუ ხუთი ქვეყანა წავიდოდა ევროკავშირის წინააღმდეგ და მხარს საქართველოს დაუჭერდა. დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ამ ქვეყნებს - უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის - მილიონ ორასი ათასი ადამიანის პოზიცია გაიზიარეს.
რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება საქართველოში მყოფ დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს შეუზღუდონ ვიზალიბერალიზაცია, ესეც პოლიტიკური ბლეფია, რადგან მათ რაღაც მაინც უნდა ეთქვათ გუშინ და ამიტომ ეს თქვეს. ამ შეზღუდვას დასაბუთება სჭირდება, ევროკავშირში კი კანონი კანონობს. ამიტომ, ესეც შეუძლებელია და არ მოხდება. შესაბამისად, ამაზე უარესს ევროპისგან აღარ ველოდებით. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის, სცადეს საქართველოში მაიდანის მოწყობა, მაგრამ ვერ შეძლეს. ევროკავშირი დღეს გარკვეულწილად მიტოვებულია თავად აშშ-სგან - ეს ტრამპის მიერ მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებშიც ჩანს“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.