ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც დგანან სამართლიანობაზე და პრინციპული დამოკიდებულება აქვთ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ ქვეყნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად, რომელთა წარმომადგენლებმა ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს.
მისი თქმით, უნგრეთსა და სლოვაკეთს საქართველოსთან მიმართებით სამართლიანი დამოკიდებულება აქვთ.
„იმ ქვეყანაში, სადაც მხარს უჭერ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას და ის ვერ იმარჯვებს, ე.ი. ყველაფერს ხაზი უნდა გადაუსვა. ეს დამოკიდებულება ჩანს დღეს ევროკავშირის იმ კონკრეტული ბიუროკრატების განცხადებებიდან, რასაც ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში ვისმენთ. მათმა პარტიებმა და იმ რადიკალურმა დაჯგუფებამ, ვისაც მხარს უჭერდნენ, ვერ გაიმარჯვეს, რადგან მათ ქართველმა ხალხმა უთხრა - არა. ის უცხოელები არ იყვნენ, რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ძალიან კარგად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესიო? მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დამარცხდნენ, თურმე არჩევნები ცუდად ჩატარდა. ამას მარტო ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ? იქ ევროპარლამენტარებიც საუბრობდნენ. მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია, თუმცა ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც დგანან სამართლიანობაზე და პრინციპული დამოკიდებულება აქვთ. უნგრეთი და სლოვაკეთი ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები არიან, რომელთაც სურთ სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. ვიღაცის მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა და რადიკალებმა რომ ვერ გაიმარჯვეს, ამით არ უნდა იხელმძღვანელონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას აღნიშნული ორი ქვეყნის მისამართით, კახა კალაძე პასუხობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები არ მოსწონს.
„ხომ წარმოგვიდგენია ყველაფერი? ოპოზიცია ვინ არის? ესაა რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან. ისინი ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც სიმართლესთან ახლოსაა და რაც სამართლიანია. მათ, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ის განცხადებები, რასაც უნგრეთი აკეთებს. და რას აკეთებს? - თეთრზე ამბობს, თეთრიაო და არა პირიქით. ამიტომ, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს. რადიკალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით გვყავს, გარედან მართული ერთი ძალაა. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ. ხელმძღვანელობენ იმ „მესიჯებით“ და მოქმედებენ იმ მითითებებით, რომლებიც მოდის გარედან. აბა, ამათ შეხედეთ - რომ აიღო სათითაოდ, დალაგებული არცერთი არ არის. ყველა იმართება გარედან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.