კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლების განცხადება მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის და მხოლოდ მათ შეიძლება, მიუბრუნდეთ უკან, თუ ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო „მაიდანთან", ქვეყნის არევასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაიდანი ჩავარდა, სწორედ „მაიდნის" მცდელობა იყო მთავარი რისკფაქტორი ბიზნესისთვის და ეს მთლიანად მოხსნილია.
„გუშინ 800 კაცი იყო გამოსული რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, არა მარტო ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, არამედ ზოგადად რაიმეს არევის რესურსი აღარ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველა უნდა ზრუნავდეს სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. მე ერთადერთ რამეს ვიტყოდი განცხადებაზე, რაც კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლებმა გაავრცელეს - მათი ეს განცხადება მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის და მხოლოდ მათ შეიძლება, მიუბრუნდეთ უკან, თუ ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო „მაიდანთან", ქვეყნის არევასთან. რეალურად და გარკვეულწილად, ეს არის ამ ყველაფრის მხარდამჭერი განცხადება, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ბიზნესებს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესებსაც ჰქონდეს სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ ბიზნესების ინტერესების დასაცავად და იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყო სტაბილურობა და სიმშვიდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.