გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი და პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე, რომელიც ინდოეთის მოქალაქეს ჰქონდა დაქირავეული და რესტორანს ამუშავებდა, 12 გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. აქედან 11 ინდოეთის მოქალაქეა, ერთი კი საქართველოს მოქალაქე, 25 წლის გოგონაა, რომელიც რესტორანში იყო დასაქმებული და მიმტანად მუშაობდა.
როგორც for.ge-ს ადგილობრივები უყვებიან, ახალგაზრდები გარდაცვლილები დილით ტაქსის მძღოლმა იპოვა, რომელიც სასტუმროს დილაობით პროდუქტებით ამარაგებდა. მათი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი ინტოქსიკაციაა. ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლნენ. საგამოძიებო უწყების ცნობით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც, სავარაუდოდ, მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. ახალგაზრდებმა ის შენობაში შეიტანეს, ხოლო კარი დახურეს და დასაძინებლად წავიდნენ. ტაქსის მძღოლმა ზოგი საწოლში გარდაცვლილი იპოვა, ზოგიც კი კართან ახლოს იწვა. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი გარეთ გამოსვლას შეეცადნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს. ყველა მათგანი გარდაცვლილი იყო.
„დიდი უბედურება მოხდა, მთელი სტაფია დაღუპული. შუქი არ იყო და გენერატორი ჩაურთავთ, მაგრამ ის ვეღარ მოიფიქრეს, რომ სახლში არ შეეტანათ. ვარაუდობთ, რომ ქარის გამო შიგნით შეიტანეს. წესით, კარი უნდა დაეტოვებინათ ღია, მაგრამ დაკეტილი იყო. იცით, თბილისშიც რა ამინდი იყო და გუდაურში ხომ - საერთოდ. ეტყობა, ძალიან რომ ციოდა, ეს კარიც მიხურეს და რომ დაიძინეს, გაიგუდნენ... ისინი ტაქსის მძღოლმა იპოვა, რომელიც თბილისში რესტორნის პროდუქტისთვის იყო წასული და რომ დაბრუნდა გუდაურში უკან, დილით უკვე გარდაცვლილები იპოვა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემასთან ყვება, რომ რესტორანში ინდოეთის 11 მოქალაქე და 1 ქართველი გოგონა იყო დასაქმებული. რესტორანიც ინდოეთის მოქალაქის იყო და თანამშრომლების დიდი ნაწილი სტუდენტები იყვნენ.
„წარმოდგენაც არ მსურს ბავშვები როგორ გაიგუდნენ. პატარები არიან ყველანი. სტუდენტები იყვნენ. ქართულადაც საუბრობდნენ მშვენივრად. საწყალმა ბავშვებმა იფიქრეს, არ გავიყინოთო და შიგნით შეუდგამთ ეს გენერატორი. დაბლა რესტორანი იყო, მაღლა კიდევ მათი მოსასვენებელი ოთახები. როგორც ნახა ტაქსის მძღომა, ორი მათგანი თითქმის გარეთ იყო გამოსული, კართან იპოვა, რომ გააღო. გაღვიძებიათ და გამოქცეულან, რომ მიხვდნენ, იხრჩობოდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს გარეთ გამოსვლა. პირღებინებაც ჰქონით ამ ორს და ადგილზევე არიან დაღუპულები. ასეთი საზარელი სიკვდილო მართლა მძიმეა. ზოგი მათგანი საწოლშივე გარდაცვლილ ნახეს. მეპატრონე გაუბედურებულია და არ იცის რა თქვას. დიდი ტრაგედია დატრიალდა. ქართველი გოგონა არ ვიცი საიდან იყო, აქ მიმტანად მუშაობდა. ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ და დასანანია ასეთი გარდაცვალება“,-ამბობს ადგილობრივი for.ge-სთან.
შსს-ს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.