მნიშვნელოვანია, პირველ რიგში აღინიშნოს ის, რომ ეს ზარი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით და თხოვნით განხორციელდა „ქართული ოცნების“ პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან შედგა დღეს მას შემდეგ, რაც საქართველოში რამდენიმედღიანი მცდელობა იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების, მრავალკომპონენტიანი ამბოხის მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და მინავლების პროცესშია. სწორედ, ამ კონტექსტში იქნა მოთხოვნილი ამ ზარის განხორციელება და თავად ეს ფაქტი, კონტექსტი და მომენტი, როცა ეს მოხდა არის უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, საფრანგეთი ევროკავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ლოკომოტივი სახელმწიფოა და მის პირველ პირთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საუბრისას, არც ერთი სიტყვა არ თქმულა, როგორც ეს ელისეს სასახლის, ასევე, „ქართული ოცნების“ პარტიისგან განცხადებებიდან ცალსახად გამოსჭვივის, ერთი სიტყვა არ თქმულა და ვერ ითქმებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.