მამუკა მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე: როდესაც მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო, ექიმებთან განაცხადა, რომ ფეიერვერკის გასროლილი ნაწილი მომხვდაო

მამუკა მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე: როდესაც მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო, ექიმებთან განაცხადა, რომ ფეიერვერკის გასროლილი ნაწილი მომხვდაო

ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანმა, როდესაც მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო და ა.შ. ექიმებთან განაცხადა, რომ ფეიერვერკების გასროლილი ნაწილი მომხვდაო, თუმცა არ იცის, ექიმის გადმოცემით, გახეთქილი თუ სრული. ანუ ექიმები ამ დროს ერიდებიან ხოლმე ინტერპრეტაციას თავისი სიტყვით, ანუ სრული რას ნიშნავს, ამ ახალგაზრდა კაცმა რა თქვა, სრულში რას გულისხმობდა არავინ იცის, მაგრამ მოვა გონზე, კარგად იქნება და მოჰყვება ალბათ თვითონ, ან არ მოჰყვება, ეს მისი ნებაა, მაგრამ პირველი ინფორმაცია ასეთი წამოვიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე 22 წლის ბიჭის მიერ მიღებული დაზიანების თაობაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პირველი ვერსიისა, ექიმები ეჭვობენ, რომ ფეიერვერკის გასროლილ ნაწილს ცოტა სხვანაირი კვალი უნდა დაეტოვებინა და დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს არის ბლაგვი საგნისგან მიღებული დაზიანება, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს. 

„თავადვე ობიექტურები რომ ვიყოთ ბოლომდე და მაქსიმალურად ექიმები ეჭვობენ, ესეც აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ ფეიერვერკის გასროლილ ნაწილს ცოტა სხვანაირი კვალი უნდა დაეტოვებინა და თავადვე ამბობენ, რომ ამას უნდა ექსპერტიზა, ნაწილაკები დარჩენილი არ იყო, რაც ამას კიდევ უფრო მეტად დაადასტურებდა, დამწვრობის კვალი უნდა იყოს, რაც არ არის როგორც გვეუბნებიან და დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს არის ბლაგვი საგნისგან მიღებული დაზიანება. ეს ბლაგვი საგანი რა იყო - მძიმე მეტალებს რომ ისვრიან შურდულებით, თუნდაც ვთქვათ გაზის კაფსულა, რასაც თვითონ ამბობენ აპრიორი, გადაწყვიტეს იმათმა რომ გაზის კაფსულა იყო, იციან უკვე, იმიტომ, რომ ესე აწყობთ, ეს იყო ფეიერვერკის მართლა რაღაცა, რაც თვითონ თქვა, რომ რომელიც მერე გასკდა თუ რა იყო, ქვა, შეიძლება ვიღაცამ მუშტი დაარტყა. ძალიან საეჭვო სიტუაციაა, ათასგვარი ვერსია შეიძლება, არ ვიკადრებ ამ ეტაპზე და პრინციპში ჩვენ სუბიექტურად ძალიან გვაწყობს ის პირველივე ჩანაწერი, რაც მე მოგიყევით და ამ ვერსიას თავადვე არ უნდა ვაყენებდეთ ეჭვის ქვეშ, მაგრამ გულწრფელად გიყვებით რა თქვეს ამასთან დაკავშირებით ექიმებმა. თავადვე ვაყენებთ ეჭვის ქვეშ, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ცოტა სხვანაირი კვალი შეიძლებოდა დარჩენილიყო. თუმცა ამას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ. ანუ ისინი ამბობენ თავის ვერსიას, მოიგონეს უკვე, გადაწყვიტეს, რომ პოლიციამ ესროლა, თავიდან რეზინის ტყვიებზე დაიწყეს ლაპარაკი, მერე შეცვალეს ვერსია, გააქრეს ეს რეზინის ტყვიის ვერსია, იმიტომ, რომ ნახეს იქ რეზინის ტყვია არავის არ გამოუყენებია და ზოგადად გაზი, მაგრამ იმ დროს, ასევე პოლიციასთანაც ნალაპარაკევი გვაქვს ბევრი, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვიკვლევთ, გვაინტერესებს რაში იყო საქმე, აქ დგინდება, ეს წინასწარი მონაცემებით მხოლოდ, ამაზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც შეიძლებოდა დაზიანება მიეღო ასეთი არ განხორციელებულა - გაზის ჭურვი იმ მომენტში, ასეთი თანხვედრა დროში არ არის. გაზის ჭურვები რა თქმა უნდა იყო გუშინ მთელი დღის განმავლობაში გამოყენებული მაგრამ, ასე სახის მიმართულებით ვიღაცას ესროლოს, ან ასე ახლო კონტაქტი ყოფილიყოს, ან ასეთი დაზიანება რომ მიეყენებინა გაზით, ამ ვერსიებს გიყვებით სპონტანურად, გულწრფელად, იმის დასადასტურებლად, რომ არაფერი დასამალი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება აქვს ამ ახალგაზრდა კაცს  მიღებული. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, ოპოზიციას შეიძლება თავადაც აწყობდეთ დაზარალებულის მიერ ფეიერვერკთან დაკავშირებით გაჟღერებული ვერსია, რადგან ეს გამორიცხავს მათ მიერ აქციის მონაწილის განზრახ დაზიანებას. 

„ჩვენ გვაწყობს სუბიექტურად და ვიტყოდით, რომ სანამ გონებას დაკარგავდა ადამიანი და  ექიმის ჩანაწერი თუ არსებობს კარგი იქნება ამის გამოქვეყნება და თუ არ ვცდები არის, რომ პირველი მისი სიტყვები იყო, როდესაც კითხეს ამასთან დაკავშირებით, რომ თვითონ თქვა, რომ  ფეიერვერკის რაღაცა ნაწილი მოხვდა, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ, რადგან ვიღაცამ ეჭვი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ვერსია შეიძლება თავადაც აწყობდეთ, რადგან ეს გამორიცხავს განზრახ რაღაცებს, საეჭვო ვითარებას, იმიტომ რომ შეიძლება ეს რაღაც განზრახი იყო. ჩვენ რომ მტკიცება დავიწყოთ, რომ ფეიერვერკი იყო მათ შეიძლება ძალიან აწყობდეთ. არა იმაზე მეტად, რომ თითქოს ის გასროლილი ჭურვი მოხვდა პოლიციელის, მაგრამ რაღაც ამბავში, რომ გამორიცხონ ის, რომ ვიღაცამ ეს სპეციალურად გააკეთა რაღაც ფორმით, ამ ვერსიის გამოსარიცხად შეიძლება აწყობდეთ. არ შევყვებით ამაში, ბოლომდე დავინტერესდებით, ბოლო დეტალამდე და ნიუანსამდე, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც რა მოხდა“,  - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.