თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არ განმეორდეს ის ცუდი გამოცდილება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტები არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ინტერესებით მოქმედებდნენ.
„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად პრეზიდენტის არჩევნების თარიღს ადგენს საქართველოს პარლამენტი. დღეს მივიღებთ დადგენილებას ამ თარიღის დადგენის თაობაზე. პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ხალხის ნებაზე. ჩვენ ძალიან მწარედ ვიწვნიეთ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტები დამოკიდებული იყვნენ გარე ქვეყნის ფაქტორებზე და მართულები იყვნენ გარე პატრონებით. ეს აღარ უნდა დავუშვათ, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
პარლამენტი დღეს ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს.
თარიღის ჩანიშვნის შემდეგ ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან, ხმოსნისგან შედგება. მათ შორის არის პარლამენტის 150 წევრი, ხოლო მეორე ნახევარი, 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან (2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად).
პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი.
ცნობისთვის, პირველად ქვეყნის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა.