უკრაინა არ აგებს ომს, მაგრამ არც იგებს, ნაწილობრივ თავდაცვაზე ბაიდენის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სარედაქციო სტატიაში სათაურით ბაიდენი ტრამპს უკრაინაში არეულ სიტუაციას უტოვებს.
„ომი გადაიზარდა სისხლისმღვრელ ჩიხში, ორივე მხრიდან საშინელი მსხვერპლით. რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ დიდი დანაკარგების ფასად ტერიტორიებს იკავებს უკრაინის აღმოსავლეთში. უკრაინა ინარჩუნებს თავის პოზიციებს რუსეთის კურსკის ოლქში, მაგრამ კრემლი ამზადებს თავდასხმას, დაახლოებით 10,000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის მონაწილეობით“, - ნათქვამია სტატიაში.
The Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაიდენის პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით არ არის ის ტრიუმფი, რომელსაც ის და მედია არეკლამებენ.
„ომის ყველა ეტაპზე ის ზღუდავდა სამხედრო დახმარებას, რომელსაც აშშ უწევდა უკრაინას. არტილერია, Patriot-ის საჰაერო სისტემები, ტანკები, F-16-ები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები: პენტაგონი აყოვნებდა მოწინავე იარაღის მიწოდებას იმის შიშით, რომ ვლადიმირ პუტინს კონფლიქტის გამწვავება შეეძლო. ამ შეზღუდვებმა ზიანი მიაყენა უკრაინის უნარს, განეხორციელებინა თავდასხმა კრემლის ძალებზე, მათ შორის მიწოდების ძირითად კვანძებზე“, - აღნიშნულია სტატიაში.
სარედაქციო სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ „ბაიდენმა და დასავლელმა ლიდერებმა ვერ შეზღუდეს პუტინის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან. ევროპა კვლავ ახორციელებს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს“.
„ეს არის ომი, რომელსაც ტრამპი მემკვიდრეობით მიიღებს. ეს ტრამპს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს. თუ პუტინი არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში მშვიდობის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის მისაღები იქნება, ტრამპს მოუწევს აშშ-ისა და უკრაინის სამხედრო ბერკეტის გაზრდა, რათა დიპლომატიას ხელი შეუწყოს. ეს ნიშნავს კონგრესში დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მხარდაჭერას და უკრაინისათვის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას. ასევე საჭირო გახდება ზეწოლა ირანზე, შესაძლოა ისრაელის დახმარებით, რათა შეაჩეროს ირანული დრონებისა და რაკეტების ექსპორტი რუსეთში. ასევე უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ზეწოლა, მათ შორის დასავლეთ ევროპაზე, რომ შეწყვიტოს რუსული ენერგიის გამოყენება“, - ნათქვამია სტატიაში.