საქართველო - იშვიათი ქვეყანა, რომელიც სამხილებს ანადგურებს

საქართველო - იშვიათი ქვეყანა, რომელიც სამხილებს ანადგურებს

ფარულ ვიდეომასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის კადრები აღმოჩნდა. ახლად აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები 31 იანვარს საჯაროდ განადგურდება. გადაწყვეტილება უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. სულ აღმოჩენილია ორი დისკი, რომელიც ინტიმურ სცენებს ასახავს. შსს-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის განაცხადებით, ვიდეომასალებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი განადგურდება, რომლებიც ინტიმური ხასიათის მასალებს შეიცავს.

როგორც ცნობილია, შსს-მ პირად ცხოვრების ამსახველი 110 დისკი 2013 წლის 5 სექტემბერს გაანადგურა. დარჩენილი 24 ათასი ფაილიდან, შსს-მ მოახდინა მასალის მობილიზება, გადამუშავება, რათა გარკვეულიყო, ხომ არ შეიცავდა ინტიმური ხასიათის ინფორმაციას. ქალდანის ინფორმაციით, მასალა დახარისხებულია და გამოყოფილია, რა არის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და რა არის გასანადგურებელი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გამო. მასალის ძირითადი ნაწილი საგამოძიებო ორგანოების ხელში იქნება, რათა გამოძიება დაიწყოს. 

უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა შსს-ში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. კომისია საზოგადოებას ანგარიშს 31 იანვარს წარუდგენს. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომისია გასული წლის 14 ივნისს შეიქმნა, რომელსაც იმ დროინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგენლობაში არიან როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველი.

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, კომისიაზე მათ მოისმინეს კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ უკანონო მოსმენებს წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური ხასიათი ჰქონდა. ლევან იზორია განცხადებით, სამომავლოდ უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდება.

„დაახლოებით საუბარია 635 დისკზე, რომელიც 750 საათამდე ინფორმაციას მოიცავს და რომელიც სწორედ პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თვალთვალს, მის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციას მოიცავს. ეს ინფორმაციები იქნა დეტალურად მოსმენილი სწორედ ამ სამუშაო ჯგუფისგან. იქნა ასევე გადაწყვეტილება მიღებული, რომ ფართო ანგარიში მომზადდება საჯაროდ საზოგადოებისთვის და ამის პრეზენტაციაც მოხდება 31 იანვარს.

31-ში იწურება კომისიის მუშაობა, ეს მასალა კი ბუნებრივია, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა პროკურატურას და დაიწყება გამოძიება, ხოლო ის ორი დისკი, რომელიც ინტიმურ სცენებს ასახავს, განადგურდება როგორც ის 110 დისკი, რომელიც 5 სექტემბერს განადგურდა. აქვე მინდა ორი რამ ერთმანეთისგან გავმიჯნო, რომ ეს საზოგადოებისთვის იყოს თვალნათელი.

კერძოდ, თუ რატომ განადგურდა დაუყოვნებლივ მაშინ ის დისკები და რატომ იწყება გამოძება ამ დისკებზე. საქმე ისაა, რომ ის დისკები და მათ შორის, ეს ორი ახლადაღმოჩენილი დისკი, შეეხება ისეთ ინტიმურ სცენებს, რომელიც ამ შემთხვევაში დაზარალებულის ღირსებას შეეხება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებასა და დამკვეთების დასჯას ითხოვს, არასამთავრობო სექტორი. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა პერიოდი დასჭირდება გამოძიებას, რომ დაადგინოს იმ პირთა წრე, ვინც კონკრეტულად აღასრულებდა და ქმნიდა ამ არქივს, მეორეს მხრივ დაადგინონ იმ პირთა წრე, რომლებიც ბრძანებებს გასცემდა და მართავდა ამ პროცესებს, ვისი იდეაც იყო ასეთი ტიპის მეთოდების გამოყენება და ჩანაწერების გაკეთება.

კახი კახიშვილის შეფასებით სახეზეა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები და გამოძიება იმ ადამიანებზე უნდა გავიდეს, რომლებმაც დანერგეს სისტემა, რაც ადამიანების შანტაჟს ემსახურებოდა. მისვე თქმით, წლების განმავლობაში ამ მასალების შეგროვება პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. 

„მიმაჩნია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა ყოფილიყო იმ დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილი, რომლებმაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გადამეტებით ადგნენ და გაბედეს მოქალაქეების საძინებლებში კამერების დამონტაჟება. ის, რომ ეს მასალები ნადგურდება, ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები არ დაისჯებიან“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აზრით, ის ფარული ჩანაწერები, რომელმაც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულზე გაგვიყვანოს არ უნდა განადგურდეს. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დანაშაულის მამტკიცებელი ვიდეომასალის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება. პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა განადგურებულ იქნას ისეთი ვიდეომასალები, სადაც მხოლოდ ის ფაქტებია ასახული, რაც გვაბრუნებს ძველ დროში, როცა ადამიანებს აწამებდნენ.

„ამ საკითხზე ჩემი ზოგადი დამოკიდებულებაა ის, რომ ასეთი ტკივილი საზოგადოებამ უნდა გადალახოს და იფიქროს მომავალზე, მაგრამ ბუნებრივია, სადაც არის დანაშაულის ნიშნები, ამის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება. თუ არსებობს რაიმე საბუთი და მტკიცებულება, რომელმაც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანოს, ასეთი დოკუმენტაცია არ უნდა განადგურდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საკითხის სირთულეზე საუბრობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, რომლის განცხადებით, ფარული ჩანაწერების საკითხების შემსწავლელი კომისია რთული ამოცანის წინაშე დგას, ვინაიდან უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა გამოძიებისთვის.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალის განადგურების შესაძლებლობას განიხილავს. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ეს მასალები ხშირ შემთხვევაში უკანონოდ იყო მოპოვებული, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოძიებისთვის, რომელიც შეიძლება ჩატარდეს შესაძლო კრიმინალურ ქმედებაზე.

კომისიის წინაშე ძალიან რთული ამოცანა დგას. მათ მოუწევთ ამ თემების დაბალანსება, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადადგმული წინ იმ მხრივ, რომ იქნება ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, რომელიც ფარულ ჩანაწერებს გაანადგურებს მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველი. უჩნა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერები არ უნდა განადგურდეს იმ ფორმით, რომ ხელი შეეშალოს გამოძიების ინტერესებს.

„უკანონოდ მოპოვებული, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების მსგავსი ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობისთვის მყარ სამართლებრივ გარანტიებს. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტების აღიარება, დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა გახდება მსგავსი დარღვევების პრევენციის საფუძველი. მსგავსი დანაშაულის გამოუძიებლობა და მის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის გარეშე დატოვება, ხელს შეუწყობს დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას“, - ამბობს სახალხო დამცველი.