აშშ-ის ხელისუფლება სთხოვს ჩინეთს, რათა მან ზემოქმედება მოახდინოს ჩრდილოეთ კორეაზე, რომ მან საკუთარი საჯარისო შენაერთები რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად არ გააგზავნოს, ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, აშშ-ის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ჩინეთი შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის უსაფრთხოების სფეროში მზარდი პარტნიორობით.
ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის დიდი ხნის მოკავშირეა და მისი ყველაზე ძლიერი ეკონომიკური და სამხედრო პარტნიორია. ფხენიანის თანამშრომლობა მოსკოვთან კი ნიშნავს, რომ პეკინს ჩრდილოეთ კორეაზე გავლენის გაყოფა მოსკოვთან მოუწევს.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ჩარევა უკრაინის საქმეებში სულ უფრო აიძულებს ევროპას აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოებაზე იფიქროს, აღნიშნულია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკანასკნელ დღეებში ამ საკითხს ჩინეთის ოფიციალურ პირებთან განიხილავდა. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ პეკინი ჩრდილოეთ კორეას და მის ლიდერს კიმ ჩენ ინს გადასცემს ამ გზავნილს ან შეეცდება აიძულოს ის შეზღუდოს ან შეაჩეროს საკუთარი ჯარის გაგზავნა რუსეთში.