დიტო გელოვანი: არ გვინდა, ვალიკო, ჭიკარტი!

დიტო გელოვანი: არ გვინდა, ვალიკო, ჭიკარტი!

„დილით ყველამ უნდა გავიაროთ ქალაქში და თუ გავლა არ გინდა, გიშოვი საპატიო ტალონს“. „რას?“ „ორ ტალონს, ჰალე“. „დამშვიდებათა ნავთსაყუდარი, სწორუპოვარი მარშალი ედმონდო ბეტანკური მშვიდობის დღეებს გისურვებთ ყველაას“ - საზეიმოდ იყვირეს სადღაც. „ახლაც არ გჯერა? „რა?“ „რომ რო გაიღო მთავარი კარი!“ „ვისი...“ „მთელი ქალაქის, ვისი...“ - მშვიდობის საათები დაიწყო. „სადამდე...“ „საღამოს რვამდე... ვითომ არ იცი, არაა, ჰალე - და უცებ შეშინდა - შენ ისე მიამიტად მელაპარაკები, ალბათ რაღაცას მიპირებ, ჰალე, რა დაგიშავე ასეთი, რა, ჰალე...“

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“

თქვენი არ იყოს და, მეც ასე მეგონა, რომ „უგრეხელიძე“ ნიშნავს იმას, რომ ამ გვარის მატარებელი პიროვნება არ იგრიხება, ანუ რაც არის, ის არის, დრო და ვითარება მასზე არ მოქმედებს, მისი „ჰო“ არის „ჰო“ და მისი „არა“ - „არა“. მოკლედ, არ იტყლარჭება და არ იგრიხება. ასე მეგონა, მაგრამ ვცდებოდი. როგორც ამიხსნეს, თურმე გვარის ფუძე ყოფილა არა გრეხვა, არამედ რუსული სიტყვა „გრეხი“, რაიც ქართულად ცოდვას ნიშნავს, შესაბამისად, უგრეხელიძე ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გრეხი არ ჩაუდენია, ანუ - უცოდველს.

სევდია უცოდველი... ვფიქრობ, უგულავას ისევ უცოდველი ჯობს.

გურული მივა მამაოსთან - მამაო, თავის ტკივილები მაწუხებსო. მარხულობ? დიახ. ლოცვებს კითხულობ? დიახ. აღსარებას აბარებ? დიახ. ცოლს ხომ არ ღალატობ? არა. ტყუილები გიყვარს? არა... ჰოდა, ეტყობა, შარავანდედი გიჭერსო - მამაომ.

ვიღაცას შარავანდედი უჭერს, ვიღაცას ანძა ეგრძელება და ემსხვილება. ცხოვრება რთულია და ვერაგი, გიგი - უგულავა, სევდია - უცოდველი, თუ, რა თქმა უნდა, ტელეანძის ჩაქრობას ცოდვად არ ჩავუთვლით.

„მიმდინარე წლის 20 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათისთვის თბილისის გარეგანათების ქსელის ჩართვისას, თბილისის მერიის დავალებით, არ განხორციელდა სატელევიზიო ანძის გარეგანათების ჩართვა. აქვე მოგახსენებთ, რომ მოცემული მომენტისთვის არ არსებობდა არც ფინანსური და არც ტექნიკური პრობლემა სატელევიზიო ანძის განათებისთვის, რაც დადასტურდა იმ დღესვე 23:00 საათისთვის მისი ჩართვით", - ნათქვამია "სინათლის ქალაქის" წერილში, რომელსაც ხელს აღნიშნული კომპანიის დირექტორი აწერს“ - ეს, ირაკლი შიხიაშვილს რომ კითხო, სევდია უგრეხელიძის საბოტაჟ-შანტაჟისტობას ამტკიცებს, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, სევდია ამ შემთხვევაშიც უცოდველია, იმდენად რამდენადაც ყველანი კარგად ვხვდებით, რომ უცოდველი ქალბატონი უგულო ვაჟბატონის მითითებებს ასრულებს და ეს თუ ასე არ არის, შანტაჟისტის ადგილი ციხეშია, ხოლო თუ ეს ასეა, თავად უგულავა უნდა იყოს იქ, სადაც ჯერ არს - მატროსოვზე, ან რომელიმე სხვა ოვ-ზე, მაგალითად კუტუზოვზე.

გასულ კვირაში არც ერთი იყო მატროს-ოვზე და არც მეორე კუტუ-ზოვზე, სევდია იყო ორთაჭალაში, უგულავა - ბრიუსელში, ხოლო ვინ იყო კუტუ-ზოვზე, უფრო სწორად ამ ქუჩის ბახტრიონსა და მიცკევიჩს შორის მონაკვეთზე, ეს ყველასათვის ცხადი და გასაგებია. იქ იყო, არის და, როგორც ჩანს კვლავაც დიდხანს დარჩება მისი უდიდებულესობა ქართველი ერი, რასაც ეს ნიუსიც ამტკიცებს:

„ჩახუტების საერთაშორისო დღეს "თბილისი 2015" და "თბილისი 2014" ეხმაურებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, ხვალ, 21 იანვარს, მსოფლიო ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. "ამ დღეს თქვენ შეგიძლიათ ჩაეხუტოთ ყველას: ნაცნობს თუ უცნობს, პატარას თუ დიდს, კაცს თუ ქალს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა და ევროპის 2014 წლის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის ჩემპიონატის "თბილისი 2014"-მა ერთობლივად გადაწყვიტეს გამოეხმაურონ ამ დღეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 21 იანვარს მოხდება "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015"-ის თილისმების - ვეფხვისა და ბიჭის პრეზენტაცია. წარდგენის შემდეგ მოხდება ვეფხვისა და ბიჭის მასკოტების გაცნობა საზოგადოებისთვის უჩვეულო, მაგრამ სახალისო გზით, რომელსაც ჩახუტების აქცია ეწოდება. აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპის 2014 წლის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის "თბილისი 2014"-ის თილისმა, ციყვი კოკო", - აცხადებენ საორგანიზაციო კომიტეტში“.

ეს ტრადიცია, თურმე, 1986 წელს ამერიკაში დაუმკვიდრებიათ და აი, გადის სულ რაღაც 28 წელის და თბილისში ხდება „ვეფხვისა და ბიჭის პრეზენტაცია“ და „ვეფხვისა და ბიჭის მასკოტების გაცნობა“.

ეეე... ეგენი სად იყვნენ, მოყმის დედა ვეფხვის დედას რომ ეხუტებოდა? ეგენი გვასწავლიან ჩახუტებას? თუ გვასწავლიან და, მაშინ ის აგვიხსნან, რას ნიშნავს „მასკოტი“ და ვის საპატივცემულოდ დაარქვეს იმ ციყვს კოკო. მე ერთადერთი კოკო ვიცი და ისიც, ციყვი კი არ არის, არამედ ქამელეონი.

„ხვალინდელ აქციაზე მოსახლეობის ყურადღებას შემდეგი სლოგანით მივიქცევთ: "ჩაგვეხუტე და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ!" - განაცხადეს საორგანიზაციო კომიტეტში და ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ იყო, ვიღაცამ (არ მახსოვს ვინ) თავისთვის რომ ჩაილაპარაკა: „თქვენ კი ჩაეხუტეთ არმაგედონის ზანგისას“.

სწორედ ამ ჩახუტების დღეს იყო, კიევში ადამიანები რომ დაიღუპნენ, თბილისში კი, პარლამენტის (თუ, ყოფილი პარლამენტის?) შენობის წინ რამდენიმე თავზეხელაღებულმა დევიზით „შეწყდეს დიქტატურა“ გამართა აქცია. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ის აქციაზე იმყოფებოდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ნებას, რათა ისინი შევიდნენ ევროპულ ოჯახში.

სამი რამ ყოფილა ამ ქვეყნად უსასრულო - დრო, სივრცე და ჩვენი ქაჯობა, თუმცა, ქაჯობაც არის და ქაჯობაც. ჩვენი ქაჯობის თავისებურება არის ის, რომ ყველაზე დიდი ქაჯები სწორედ ისინი არიან, თავს პრადვინუტებს და ელიტას რომ უწოდებენ. ეკრანებიდან ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გამქრალი ათიოდე გოიმის მონაწილეობით გადაღებული ვიდეორგოლი, რომელშიც გოიმები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დროულად დაკომპლექტებას ითხოვდნენ, რომ გაჩნდა ახალი - უკრაინელებო, თქვენს გვერდით ვართო. ეგენი ისევე არიან უკრაინელების გვერდით, როგორც გიგი უგულავა ლას-ვეგასში ნაგვის მანქანების გამოფენაზე. ხომ გახსოვთ - „კაგდა ჩელავეკ იდიოტ, ეტა ნადოლგა“ და ესეც ხომ ცხადია - როცა ადამიანი არის ასო (ანუ ენჯეო), ესეც სამუდამოა. არადა, ქართველი ასო-ების შემხედვარე, უკვე ბევრი ოცნებობს, რომ თვითონაც ასო იყოს, რამეთუ არის უსაქმური, მაგრამ ქვია საქმიანი, არ მუშაობს, მაგრამ ჭამს, ტუტუცია და ჭკუას გარიგებს... კასმანავტა ვიძიტ, აკადემიკა ვიძიტ, იშტოიანა ვიძიტ...

გასულ კვირაში კი ასო-ებმა თვით პრეზიდენტი იხილეს, უფრო სწორად, პრეზიდენტმა დაიბარა ასოები და ძალიან სასაცილო იყო კომენტარი, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა: „ასეთი შეხვედრები პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, არ დაკარგოს კავშირი საზოგადოებასთან, ხალხთან“. არ გაინტერესებთ, ვის გულისხმობდა მარგველაშვილი „ხალხში“ და „საზოგადოებაში“? - ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, კახა კოჟორიძეს, თამარ რუხაძეს, ელენე ხოშტარიას, თამარ გამისონიას, მანანა ქოჩლაძეს, ლევან ავალიშვილს და ვახუშტი მენაბდეს.

ეჰა, მეომარნო!!!

ეს ის შემთხვევაა, როდესაც უსაქმური კაცი მახათის ნაცვლად საქსოვ ჩხირებს იყრის, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ზოგიერთის თუ ზოგ-ზოგიერთის ქაჯობას საზღვარი არ გააჩნია, ამისი უამრავი ნივთმტკიცება არსებობს, მაგრამ ახლა ერთი ნიუს-მტკიცებით დავკმაყოფილდები - „სამი არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის ვერმიღების გამო, პროტესტს გამოთქვამს. მათ პრეზიდენტის სახელზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს“.

"არასამთავრობო ორგანიზაციები: "ახალგაზრდა ადვოკატები", "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" და "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ადასტურებს პატივისცემას იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართ, რომლებიც ზემოხსენებულ შეხვედრას ესწრებოდნენ და არ აყენებს ეჭვქვეშ მათი კვალიფიციურობის საკითხს, თუმცა, ამავდროულად...“ - იმ ნიუსის ეს ნაგლეჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას დაგინების ინსტიტუტი, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოახდენს ხოლმე. პატივისცემა და კვალიფიციურობა არა, კვერცხი. თუ გინდა, რომ ეგეთ შეხვედრებზე მიგიწვიონ, უნდა იყო უვიცი და თავხედი და აბა რომელი „ახალგაზრდა ადვოკატი“ და რომელი „ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტი“ შეედრება ზემოთ ჩამოთვლილ ასო-ებს უვიცობასა და თავხედობაში? "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე ელოდება, რომ იმ კანონპროექტებთან მიმართებაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს“ - ამაზე მეტი თავხედობა გაგიგიათ?

ანაც ეს: „ხუდონის გარეშე ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახავს, - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივაში აცხადებენ“.

ეს საკითხი - ხუდონი და ეკონომიკური პანაცეა - თავისთავად სპეციალისტების მსჯელობის საგანი უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამ მაინტერესებს: არსებობდა თუ არა ეს ასო - „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ მანამ, სანამ ხუდონის პრობლემა დადგებოდა და იარსებებს თუ არა მას შემდეგ, რაც ეს პრობლემა მოგვარდება?

ან კიდევ ეს: „პარტია "თავისუფალი საქართველო" მოქალაქეებისთვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინების დაკანონებას მოითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული პარტიიდან აცნობეს, "თავისუფალი საქართველოსა" და ბინათმოსარგებლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კანონში ცვლილებების შეტანის ინიცირებისათვის ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ“.

ხომ ცხადზე ცხადია, რომ მოხვდებიან თუ არა პარლამენტში (თუ მოხვდებიან), ბატონები კუკავა და შალამბერიძე ისევე დაივიწყებენ ამ ადამიანების პრობლემას, როგორც სკოლაში ნასწავლი ორუცნობიანი განტოლების ამოხსნა დაივიწყეს. შეგახსენებთ, რომ მოქმედი პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი ხმალამოღებული დარბოდა და ბრენდ-მაღაზიებზე ქართული წარწერების გაკეთებას მოითხოვდა, ახლა კი აღარ მოითხოვს, რადგან ალაზანი დიდია და ქართული წარწერები ახლა უკვე მაგრად კიდია.

ხოლო ლარს კიდია ხადური. „საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის დასტაბილურებას და გარკვეული მოცულობით გამყარებას პროგნოზირებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა ნოდარ ხადურმა უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა“ - წაიკითხა ლარმა ეს ნიუსი და იმდენი იცინა, იმდენი იცინა, რომ დაეცა, აგრძელებს სიცილს და, შესაბამისად, აგრძელებს დაცემასაც.

მე კი, ბევრი ვიცინე და ლამის დავეცი, როდესაც ეს სათაური წავიკითხე - „ეკა ბესელია დავით სარსანიაზე ზეწოლას უარყოფს“.

განა ეს არ არის სასაცილო? - "ჩმორებმა", სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბესელიას გაუპრავეს ყველაფერი. ბესელიას, რომელსაც აქვს ფეოდალური დამოკიდებულება და დღეიდან უკვე, ალბათ, უკვე დაიწყებს ქალაქის ღრღნას. ჩვენ ამ აბსურდში არ ვიღებდით მონაწილეობას",-აცხადებს, ფოთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დარეჯან ცხვიტარია“.

იქით ცხვიტარია, აქეთ ბესელია და სევდია და... ფიქრიაც, რომელსაც ატსტუპნიკების ნიშაში კუკავისტებმა შეასწრეს, მაგრამ იშუსტრა და გენდერული ნიშა დაიკავა. "საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას დანამატს 10%-ის ოდენობით იღებს, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20%-ით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ განსხვავებული სქესი 30%-ით არის წარმოდგენლი, ყოველ ათეულში - მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დაფინანსებაზე დანამატი უკვე 30% იქნება" - აცხადებს ფიქრია.

მთავარი ხომ დაფინანსებაა? 30% ქალი ნიშნავს დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება 2014 წლის 17 მაისს, 30% ტრანსსექსუალ დეპუტატობის კანდიდატზე იქნებ 130%-იანი ფინანსური დანამატიც გაიჩითოს?

"ვიცი, რომ ქართველები ამაყი ერია და ეს არის ერთ-ერთი რამ, რასაც ნამდვილად ვაფასებთ. თქვენ ბევრი პრობლემა გადაიტანეთ და არ უნდა დაგავიწყდეთ და არ უნდა დანებდეთ. სიამაყესთან არ არის დაკავშირებული, რომ მიიღოთ იმ ხალხის დახმარება, რომელთაც უყვარხართ... მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და გადაგიბიროთ სხვა გზაზე, გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ მოატყუებინოთ თავი, არ აცდუნებინოთ თავი თბილი სიტყვებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე, როგორც ოდესღაც წარსულში იყო. თუ გაუძელით ამ ცდუნებებს, დარწმუნებული ვარ, შედეგები კარგი იქნება. მაგრამ ვინაიდან ახლა არის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები, შევეცადოთ ეს პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ, რომ მეგობრები სწორედ ასე იქცევიან" - ეს სიტყვები ფილიპ დიმიტროვს ეკუთვნის.

ღოღეთში ჩავიდა, ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა. ამბობენ, ჭიკარტები იყოო. ღოღეთში წიკარტების პრობლემა მოხსნილია. შემდეგ ჩასვლაზე მარკერებს და საშლელებს ჩაიტანს, მეგობრები ხომ სწორედ ასე იქცევიან?

გაივლის დრო, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, კახა კოჟორიძე აუცილებლად გახდება ევროკავშირის წარმომადგენელი რომელიმე დაქცეულ, გაუბედურებულ ქვეყანაში, აუცილებლად ეწვევა იქაურ ღოღეთს, მაგრამ არაფერს ჩაუტანს, ჭიკარტებსაც კი.

ჩვენი ქაჯობა ხომ ყველაზე მაგარი ქაჯობაა მთელს მსოფლიოში!

კ.ბ. (კარგად-ბრძანდებოდეთ) „სალამ-გამარჯობა, ჰალე, დღეელი იოს დიი მარშალი“. „გამარჯობათ“. უმბერტო, ჯუჯა, საქმიანად იცვამდა, და დროდადრო სარკისკენ აპარებდა შეყვარებულ მზერას. „ნაშუადღევს გრანდჰალე პოლკოვნიკს მიღების საათები აქვს და თქვენც უნდა დაესწროთ, ჰალე“. „რა საჭირო ვარ...“. რა და, მითითებაა ასეთი, ცოტათი უნდა გაიქექოთ, ჰალე“. „რატომ?“ „როგორ თუ რატომ - გაქექილი რომ მივიღოთ თქვენგან, ჰალე“.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“