„ჟვანიას საქმეზე შვეიცარიაში ჩასული თბილისის პროკურორი და საქმის გამომძიებლები ჰაერში მოხსნეს“

„ჟვანიას საქმეზე შვეიცარიაში ჩასული თბილისის პროკურორი და საქმის გამომძიებლები ჰაერში მოხსნეს“

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაციის თარიღი გარკვეული არ არის. პროკურატურამ ყველა ადამიანი დაკითხა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნათელა მოდებაძე, რომლის განცხადებით, მან დაინახა, თუ როგორ შეიტანეს პრემიერ-მინისტრის ცხედარი იმ სახლში, სადაც 3 თებერვალს გაცხადებული ვერსიით, ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი გაზით გაიგუდნენ.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნათელა მოდებაძე 2005 წელს, საბურთალოს ქუჩის 53 ნომერში, იმ კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ჟვანიას და იუსუპოვის გვამები იპოვეს. პირველ სართულზე, ერთოთახიანი ბინა მოქალაქე ეკა კიკიანს ეკუთნის. ნათელა მოდებაძე ამტკიცებს, რომ საკუთარი აივნიდან დაინახა, რამდენიმე ადამიანმა როგორ შეიტანა კიკიანის ბინაში ორი გვამი. მოდებაძის მტკიცებით, ეს ადამიანები კორპუსთან შავი ფერის ჯიპებით მოვიდნენ.

როგორც ცნობილია, 2012 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო. პროკურატურა ამ დრომდე ამტკიცებს, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება. 2012 წლის 27 ნოემბერს გოგა ჟვანიამ საკუთარი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მის ხელთარსებული მასალები პროკურატურას გადასცა და ასევე გაეცნო პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

გარდაცვლილი პრემიერის ძმა, ჯერჯერობით, გამოძიების დეტალების გამხელისგან თავს იკავებს, რადგან, მისი მოსაზრებით, აღნიშნული საქმე დაკავშირებულია კონკრეტულ გვარებთან. მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ და ცდილობდნენ ამ საქმის მიჩქმალვას.

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ესგუმაციაში პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საუბარია ესგუმაციაზე, რათა არ გაჩნდეს რაიმე შეკითხვები. ცხედრის ესგუმაციასთან დაკავშირებით ასევე საუბარია ისრაელის ერთ-ერთ ლაბორატორიასთანაც.

„პროკურატურა გეგმავს, რომ მოხდეს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვა, ვაპირებთ შეიქმნას გარკვეული კომისია. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები თომას ჰამებრებრგთან, რათა ისიც ჩაერთოს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ამ საქმის ირგვლივ გამოიძება იქნას წარმართული და არც ერთი კითხვა აღარ დარჩეს“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

კონტროლისა და იუსტიციის სამინისტროში გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი მადონა ღიბრაძე „ფეისბუქის“ საშუალებით გამოეხმაურა.

„ფარცხალაძეს რომ აქებენ განსაკუთრებულად, რატომ იმას არ ამბობენ, მაია მწარიაშვილი ჰაერში რომ მოხსნეს, სწორედ შვეიცარიაში იყო ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებით მემორანდუმის გასაფორმებლად და ცნობისათვის, პროკურატურის წინა ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მოლაპარაკება ამ თემაზე და ეს ახალი დაგეგმილი არ არის. საუბარია ჟვანიას ესგუმაციაზე“, - წერს მადონა ღიბრაძე.

ამ ინფორმაციას პროკურატურის ყოფილი პრეს-სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე ადასტურებს.

„ნამდვილად ასე იყო. მაია მწარიაშვილი და ამ საქმის გამომძიებელი, შვეიცარიაში ჩასულები უკან დააბრუნეს“, - აცხადებს ხათუნა პაიჭაძე, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადება არ კეთდება.

ჩვენ დავუკავშირდით, ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს, მაია მწარიაშვილს, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.