ფარელ უილიამსის შესახებ ახალი ფილმის პრემიერა ლონდონის კინოფესტივალზე ცხოველთა უფლებების დამცველებმა ცოტა ხნით ჩაშალეს.
როდესაც მუსიკოსის ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, ფესტივალი მოულოდნელად შეჩერდა და ფილმის ჩვენება შეწყდა, რადგან აქტივისტებმა დარბაზში ბანერები ჩამოკიდეს, რასაც თან ერთოდა მათი შეძახილები: "შეაჩერე წამება, შეაჩერე ტკივილი".
აღსანიშნავია, რომ ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის კაცის სამოსის ხაზის კრეატიულ დირექტორად მუშაობს.
პროტესტის ფონზე მომღერალი და პროდიუსერი სცენაზე იმყოფებოდა, მან სიტყვით გამოსვლისას აქტივისტებს მიმართა და უთხრა: "ღმერთმა დაგლოცოთ".
მას შემდეგ, რაც აქტივისტები დარბაზიდან გაიყვანეს, ფარელ უილიამსმა აუდიტორიას მიმართა:
"ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ, ერთ ღამეში არ მიიღწევა, ამას სჭირდება ბევრი და კონკრეტული გეგმა და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. თუმცა, მათ სურთ, რომ უსმენდნენ, ამიტომ ჩვენ გვესმის მათი".
ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ (პეტამ) ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:
"ჩვენ მას მოვუწოდებთ, რომ Louis Vuitton-ის დიზაინში ცხოველების ტყავისა და ბეწვის გამოყენება შეწყვიტოს. შეწყვიტოს ამ სისასტიკის მხარდაჭერა"
ფილმის Piece by Piece რეჟისორი მორგან ნევილია, რომელმაც ლეგოს კუბიკები გამოიყენა, რათა უილიამსის ცხოვრების შესახებ მოეთხრო. ფილმმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.