ქართველი ამომრჩევლის ჩანაწერები (ნაწილი მეორე)

ქართველი ამომრჩევლის ჩანაწერები (ნაწილი მეორე)

[ზურაბ მარშანია]
2010 წლის 30 მაისს დამკვირვებლის სტატუსით საგულდაგულოდ შევისწავლე ხმის მიცემის პროცესი ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. ყურადღებით ვაკვირდებოდი, თუ როგორ აძლევდა ხმას შვიდასივე ამომრჩეველი. მოვიმარჯვე კალამი და ავღნუსხე ჩემი დაკვირვების შედეგები. არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა ჩემთვის იმის მიხვედრა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას, იმდენად დაუცველი იყო კონფიდენციალურობა. ძალიან ადვილად იშიფრებოდა ყველაფერი. პრაქტიკულად, ღია იყო ხმის მიცემის კაბინები. რაოდენ დიდი იყო ჩემი კოლეგების, არჩევნების პროცესზე სხვა დამკვირვებლების, გაკვირვება როდესაც ჩემ მიერ აღნუსხული კენჭისყრის სავარაუდო შედეგი 1-2%-ის ცდომილებით დაემთხვა საბოლოოს. ახლა გეკითხებით: მე თუ მოვახერხე ეს, მარტო–კაცმა, ნაციონალები და მათი აქტივისტები ამას ვერ მოახერხებდნენ?

ასე რომ, იმ ქართველმა ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას დაუჭირეს მხარი, საკმაოდ დიდი გაბედულება გამოიჩინეს. ბარაქალა მათ, მაგრამ ნუთუ საარჩევნო უბანზე ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის ატმოსფეროში ჩატარებული არჩევნები (რომ არაფერი ვთქვათ ნაციონალი ”ბე-ტე-ერი” ქალების საარჩევნო უბნის შორიახლოს სირბილზე, ”ჟივილ-ხივილზე”, მასობრივ შეკრებებზე სიებიდან ამომრჩეველთა ამოძახებითა და ხშირად მათზე პირდაპირი მუქარით) შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ ფარულ არჩევნებად? რა თქმა უნდა – არა!

გამოსავალი, ადრე იქნება ეს თუ – გვიან, დემოკრატიულ ფასეულობებზე აგებულ საარჩევნო სისტემის შემოღებაშია. ჭეშმარიტად ევროპულ, წარმომადგენლობით დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენებურ პლებისციტურ ცრუ-დემოკრატიას კი, რომელიც პლატონისა და არისტოტელეს თხზულებების თანახმად, ყოველთვის გადადის ტირანიაში, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს მომავალი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ უმოკლეს ვადაში უნდა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა არჩევნებთან დაკავშირებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების მიზნით. კერძოდ ისეთებზე როგორებიცაა:

1.ამომრჩევლების სერტიფიცირების მწყობრი სისტემის შექმნა თავისი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი კრიტერიუმებით. ბევრი პროფესიის წარმომადგენლებს საქართველოში (მაგალითად ექიმებს) სერტიფიცირებისა და სალიცენზიო გამოცდების ჩაბარების გარეშე ეკრძალებათ საქმიანობის დაწყება. ასეთივე მკაცრი კრიტერიუმებია დაწესებული მართვის მოწმობისა და იარაღის ტარების უფლების მიღებაზე. რა, არჩევნებზე ქვეყნის ბედ-იღბლის გადაწყვეტა ექიმობაზე, ავტომობილის მართვაზე და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ნაკლებად პასუხსაგები საქმიანობაა? ჩემი აზრით, სულაც არა!

ვეჭვობ, რომ საფუძვლიანი იყოს ამის საწინააღმდეგო ფსევდოდემოკრატიული და პოპულისტური არგუმენტები. შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს ირჩევდეს ინტელექტუალურად ქმედუუნარო (მნიშვნელობა არა აქვს ავადმყოფობით არის ეს გამოწვეული, ასაკით თუ სახელმწიფო ენის არცოდნით) პიროვნება. ასევე დაუშვებელია არჩევნებში სოციალურად ქმედუუნარო იმ კატეგორიის მოსახლეობის მონაწილეობა, რომლებიც სახელმწიფოს კმაყოფაზე იმყოფება (კომპაქტურად დასახლებული, იძულებით გადაადგილებული პირები; ის მოქალაქეები რომლებიც სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებებს იღებენ სახელმწიფოსაგან) და პირები, რომელთაც არა აქვთ მოხსნილი ნასამართლეობა ან გასამართლებული არიან ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციასთან დაკავშირებით.

დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც სამსახურეობრივი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ იქნებიან თავისუფალნი არჩევანში (პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურენი, სამინისტროების, უწყებებისა და გამგეობების შტატიანი თანამშრომლები). სხვათა შორის ეს ძალოვანი უწყებებისა და სახელმწიფო სამსახურის რეალურ დეპარტიზაცია-დეპოლიტიზაციასაც შეუწყობდა ხელს, რაც დემოკრატიული სახელმწიფო მშენებლობის პროცესისათვის საშური ამოცანაა.

2.არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულოობა, რაც ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ამომრჩევლის მიერ საკუთარი ნების გამოხატვაზე თავის არიდების შემთხვევაში (ისე, როგორც არის საბერძნეთში, ბელგიაში და სხვა სახელმწიფოებში). იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გაუქმებულია ჩაწერის სისტემა, არსებული რეგისტრაციის სისტემა კი აუარებელი საარჩევნო მაქინაციების ულევი წყაროა, საქართველოს მოქალაქეები ხმას უნდა აძლევდნენ დაბადების ადგილის მიხედვით, წინასწარ მათთვის განსაზღვრულ საარჩევნო უბნებზე. საზღვარგარეთ დაბადებული საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ ქ.თბილისის განსაზღვრულ საარჩევნო უბნებზე.

არჩევნების ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს ერთიდან სამ დღემდე (პარასკევი, შაბათი და კვირა). ვინაიდან საზღვარგარეთ ლეგალურად მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე რეალურად არ არის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, მისთვის არჩევნებში მონაწილეობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს (საქართველოს საელჩოში). საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად თუ არალეგალურად მყოფნი კი ვალდებული უნდა იყვნენ წინასწარ შეატყობინონ ოფიციალურად, შეკვეთილი წერილით (სადაც თანდართული იქნება მათი საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგალითად ორმხრივი ავიაბილეთის ქსეროასლი, იმ ქვეყნის ნოტარიუსის მიერ დადასტურებელი მოქალაქის არჩევნების დღეებში საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი და ა.შ.) საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს ან საელჩოებს (ან კიდევ პირადად გამოცხადნენ და დააფიქსირონ წერილობითი განცხადება საქართველოს საელჩოში) იმის შესახებ რომ არჩევნების დღეებში საზღვარგარეთ იმყოფებიან, რათა აიცილონ თავიდან პასუხისმგებლობა. ეს უკანასკნელი სხვათა შორის გაადვილებს უცხოეთში მყოფ ამომრჩეველთა საქართველოში არსებული საარჩევნო სიიდან ამოღების პროცესს.

3.საარჩევნო სიების შედგენა და ამომრჩეველთა სერტიფიცირება კონსტიტუციური კანონის ძალით უნდა დაევალოს ცენტრალურ საარჩევნო და საოლქო კომისიებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურად არაანგაჟირებულ, ავტორიტეტულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (პარიტეტულ საწყისებზე).

4.ყველა სერტიფიცირებულ ამომრჩეველზე სპეციალური პირადობის მოწმობის გაცემა ბიომეტრიული ფოტოსურათით.

5.რადიკალური ზომების მიღება სახელისუფლებო ფსიქოლოგიური ტერორის გამოსარიცხად. ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემის მიზნით ადამიანზე ზედაწოლა (პრობაცია-სასჯელაღსრულებით სისტემაში მყოფთა ნათესავებზე ზედაწოლა, პარტიული აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლებზე განხორციელებული მუქარა, მოსყიდვა ფულით, პროდუქტებით, სამსახურის შეპირებით და ა.შ.) და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების შორიახლო ხელისუფლების მხარდამჭერთა შეკრება-მობილიზება ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზედაწოლის მიზნით უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ხანგრძლივი პატიმრობით.

6.არჩევნების დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე წინასაარჩევნო აგიტაციის აკრძალვა. არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასევე უნდა აიკრძალოს ყვალანაირი წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვის ეკზიტ-პოლების ჩატარება-გამოქვეყნება.

7.კანდიდატების დარეგისტრირების პროცესის დასრულება არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე.

8.პრეზიდენტისათვის, პრემიერ-მინისტრისათვის, მინისტრებისათვის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელისუფლებო პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრებისათვის, სხვადასხვა რგოლის უკლებლივ ყველა საჯარო მოხელეთათვის პირდაპირ თუ ფარულად საარჩევნო კომპანიაში მონაწილეობის აკრძალვა (შვებულების პერიოდისა და სამუშაოდან თავისუფალი დროის ჩათვლით) და ამ წესის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეთა სისხლის სამართლის წესით ხანგრძლივი პატიმრობით დასჯა.

9.არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ფინანსური სოციალური და მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებაზე გამიზნული ყველა სახის სახელმწიფო პროექტების განხორციელების, სახელმწიფო ხაზინიდან დაფინანსებული საჯარო კონცერტების და ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო ფიარ–აქციების ორგანიზების აკრძალვა.ზემოაღნიშნულის კონტროლი კონსტიტუციური კანონის ძალით უნდა დაეკისროს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურად არაანგაჟირებულ, ავტორიტეტულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (პარიტეტულ საწყისებზე).

10. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი თანამდებობის პირიცაა, იგი უნდა გადადგეს ამ თანამდებობიდან კანდიდატად დარეგისტრირების დღიდან, ანუ არჩევნებამდე 6 თვით ადრე.

11.არჩევნებში მონაწილე უკლებლივ ყველა ძირითად (ანუ, კვალიფიცირებულ) სუბიექტისათვის (მმართველი პარტიის ჩათვლით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუსტად თანაბარი ოდენობის დაფინანსების გამოყოფა. უნდა აიკრძალოს და სისხლის სამართლის წესით მკაცრად ისჯებოდეს (ხანგრძლივი პატიმრობის სახით) დაფინანსება სპონსორების მეშვეობით, იქნება ეს სახელმწიფო ორგანიზაცია თუ კომერციული (დაისჯება სპონსორიცა და დონორიც).

მკაცრად უნდა გაკონტროლდეს საარჩევნო კომპანიის წარმოებაზე ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტისათვის დაწესებული ფულადი თანხების გამოყოფისა და მოძრაობის პროცესი. ზემოაღნიშნული საკონტროლო ფუნქცია კონსტიტუციური კანონის ძალით უნდა დაეკისროს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურად არაანგაჟირებულ, ავტორიტეტულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (პარიტეტულ საწყისებზე).

12.ყველა ტელეკომპანიას (საკუთრების ფორმის მუხედავად), პირველ რიგში კი მათ, რომლებიც ნაციონალური მასშტაბით ახორციელებენ თავიანთი გადაცემების ტრანსლაციას, კანონით უნდა დაევალოს წინასაარჩევნო კომპანიის პერიოდში (6 თვის განმავლობაში) ყველა კვალიფიცირებულ საარჩევნო სუბიექტს დაუთმოს ზუსტად თანაბარი დრო საკუთარი პროგრამების წარმოდგენისათვის. კანონითვე უნდა იყოს დარეგულირებული არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემების დაბალანსებულობის კონტროლის უზრუნველყოფის საკითხი, მკაცრი სანქციების გათვალისწინებით დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული კონტროლი ასევე უნდა განხორციელდეს კონსტიტუციური კანონის მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებისა და პოლიტიკურად არაანგაჟირებულ, ავტორიტეტული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ(პარიტეტულ საწყისებზე).

13.ხმის მიცემის პროცესის დროს რეალური კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. ამისათვის ყველაზე ეფექტურად ერთი გზა მესახება – ვინაიდან პრაქტიკულად ყველა არჩევნებს საქართველოში ესწრება საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი წარმომადგენელი, უპრიანი იქნებოდა თითოეულის გაპიროვნება თითო საარჩევნო ყუთის დამკვირვებლად, რაც კონფიდენციალურობასთან ერთად ხმის მიცემის სივრცის საარჩევნო კომისიისაგან სრული იზოლაციის საშუალებასაც იძლევა (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უცხოელი დამკვირვებელს, არჩევნებში მონაწილე ყველა მხარის აზრით, გაცილებით მეტი ნდობის კრედიტი აქვს, ვიდრე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს). ყველაფერთან ერთად ამით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ხელისუფლების მსტოვრების მიერ მათთვის არასასურველი ამომრჩევლის ამოცნობისა და შემდგომ მასზე და მის ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზედაწოლის შესაძლებლობა. ასევე უნდა აიკრძალოს (მეტალოდეტექტორების დაყენების გზით) ამომრჩევლის მიერ მობილური ტელეფონისა და ფოტოაპარატის საარჩევნო უბანში შეტანა. ამასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს დრო ამომრჩევლის უბანზე შემოსვლასა და ბიულეტენის ხელზე მიღებას შორის და არ უნდა შეიზღუდოს ამომრჩევლის ყოფნის დრო ხმის მიცემის ანუ იზოლირებულ ზონაში, სადაც იქნება გამოფენილი წასაკითხად განკუთვნილი სხვადასხვა საინფორმაციო მასალა (ხმის მიცემის წესი, ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების შესახებ და ა.შ.)

14.საპრეზიდენტო არჩევნების (თუ კონსტიტუციურად დაწესებულია სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევნები) პირველი ტურისათვის საარჩევნო ბარიერის 50% + 1 ამომრჩეველის დაწესება (არა არჩევნებზე გამოცხადებული, არამედ ამომრჩეველთა მთელ სიით შემადგენლობიდან). საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ყველა ამომრჩევლების უმრავლესობამ უნდა აირჩიოს და არა უმცირესობამ.

15.საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური სუბიექტებისათვის 5,5%-იანი გამსვლელი ბარიერის დაწესება.

16.საპარლამენტო არჩევნებში ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ (როგორც პროპორციული ისე მაჟორიტარული წესით კენჭისყრის შედეგად) საპარლამენტო მანდატების 50%-ზე მეტის მოპოვების შემთხვევაში, გამარჯვებულს უნდა დარჩეს მანდატების მხოლოდ 50%+1 მანდატი. დანარჩენი მანდატები გადანაწილდება დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებზე თანაბრად.

ალბათ ბევრი დამეთანხმებოდა, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული და შესაძლოა კიდევ სხვა ცვლილებების გატარების შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი საქართველოში მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნა.

ნებისმიერი კომპრომისი ხელისუფლებასთან, რომელიმე ზემოაღნიშნული პუნქტის გარშემო, ნულამდე დაიყვანს საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის ალბათობას საქართველოში. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებმა ეს ნათლად დაადასტურა და თუ ვინმე ამ საკითხში კვლავ უპრინციპო კომპრომისების გზას დაადგება, აშკარა გახდება, რომ მას ქვეყნის ბედი კი არა ხელისუფლებისაგან ამა თუ იმ სახის დივიდენდების მიღების სურვილი ამოძრავებს.

ლოგიკური იქნებოდა ერთი კითხვის დასმაც: რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კვლავ არ წამოვა რეალურ დათმობებზე ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით? ასეთ შემთხვევაში აზრს კარგავს ყველანაირი პოლიტიკური ბრძოლის წარმოება კანონიერი მეთოდებით. საქართველოს თითოეული მოქალაქე კი დადგება დილემის წინაშე – საბოლოოდ შეეგუოს დიქტატურას (ისეთი სავალალო, მაგრამ გარდაუვალი შედეგის ჩათვლით როგორიცაა მასობრივი რეპრესიები) ან იბრძოლოს თავისუფლებისათვის სხვა მშვიდობიანი, მაგრამ არაპოლიტიკური ფორმებით.

მშვიდობიანი ბრძოლის არაპოლიტიკურ ფორმებში ისეთ ალტერნატივას ვგულისხმობ, როგორიცაა ემიგრაცია ან დიქტატურასთან პიროვნული შეურიგებლობა, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება დასრულდეს რეპრესიებით რეჟიმის მხრიდან. ნამდვილად არ არის სახარბიელო ზემოაღნიშნული ალტერნატივა, მაგრამ დიქტატურასთან შეგუებისაგან განსხვავებით მხოლოდ სწორედ ამ ”ეკლიან” გზას მივყავართ ”ტაძრამდე”.