შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი (ვიდეო)

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი (ვიდეო)

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სწავლება NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) 18 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ზამთრის კურსი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 7 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ესტონეთის, სომხეთისა და იორდანიის, ასევე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 5 მომავალი ინსტრუქტორი გადის.

წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა და თავდაპირველად კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აბულის სამთო პოლიგონზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება ჩაუტარდათ. კურსის მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს, საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სროლები ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სხვადასხვა მანძილზე და სხვადასხვა პოზიციიდან წარმოებდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობდნენ. საკვალიფიკაციო სროლების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შეფასდა და მათ შესაბამისი ქულებიც მიენიჭათ.

სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან და სპეციალურ მომზადებას გააგრძელებენ. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსზე მივლინებულ მსმენელებს უკვე გავლილი აქვთ სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი. წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომ კურსებს გაივლიან.