სკანდალური ფაქტები ძმები ახალაიების მონაწილეობით

სკანდალური ფაქტები ძმები ახალაიების მონაწილეობით

ძმები ახალაიების „საგმირო საქმეებზე“ მთავარ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. For.ge-ს ინფორმაციით მთავარი პროკურატურა 12 უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებს გამოძიებას, რომელშიც უშუალოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია მონაწილეობდა.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ბრალი დაუმძიმდათ კუდ-ის ყოფილ უფროსს, დავით ახალაიას და კუდ-ის პირველი სამმართველოს ყოფილ უფროსს გერონტი ალანიას. საქმე ეხება აბულაშვილისა და დაბრუნდაშვილის წამების ფაქტს.

დანაშაულის ადგილი იდენტურია, ორივე შემთხვევა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში მოხდა. ეტყობა, დათა ახალიასთვის ოქროყანის სასაფლაოს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა, როგორც წესი, მას მსხვერპლი იქ აჰყავდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. სწორედ ოქროყანის ტყეში აწამა დათა ახალაიამ 2005 წლის 5 ოქტომებერს ვამეხ აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი.

ამავე საქმეზე უკვე დაკავბეულია კუდ-ის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი, რომელიც ამ დრომდე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 333-ე, 143-ე, 144 პრიმა 1 და პრიმა 3 მუხლებით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის სექტემბერში, ვინმე დათო, გაცნობისა და ურთიერთობის მიზნით მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვამეხ აბულაშვილის მეგობარ გოგოს, რაც აბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი გახდა. ხსენებული დათო შემდგომში კუდ-ის უფროსი დავით ახალაია აღმოჩნდა.

ამ საუბრიდან მალევე, 5 ოქტომბერს, აბულაშვილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა კუდ-ის თანამშრომელი ვალერიან მეტრეველი და წინასწარ შეთხზული მიზეზით იმავე დღეს შეხვდა ვამეხ აბულაშვილს, რომელსაც თან ახლდა მეგობარი კახაბერ დაბრუნდაშვილი.

შეხვედრისას ვალერიან მეტრეველმა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდნენ: დათა ახალაია, გერონტი ალანია, ოლეგ მელნიკოვი და მათთან ერთად მყოფი ათამდე შეიარაღებული პირი.

„დათა ახალაიამ შურისძიების მოტივით, მის წინაშე იძულებით მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ ვამეხ აბულაშვილს, სახის არეში ფეხი დაარტყა, რის შემდგომაც ახალაიამ მის თანმხლებ პირებთან ერთად მათი უმოწყალოდ ცემა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც მათ გული იჯერეს აბულაშვილის ცემით და დამცირებით, ახალაიამ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, მიმართა დაჩოქილი აბულაშვილის და მისი მეგობრის დაბრუნდაშვილის მიმართულებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კითხა თუ რომელი მოეკლა პირველი, რის შემდეგაც მათ მიმართულებით მოახდინა გასროლა ჰაერში“, - აცხადებს საქმის პროკურორი კონსტანტინე კაციტაძე.

ამასთან, ახალაიამ კატეგორიულად გააფრთხილა ნაცემი ახალგაზრდები, რომ მომხდარი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება.

წამების დეტალებს იხსნებენ დაზარალებულები:

„მეგობრის სახლში ვიყავი, დამიკავშირდა ვიღაცა უცნობი პიროვნება და მთხოვა შეხვედრა. ამ შეხვედრის დროს სპეცოპერაციის მსგავი რამ ჩაატარეს, ძალის გამოყენებით ჩაგვტენეს მანქანაში და აგვიყავნეს ოქროყანის ტყეში. მანქანიდან რომ გადმოგვიყვანეს ადგილზე დაგვხვდა დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, გია ალანია და დააახლოებით კიდევ თხუთმეტი ადამიანი. ახალაიას მითითებით დაიწყო ჩვენი წამება. დაჩოქილებს გვირტყამდნენ. რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, შეურაცყოფა მოგვაყენეს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად“, - აცხადებს ვამეხ აბულაშვილი.

„ახალაიამ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა იარაღი და მომართა ჩვენს მიმართულებით. ჩვენ უკვე ნაცემები ვიყავით, მაგრამ ისევ დაჩოქილ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ახალაიამ გვითხრა, აბა ამოირჩიეთ, რომელს გინდათ პირველი სიკვდილიო. ამის შემდეგ მოახდინა გასროლა ჩვენი მიმართულებით, დაგვემუქრა ოჯახის წევრების განადგურებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა“.

აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი გამოვლენილი იქნა სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ როგორც სანდრო გირგვლიანის ისე ვამეხ აბულაშვილის შემთხვევაში დანაშაულის ადგილი იდენტურია, კერძოდ, ორივე შემთხვევა მოხდა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბრალდებულ ახალაიას ადვოკატის განმარტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეში მთავარი პროკურატურის მარცხით გამოწვეულია ის, რომ ცრუ მოწმეების ხარჯზე ბრალდების მხარე ახალი ბრალის „შეთხზვას“ ცდილობს. ირაკლი ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ საზოგადოებას წინ ელის შოკისმომგვრელი ფაქტები.

„გირგვლიანის საქმის გამოძიება მთლიანად ჩაფლავდა. დავით ახალაიას მიმართ არცერთი ბრალდება არ დადასტურდა და ვერც დადასტურდებოდა, იმის გამო, რომ ამ საქმეს ვერ უხერხებენ ვერაფერს. პროკურატურა ცდილობს დანაშაულებრივად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზეწოლის საფუძველზე და ცრუ მოწმეების ჩვენებათა საფუძველზე დავით ახალაიას წაუყენოს ახალი ბრალდება“, -აცხადებს ზაქარეიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გაფრთხილებულია არ გაამჟღავნოს გამოძიების დეტალები, ადვოკატი ამბობს, რომ ის მზადაა საზოგადოებას გააცნოს გამოძიების დაფარული დეტალები.
„პროკურატურას მივმართავ, კარგად გაარკვიონ გირგვლიანის მეგობრის ლევან ბუხაიძისა და ქალაქის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი გირგვლიანის გარდაცვალების საქმეში. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, საზოგადოებას წინ ელის შოკისმომგვრელი ფაქტები და მიუხედვად იმისა, რომ დაცვის მხარე გაფრთხილებულია - არ გაამჟღავნოს გამოძიების მონაცემები, მე ავიღებ ამას ჩემს თავზე და ვამცნობ საზოგადოებას, თუ რა სიყალბეებია გირგვლიანის საქმეში და როგორ არის ეს საქმე შესული ჩიხში“, - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

როგორც ცნობილია, დათა ახალა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. მას ბრალი წარდგენილი აქვს სანგრო გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. კერძოდ, დათა ახალაიას დავალებით მოხდა იმ კომპიუტერული ვირუსული პროგრამის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდებოდა სხვადასხვა ინტერნეტმომხმარებლის კომპუტერში შეღწევა და მოსმენა.

ამ მიზნით ადამიანთა ჯგუფი მუშაობდა არასანქცირებულად, ასეთ ჩანაწერებს აგროვებდნენ და შემდეგ მას დათა ახალაიას წარუდგენდნენ. ეს არის ერთ-ერთ დანაშაული, რომელიც მის მიერ იქნა ჩადენილი. ასევე მისი კავშირი სხვა ეპიზოდებთანაც იკვეთება. კერძოდ, სურმავას გადმობირებასა და მისთვის თავისუფლების აღკვეთასთან.