ჰორორის მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს — სტივენ კინგის კერის მიხედვით სერიალს იღებენ!
საშინელებათა ჟანრის მეფედ წოდებული კინგის პოპულარული რომანის მორიგ ეკრანიზაციას ამავე ჟანრის გამორჩეული რეჟისორი, მაიკ ფლენეგანი, გადაიღებს. პროექტი Amazon MGM Studios-ს ეკუთვნის (ყოფილ Amazon Studios-ს). როგორც ცნობილია, მაიკ ფლენეგანი ასევე შეითავსებს სერიალის სცენარისტისა და აღმასრულებელი პროდიუსერის როლებს.
აღსანიშნავია, რომ ფლენეგანს ჰორორის მაყურებელი უკვე კარგად იცნობს და მისი შემოქმედებაც ჟანრის გულშემატკივრებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. ბოლო წლებში რეჟისორმა არაერთი გახმაურებული საშინელებათა ჟანრის სერიალი გადაიღო, მათ შორის, შირლი ჯექსონის კლასიკად ქცეული ჰილჰაუსის მოჩვენების ეკრანიზაცია და აშერთა სახლის დაქცევა, ედგარ პოს ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ფლენეგანს ასევე უმუშავია სტივენ კინგის სხვა ნაწარმოებების ეკრანიზაციებზეც: მისი გადაღებულია ფილმები ექიმი ძილი, ჯერალდის თამაში და ჩაკის ცხოვრება.
კერი, რომელიც სტივენ კინგის პირველი რომანი გახლდათ, ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1974 წელს გამოიცა. ნაწარმოების მთავარი გმირი თანატოლებისგან და ფანატიკოსი დედისგან ჩაგრული სკოლის მოსწავლე კერი უაითია, რომელიც ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ ტელეკინეზის უნარს ფლობს და მისი საშუალებით შურისძიება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ კერის წერის პროცესში კინგი დანებებასაც აპირებდა და რომ არა მისი ცოლი, ასევე ცნობილი მწერალი ტაბითა კინგი, რომელმაც ნაწარმოების პირველი გვერდები ნაგვის ურნიდან ამოიღო, რომანი ალბათ ვერც ვერასდროს იხილავდა დღის სინათლეს. აი, გამოცემის შემდეგ კი კერი პირდაპირ ბესტსელერად იქცა. რომანის გაყიდვები კიდევ უფრო გაზარდა 1976 წელს გამოსულმა, დღეს უკვე ჟანრის კლასიკად ქცეულმა ეკრანიზაციამ, სისი სპეისეკით მთავარ როლში. ამ კინოადაპტაციას გაგრძელებაც მოჰყვა, კერი კი კიდევ ორ ფილმს დაედო საფუძვლად 2002 და 2013 წლებში.