„ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ტოლფასია. ყველანაირი რესურსი გააჩნია საქართველოს ამისთვის და მაქსიმალურად შევეცდებით ეს ყველაფერი რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ - ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით“, - განაცხადა კახა კალაძემ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე. ენერგეტიკულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, ენერგეტიკის სამინისტრომ მეცნიერებათა აკადემიასთან მემორანდუმი გააფორმა.
კალაძემ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების კუთხით, ხუდონჰესის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკება უნდა შედგეს.
„მაქსიმალურად ავუხსნით ჩვენს ძმებს, სვანებს ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობას, თუ რამხელა სარგებელი მოაქვს გინდ ეკონომიკურად, გინდ, ენერგეტიკულად ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ხუდონჰესის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს პროექტი სვანეთის ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
„სვანეთს ადგილობრივ ბიუჯეტში, ყოველწლიურად, 12 მილიონი ლარის შემოსავალი ექნება, რაც ძალიან დიდი თანხაა და, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ აყვავდება ამ თანხით რეგიონი. ვფიქრობ და ყველა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი მიიჩნევს, რომ ხუდონი არის სვანეთის გადარჩენის საშუალება. ამიტომ, ყველა დაინტერესებულ ადამიანს გავესაუბრებით და გადაწყვეტილებას მათი აზრის გათვალისწინებით მივიღებთ“, - განმარტავს კახა კალაძე.
იგი ახლო მომავალში ხაიშში ჩასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრასაც გეგმავს. თუმცა, ჯერ უცნობია, როდის ჩავა ენერგეტიკის მინისტრი სვანეთში. როგორც თავად ამბობს, შეხვედრა სათანადოდ უნდა მომზადდეს და ზუსტად უნდა იყოს ცნობილი, თუ რა თანხას მიიღებს კომპენსაციის სახით იქ მცხოვრები თითოეული ოჯახი.
„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ადგილობრივებს უნდა დაურეგისტრირდეს მიწები, რომლებიც ჩამორთმეული ჰქონდათ, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საკუთრებაში არ ჰქონდათ ეს მიწები. ჩვენ მოვთხოვეთ კომპანიას, მიწები დაურეგისტრირონ მოსახლეობას და ამის მერე დაიწყოს ათვლა და აზომვა, გამოითვალოს თანხა, რამდენი უნდა იყოს ანაზღაურება. დაახლოებითი რიცხვები ვიცი, დიდ თანხებზეა საუბარი. უბრალოდ, არ მაქვს უფლება, გავახმაურო. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობაც გაგებით მოეკიდება ამ ყველაფერს, რადგან ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - განმარტავს კახა კალაძე.
ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზე სვანეთში პროტესტი კვლავ არ ცხრება. ადგილობრივები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო გასახლებას, წინაპართა საფლავებისა და ეკლესიის გადატანას ეწინააღმდეგებიან. ხაიშელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაიფიცა, რომ ხუდონჰესის მშენებლობას არ დაუშვებს.
ხუდონჰესის პროექტზე მომუშავე კომპანიის „ტრანსელექტრიკა საქართველოს“ ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა არ გამორიცხავას, რომ სვანების ნაწილის პროტესტი და რადიკალური ქმედებები ინსპირირებული იყოს. მისი თქმით, კომპანიას ადგილობრივებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს.
„გუშინწინ წყევლაც ყოფილა, წყევლა წარმართულია და, მითუმეტეს, ეკლესიის ტერიტორიაზე არავინ უნდა დაწყევლონ. ვინც ეს გააკეთა, შეცდომაშია შეყვანილი. ქვეყნის სიყვარულში ნურავინ ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს. მგონია, რაღაც ინსპირირებები არის. მე ვფიქრობ, ყველაფერი ხაიშის მოსახლეობის სასიკეთოდ, მათი პერსპექტივის, მათი მომავალი ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“, - აცხადებს დავით მირცხულავა.
„ტრანსელექტრიკა საქართველოს“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ კომპანია ამ ეტაპზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ვარიანტს ამზადებს და დოკუმენტი რამდენიმე კვირაში მზად იქნება.
გარემოზე ზემოქმედების კუთხით ხუდონჰესის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტრომ 111 შენიშვნა გამოავლინა. „ტრანსელექტრიკა საქართველო“, სწორედ, ამ შენიშვნების პასუხს ამზადებს.
„111 შენიშვნა არ არის ბევრი, მაგალითად „ყაზბეგი ჰესზე“ 60-მდე შენიშვნა იყო. მიგვაჩნია, რომ გარკვეული რაოდენობის კითხვები მართებული და ობიექტურია, მაგრამ იყო შენიშვნები, რომლებზეც ჩვენ სხვა აზრი გაგვაჩნია და პასუხებიც გვაქვს. მაგალითად - სეისმოლოგიაზე. ეს შენიშვნა მიღებულია, გათვალისწინებულია. ისეთი კვლევებია ამ ობიექტზე სეისმოლოგიური კუთხით, რომ, მერწმუნეთ, არცერთ სხვა ობიექტზე მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა“, - აცხადებს დავით მირცხულავა.
***
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარის – ენგურის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა ჯერ კიდევ 1912 წელს დაიწყო, როდესაც სოფელ ჯვართან, ხუდონის კაშხლის ქვემოთ დამონტაჟდა მდინარის წყლის დონისა და ჩამონადენის საზომი მოწყობილობა.
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ითვალისწინებდა ენგურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის გენერალური გეგმის განხორციელების ერთ-ერთ ეტაპს. ჰესის საპროექტო წინადადება დამტკიცდა 1978 წლის 31 აგვისტოს სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს №110 დადგენილებით, თუმცა მშენებლობა 1988 წელს შეჩერდა.
1992 წლიდან პროექტზე მუშაობა პერმანენტულად განახლებოდა ხოლმე.
2005 წელს მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა ტექნიკური დახმარების გრანტი 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ითვალისწინებდა სამი პარალელური კვლევის ჩატარებას.
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არსებული ადგილმდებარეობით საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს.
2009 წლის ივნისშიჩატარებული კვლევების შედეგების შესაბამისად, ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის სიაში იქნა შეტანილი და ერთ-ერთი იყო მსოფლიო 100 უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორის.
ინვესტორმა კომპანიამ განხორციელა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები და 2010 წლის დეკემბერში წარუდგინა საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც 2011 წლის 28 აპრილს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Trans Electrica“-ს შორის პროექტის განხორციელების შესახებ. მას შემდეგ კომპანია კონკრეტული სამუშაოებს აწარმოებს, რომელთა შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასება და განსახლების გეგმაცაა.
კომპანია Trans Electrica Ltd-ს მიერ შემოთავაზებული პროექტი გულისხმობს კავკასიონის მთვარი ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარე ენგურის ვიწრო ხეობაში, 702 მგვტ-იანი ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის მშენებლობას. ხუდონჰესის კაშხლისათვის შერჩეული უბანი მდინარე ენგურის სათავიდან 113.7 კმ-ის მანძილზე მდებარეობს - ენგურჰესის არსებული თაღოვანი კაშხლის უბნიდან მდინარე ენგურის ზედა წელში, კაშხლიდან 32 კმ-ის დაშორებით და 4 კმ სამხრეთით სოფელ ხაიშიდან. ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ხაისში მცხოვრებ 180-მდე ოჯახს მოუწევს.
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობის აქტიურ ფაზაში პროექტზე 4000 ადამიანის დასაქმება იგეგმება.