მთავრობა გმო პროდუქტების მარკირებას ეწინააღმდეგება?!

მთავრობა გმო პროდუქტების მარკირებას ეწინააღმდეგება?!

წესით და რიგით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა 2014 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს, მაგრამ მოულოდნელად პარლამეტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებამ იჩინა თავი. ეკონომიკის სამინისტრო მარკირების იდეას არ იწონებს, ხოლო საკონანმდებლო ორგანოში მთავრობის არგუმენტები უსუსურად მიაჩნიათ.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, მთავრობამ გენმოდიფიცირებული თესლის დათესვის აკრძალვის საკითხი მოიწონა, რაც შეეხება გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირებას, ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის ადმინისტრირების საკითხთან დაკავშირებით დიალოგი მიმდინარეობს. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მარკირება მხოლოდ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს შეეხება და არა გადამუშავებულს.

თუმცა ის, რაც პარლამენტსა და მთავრობას შორის გმო პროდუქტებითან დაკავშირებით ხდება, დიალოგი აღარ ჰქვია. ეს უკვე დაპირისპირების საკითხია. მაგალითად, გენმოდიფიცირებული ნაწარმის სავალდებულო მარკირების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროს არგუმენტის გათვალისწინებას არ აპირებს.

კანონპროექტი, ჯერჯერობით, პარლამენტში არ შესულა. როგორც გარემოს დაცვის საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, ეკონომიკის სამინისტრო საკითხს აჭიანურებს და საწინააღმდეგო არგუმენტად იმპორტისათვის პრობლემების შექმნასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებთან შეუსაბამობას ასახელებს.

გია გაჩეჩილაძეს ასეთი დამოკიდებულება სულაც არ მოსწონს და კვირიკაშვილის უწყების წამოყენებულ მოსაზრებას არ იზიარებს. მისი თქმით, ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება მაინც აიკრძალება, ხოლო იმპორტირებულ პროდუქციას კი სავალდებულო მარკირების პროცედურების გავლა მოუწევს, რაც 2009 წელს გამოცემული ბრძანებულების მიუხედავად არ სრულდებოდა.

გაჩეჩილაძის თქმითვე, ეკონომიკის სამინისტროს არგუმენტები სუსტია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტზეა დამოკიდებული. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა, შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე მოხდეს.

დაპირისპირების გაჩენა ცოტა არ იყოს მოულოდნელია, რადგან საქართველოს მთავრობამ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა. კანონპროექტის მოქმედების სფერო მხოლოდ გენმოდიფირებულ სათესლე მასალასა და ნერგებზე ვრცელდება. თითქოს, თანხვედრი პოზიცია უნდა ყოფილიყო პროდუქციის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებითაც.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე და სანერგე მასალის ბრუნვა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა დღემდე არ არსებობს.

„კანონპროექტის მიხედვით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას სჭირდება საქმიანობის ლიცენზია, ხოლო გარემოში ინტროდუქცია (ეკოსისტემაში განსხვავებული სახეობის შეტანა) იკრძალება“, - აღნიშნავენ უწყებაში.

როგორც ცნობილია, 2008 წელს საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმს“, რის შედეგადაც აიღო გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სათანადო მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნის ვალდებულება.