2006 წლის 31 მარტს FBI-დან მოსული დნმ-ის ანალიზის შედეგებით დასტურდება, რომ არცერთი დაკავებულის დნმ მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებს არ ემთხვევა. ამ ექსპერტიზის პასუხი ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა. შესაბამისად, დაცვის მხარე ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას განთავისუფლებას ითხოვს.
2002 წელს მოკლული „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ნიმუშების ექსპერტიზის პასუხები გაასაჯაროვა, რომლის შედეგად ირკვევა, რომ გამორიცხულია, მკვლელობაში ეჭვმიტანილები ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი ჩემია მკვლელობის ადგილზე ყოფილიყვნენ.
ნიკა ლომინაძე მშობლების სახლში, დილის რვის ნახევრიდან ცხრა საათამდეა მოკლული. იმ დროს, როცა იგი სამსახურში უნდა წასულიყო. სამართალდამცველებმა იგი „სკოტჩით“ ხელფეხშეკრული ნახეს, თავზე პირსახოცი ჰქონდა გადაფარებული და შუბლში მიბჯენით ნასროლი ერთი ტყვიით იყო მოკლული.
მკვლელობასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს, ე.წ. ქილერი ნიკა ჩემია, რომელსაც სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ჩემია ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც საქმე ცრუ ჩვენებაზე ააგო და აშშ-ის FBI-დან მოსული დნმ-ის პასუხები მიზანმიმართულად დამალა.
For.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სამუდამო მისჯილ პატიმართან, ნიკა ჩემიასთან.
ნოდარ გვიჩიანის ჩვენების საფუძველზე მოხდა თქვენი დაკავება და გასამართლება. რატომ ჩათვალა გამოძიებამ და მოსამართლემ, მისი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად?
ნიკა ჩემია: ნოდარ გვიჩიანის და შემდეგ, უკვე, გია პაპაჩაშვილის ჩვენებით დაიწყო გამოძიება. ისეთი სანდო მოწმეები აღმოჩნდნენ გამოძიებისთვის, რომ წინსაწრ პატიმრობაში ყოფნის დროს ნახევარ მილიონიანი გირაო გაუფრომეს. ციხიდან ისე გაანათავისუფლეს, რომ მათი ჩვენების სისწორე არც კი ყოფილა შემოწმებული. გამოძიებისთვის წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ამ რაოდენობის გირაოს ისინი ვერ გადაიხდიდნენ. ეს იყო სამართავი იარაღი ამ ე.წ. მოწმედ ქცეული ბრალდებულების.
როდესაც საუბრობენ ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში რაღაცა შეხვედრებზე, ამ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი, გერმანიაში ვიყავი. ეს დასტურდება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ცნობით. ბრალი რითაც პროკურატურა სასამართლოში შევიდა, იყო ყალბი. სასამართლოზე ადვოკატმა ალადაშვილმა თქვა, რომ ორივე მოწმე იტყუება, ჩემია საქართველოში არ იმყოფებოდაო. ადგნენ და იქვე, სასამართლოზე საპროცესოთი მოისყიდეს ხერკელაძე.
მთელი დრო არის ფიქსირებული, ნოდარ გვიჩიანის ციხიდან გამოსვლიდან ნიკა ლომინაძის მკვლელობამდე. ამ პერიოდში არც ერთი ზარი ჩემსა და ნოდარ გვიჩიანს შორის არ ყოფილა. ამის მერე ადგნენ და დრო უკან გადმოწიეს, მაგრამ მაინც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იმ პერიოდში თვითონ ნიკა ლომინაძე არ იყო საქართველოში. 27 ივნისს ის მიდის ვენესულაში, ნოდარ გვიჩიანი ციხიდან გამოდის 3 ივლისს. ლომინაძე თბილისში ჩამოდის 22 ივლისს. მე 23 ივლისს მივდივარ გერმანიაში, 9 აგვისტოს ჩამოვდივარ ბათუმში და 10-ში უკვე, ვარ თბილიში. 9 აგვიტოს ლომინაძე მიდის გურიაში და თბილისში ჩამოდის 11 აგვისტოს ღამის 10 საათზე.
თეორიულად, რომ ვივარაუდოთ და ეს შეკვეთა რომც ყოფილიყო, ერთადერთი დღე გამოდის რეალურად, როდესაც შეიძლებოდა მე ნიკა ლომინაძის კვალს დავდგომოდი, ეს იყო 12 აგვისტოს დილა, როდესაც ის მიდის „თელასში“. ამ დროს მთელი დღე ვარ წყნეთში ჩემს ოჯახთან ერთად. ორი საათი ვიმყოფებოდი თბილისში და არც ერთი კვეთა, მათ შორის არც სატელეფონო, ჩვენს შორის არაა.
გამოძიება ამბობდა, რომ მკვლელობამდე 3 დღით ადრე ჩამოდის ჩემია საქართველოში და მკვლელობის დილას ის ბრუნდება გერმანიაში. როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ მკვლელობის დღეს თქვენც და ლომინიაძეც თბილისში ხართ?
- პროკურორი ანზორ ხვადაგიანი და პროკურორი ირაკლი შოთაძე უსირცხვილოდ ცრუობენ. საბრალდებო დასკვანში წერია, რომ 10 აგვისტოს მე, ნიკა ლომინაძე, ნოდარ გვიჩიანი, ხერკელაძე და პაპაჩაშვილი თბილისში ვართ და სამი დღე სრულიად საკმარისი იყო ნიკა ლომინაძის ადგილმდებარეობის დასადგენად, ამას ამბობს ბრალდება. 10 აგვისტოს ნიკა ლომინაძე თბილისში არაა, გურიაშია. ჩამოდის 11-ში ღამე. ბრალდება აწყობილია ურცხვ ტყუილებზე.
პროკურორმა როდესაც მთელი ბრალდება ორ მოწმეზე, ნოდარ გვიჩიანზე და გია პაპაჩაშვილზე ააწყო, გაუფორმა გირაო და ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან გაანთავისუფლა. როცა გაიგო, რომ საქართველოში არ ვიყავი, უკვე ხერკელაძეს ათქმევინა, რომ მკვლელობის შეკვეთა ორი თვით ადრე მოხდაო. ესეც რომ ტყუილია ფაქტიური გარემოებებით მტკიცდება. ამ ორ მოწმეზე პროკურორმა თქვა, რომ კეთილსინდისიერად ცდებიანო, ჩვენ წინსაწარ გამოძიებაში ვიცოდით, რომ ცდებოდნენ, მაგრამ შეგნებულად არ დავუსვით შეკითხვა და ეს პეროროგატივა დაცვის მხარეს დავუტოვეთო. მეტი ცინიზმი, ადამიანის დაცინვა რა შეიძლება იყოს?! პროკურორი ხვადაგიანი თვითონ აღიარებს, რომ სასამართლოზე არასრულფასოვანი და ყალბი ჩვენებით წარსდგა.
საქმის ერთ-ერთი პროკურორი ანზორ ხვადაგიანი ამბობს, რომ ადვოკატები საქმის გარშემო პროვოცირებას ეწევიანო...
- მისი, როგორც კრიმინალის, ადგილი ციხეშია. მივაღწევ იმას, რომ ხვადაგიანი ძალიან დიდი ხნით მოხვდეს ციხეში. თვითონ აღიარა, რომ 369-ე პრიმა მუხლის თანახმად, ფალსიფიკაციური საქმე მიიტანა სასამართლოში, აღიარა, რომ ეს იცოდა, მაგრამ მაინც მიიტანა. სასამართლოში მიიტანა ისეთი საქმე, რომელიც ცრუ ჩვენებებით იყო აგებული, დნმ-ის პასუხებიც დამალა. ერთთვიანი წამების შემდეგ, შემოვიდა ხვადაგიანი, ნიკა ლომინაძის მკვლელობა დამდო ბარალად და ბრალი წამიყენა. მაშინ სასტიკად ვიყავი ნაცემი.
თქვენი ადვოკატები აცხადებენ, რომ ხვადაგიანთან ერთად დნმ-ის დამალვის საქმეში მონაწილეობდა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე. თუმცა, თავად ამბობს, რომ იგი იმ წლებში სტაჟიორი პროკურორი იყო...
- 2007 წლის 5 აპრილის საბრალდებო დასკვნა შეგიძლიათ ნახოთ. ხვადაგიანთან ერთად, მას ხელს აწერს ირაკლი შოთაძეც. ლომინაძის მკვლობა რომ წამიყენეს, სკამიდან წამოვუხტი ხვადაგიანს, შენ რამდენს ბედავ, კარგად ვერ დაგამუშავეს ეტყობაო. რამდენიმე დღეში, მართლაც კარგად დამამუშავეს, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. რატომ მოხდა ისე, რომ მე და ხერკელაძე ერთ კამერაში მოვხვდით?ციხეში იმდენ ხალხში გამლახეს, რომ ვერ ვლაპარაკობდი. კორპუსზე, სადაც მე მაწამებდნენ, მორიგეებსაც კი არ უშვებდნენ. ცემისგან თავი მქონდა გასიებული. ფეხზე რატომ დგეხარო და მცემდნენ, რატომ ზიხარო და ამაზეც მცემდნენ. გაუგონარ წამებაში მამყოფეს. ამის შემდეგ სოდ-ის გამომძიებლები გამოჩნდნენ, რა უნდოდათ სოდ-ის თანამშრომლოებს ყოველდღე ჩემთან კამერაში?
ბრალდების ნაწილში შოთაძე ამბობს, რომ დნმ-ის დამალვის საფუძველი არ არსებობსო, მაშინ, როდესაც პასუხი ერთი თვით ადრე იყო მოსული. რატომ მოიტუა?
- მისი მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოსდა სტაჟიორი იყო, სადღაც იჯდა პროცესზე და ისმენდა საქმეს, მან შეცდომაში შეიყვანა პრემიერ-მინისტრიც. შოთაძე იყო ჩვეულებრივი მონაწილე პირი, იჯდა პროკურორის გვერდზე და ჩვეულებრივად ღებულობდა მონაწილებას. საბრალდებო დასკვანას ხელს აწერს შოთაძე. თუ არ ეთანხმებოდა, რატომ მოაწერა ხელი? დანაშაულია, როდესაც ადამაინმა იცის, რომ დანაშაულს ჩადიან და დუმს.
სასამართლო პროცესზე პირდაპირ ვუთხარი შოთაძეს და ეს შესულია სხდომის ოქმში - „ჩვენ მართლები ვართ და თქვენ ეს კარგად იცით. ახლა რა სიყალბეს აკეთებთ, ეს საქმე თქვენ დაგღუპავთ. წინ გაქვთ მთელი ცხოვრება. ეს პროკურორი არის უკვე დაბერებული, ათასი სიბინძურე აქვს გაკეთებული, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ერთით მეტს გააკეთებს, თუ ერთით ნაკლებს, თქვენ ახლა იწყებთ ცხოვრებას, შეეშვით ამ საქმეს, გადით გვერდზე, თორემ უდანაშაულო ადამიანების სამუდამო პატიმრობაზე გაშვება იცოდეთ, რომ წინ დაგხვდება-თქო“, - ამ სიტყვებით მივმართე მას, მაგრამ არ დამიჯერა.
ამ საქმიდან რამდენიმე თვეში კი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი ხდება. სააპელაციო სასამართლოშიც იგივეს იმეორებდა შოთაძე, ჩვენ რატომ უნდა დაგვემალა დნმ-ის პასუხებიო. დღეს ხომ დადასტურდა, რომ იცოდნენ და მიზანმიმართულად დამალეს. უდანაშაულო ადამინის სიმართლე არ იკარგება. ეს საბრალდებო დასკვანა იქნება მათი განაჩენი. ორ ადამიანს უდანაშაულოდ მოგვისაჯეს სამუდამო პატიმრობა. წამლის რეალიზაციაზე დაპატიმრებული ნოდარ გვიჩიანის ჩვენება როგორ უნდა დაეჯერებინა პროკურორს? გვიჩიანს ისე ენდნენ სიტყვაზე, რომ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს.
როგორც ირკვევა მას გირაო გადახდილი არ აქვს...
- ჩვენ ვკითხეთ მას სასამართლოზე და იცით რა გვიპასუხა? - არ მახსოვსო გადავიხადე თუ არაო. ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა თუ არა, ეს არ ემახსოვრება? დადასტურებულია, რომ გირაო გადახდილი არ აქვს. იგივე თქვა პაპაჩაშვილმაც, არ ვიციო, ჩემმა ოჯახმა იცისო. საქმეში დევს ნოდარ გვიჩიანის წერილი, ის მიმართავს მოსამართლეს და სთხოვს, რომ ოჯახმა ვერ მოასწრო ამ ფულის შეგროვება და გთხოვთ ერთი თვე გადამივადოთ თანხის გადახდაო. მოსამართლეც სიტყვაზე ენდო. გადახედეთ სხვა საქმეებს, რომ გირაოს ფულს სანამ არ გადაიხდის ბრალდებული, მას ვინ გამოუშვებს და მითუმეტს ამ დანაშაულზე გირაო გაგონილა?
როგორ ფიქრობ, რატომ დაითანხმა გამოძიებამ ნოდარ გვიჩიანი და გია პაპაჩაშვილი ცრუ ჩვენებაზე?
- გამოძიებამ მათი დახმარებით მიაღწია იმას, რაც უნდოდა. პაპაჩაშვილმა მიმართა გამოძიებას და სასამართლოს თხოვნით, თავიდან დამკითხეთო, მე მაშინ ცრუ ჩვენება მივეციო. სანდრო გირგვლიანის საქმე რომ გაიხსნა და დადასტურდა, რომ ამ საქმეში ძალოვანები მონაწილეობდნენ, მე და რამდენიმე თანასაკნელები გამოგვიყავანეს, სასტიკად გვცემეს ადმინსტრაციაში.
საკნიდან რომ გამოგიყანეს, სად წაგიყვანეს?
- ადმინისტრაციის კორპუსზე გადამიყვანეს და დამიწყეს უმოწყალოდ ცემა. დაახლოებით 6-7 კაცი მირტყამდა წიხლებით.
შეგიძლიათ დაასახელოთ ის ადამაინები ვინც თქვენ გცემდათ?
- როგორ არა, ამაზე გამოძიება დაწყებულია. იმედია, ისე უსასრულოდ არ გაგრძელდება ამის გამოძიება, როგორც დნმ-ის დამალვის ფაქტი. იციან ვინ მიიღო დნმ, იცინ ვისაც უნდა გამოეჩინა და რა გამოძიება უნდა ამას, მაგრამ არ იძიებენ. არ იძიებენ იმიტომ, რომ შოთაძეს და ხვადაგიანს აფარებენ ხელს. ძველი კოლეგების კოლეგიალურობას იჩენენ, არადა იციან, რომ ხვადაგიანი დასაჭერია ამისთვის.
ჩემი ცემის და წამების საქმესაც თუ გამოიძიებენ, შეიძლება გამოძიონ დაბალ დონეზე. მე არ მაინტერესებს ვინ მცემდა, მაინტერესებს ვინ და რატომ შეუკვეთა. როდესაც ნახეს, რომ დნმ-ის პასუხით დანაშაული არ მიმტკიცდებოდა, გადავიდნენ ჩემს მოსყიდვაზე. სოდის გამომძიებლები მთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას. 8 წელს მოგისჯით, მაგრამ მალევე გამოგიშვებთ, საავადმყოფოშიც გადაგიყავნთ და გიმკურნალებთო. უარის შემდეგ შემოდიოდნენ ნიღბიანები და მირტყამდნენ. მერე უნამუსოდ დამცინოდნენ ბატონი გამომძიებლები, თვალი რატომ გაქვს ჩალურჯებულიო. ყოველ დღე სიკვდილს ველოდებოდი. თოკჩამოკიდებულ საკანში შემიყვანეს, მარტო ვიყავი. მარტში უკვე იცოდნენ, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვიყავით და ნიკა ლომონაძის მკვლელობასთან შეხება არ გვქონდა. ამის მუხედავად სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯეს.
სააკაშვილს სანდრო გირგვლიანზე ეკითხებიან და პასუხობს, რომ აი მერაბიშვილი რა მაგარი მინისტრია, ნიკა ლომინაძის საქმე გახსნაო. დიდ ფიგურებზე და პერსონებზეა ლაპარაკი, ხელი კი ჩვენ შემოგვაწმინდეს. მარტო იმიტომ, რომ რა მაგარია ვანო მერაბიშვილი ჩვენ სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯა. მომავალი მოგვისპეს, ოჯახები გაგვიუბედურეს. ამ საქმეს ორი ადამიანი შეეწია, გია გვიჩიანის მამა და ჩემი დედა.
ფაქტია, რომ ნიკა ლომინაძე ვიღაცამ მოკლა. თუნდაც ეჭვის დონეზე შეგიძლიათ მითხრათ კვალი ვისთან მიდის?
- რატომ არავინ ინტერესდება ვინ იხეირა ნიკას მკვლელობით? გადახედეთ რა მოხდა მისი მკვლელობის შემდეგ თელასში და ფაქტი ნათელი იქნება. დაინტერესდით, ვინ იხეირა მისი მკვლელობის შემდეგ და რა პროცესები განვითარდა. ბრალში წერია, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობა მოხდა რაღაცა მაკომპრომიტირებელი საბუთებისთვის, რომელიც თითქოდა ნიკა ლომინაძეს გააჩნდა გია გვიჩიანზე.
რომელიც ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით თქვენ გადაეცით სარფის საბაჟოზე...
- წინასწარი ძიების დროს, ამ საბუთებზე არაფერს ამბობს. რატომღაც სასამართლოზე გაახსენდა ნოდარ გვიჩიანს, რომ ნიკა ლომინაძეს ჰქონდა ეს მაკომპრომეტირებელი საბუთები. ვკითხე მას რა საბუთებია-თქო და მიპასუხა, რომ თელასის საბუთებიო. კონკრეტულად უთხარი სასამართლოს რა საბუთებზეა ლაპარაკი-თქო, მიპასუხა, რომ შენ თვითონ არ იციო? დავუშვათ, გვიჩიანმა მისცა შეკვეთა ნოდარ გვიჩიანს, რომ ლომინაძისგან წამოეღო საბუთები, ხომ ეტყოდა კონკრეტულად რა საბუთები აინტერესებდა? მერე მოიგონა, რომ თითქოსდა, ბათუმში გადავეცი ეს საბუთებიო.
რატომ თქვენ და არა სხვა?
- ნოდარ გვიჩიანს სჭირდეობდა ვინმე და გამოგვიყენა ჩვენ. მე და ნოდარ გვიჩინას გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ ეს იყო 1999 წლამდე. გია გვიჩიანს, რომელმაც თითქოსდა მკვლელობა შემიკვეთა, საერთოდ არ ვიცნობდი. ერთმანეთი ე.წ. ვარონკაში გავიცანით. ერთი სატელეფონო ზარიც კი ჩემსა და ნოდარ გვიჩიანს შორის ნიკას მკვლელობამდე არაა დაფიქსირებული. ვეკითხები - ამდენი შეხვედრა და ამდენი ურთიერთობა ჩვენს შორის როგორ უნდა მომხდარიყო, სპეციალურად შეძენილი ტელეფონით მირეკავდიო. ვკითხე - რა ნომერზე გორეკავდი-თქო და არ მახსოვსო. გჯერათ, ახლა ამ ყველაფრის?
მთავარი მტკიცებულება ტყვიის ლულა საქმიდან ამოიღო პოლიციის გენერალმა დავით კეკუამ. როგორ ფიქრობთ, რატომ გაანადგურა კეკუამ მთავარი მტკიცებულება?
- გენერალი კაცი, რომელიც მიდის შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად, რატომ უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ ტყვია შეცვალოს? გამოძიება გვედავება, რომ თითქსოდა მე მოვახდინე გასროლა, მერე ავაწევინე ნიკას თავი, ამოვიღე მის თავსა და ბალიშს შორის ტყვია, რომელმაც მოკლა, ვიპოვე გილზა და ყველაფერი წამოვიღე შემთხვევის ადგილიდან. სასამართლოზე მოვთხოვეთ ხვადაგიანს მოიტანეთ ბალიშის პირი, დარწმუნებული ვარ, თუ თავი იყო გახვრეტილი ბალიშის პირი იქნებოდა დაზიანებული-თქო, მაგრამ არ მოიტანა. პროკურორმა ხვადაგიანმა შუამდგომლბით მიმართა სასამართლოს, რომ ბალიშის პირი გაენადგურებინათ.
სასამართლოზე კედელს ვანგრევდი და ვყვიროდი უდანაშაულო ვარ და ტყუილად მისჯით სამუდამოს-თქო, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ბოლოს ვითხოვე, რომ ბალიშის პირს ნუ გაანადგურებთ-თქო, მაგრამ მაინც გაანადგურეს, იმიტომ, რომ ხვადაგიანი არის გამყალბებელი და კრიმინალი. დღეს, ციხეში რომ არ ზის იმიტომაც აქვს ენა წაგდებული. თუ მართალი იყო ბრალდება და არაფერს მალავდნენ, რატომ არ გვაჩვენა სასამართლოზე ბალიშის პირი, რატომ დამალა დნმ. ხვადაგიანმა პასუხი უნდა აგოს.
გენერალ კეკუას თვითმკვლელობაც ნიკა ლომინაძის საქმესთან კავშირშია?
- პირდაპირ კავშირშია. კეკუას საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, ბრალდებას არ უნდა ამ მასალებში ვინმემ ჩაიხედოს. გამოძიებას ცოცხალი კეკუა არ აწყობდა. იცოდნენ, რომ ის რაღაცას აუცილებლად იტყოდა. სააპელაციო სასამართლოზე ვითხოვდით მის დაკითხვას, მაგრამ არ მოიყვანეს. ის მოკლეს იმიტომ, რომ არ ეთქვა, ვინ დაავალა ტყვიის შეცვლა.
რაც შეეხება მამის პოზიციას, ის თვლის დამნაშავეები ხართ თქვენ...
- სასამართლოს ჩვენებას რომ ვაძლევდი, ნიკას მამა არ მისმენდა, რამოდენიჯერ შენიშვნა მივეცი, თქვენი გულისთვის ვლაპარაკობ, თორემ ესენი სამუდამოს რომ მომცემენ ვიცი-თქო, მომიბრუნდა და მითხრა, არ მაინტერესებს და არ გისმენო. ვემუდარებოდი ადვოკატი აიყვანეთ და ის გეტყვით სიმართლეს-თქო. - არ მინდა ადვოკატი, პროკურორის მჯერაო. შვილმკვდარი მამაა, მესმის მისი, მაგრამ ისეთი პოზიცია უკავია, ბევრ კითხვებს ბადებს. როგორ შეიძლება ადამიანი სიმართლის გარკვევაში დაინტერესებული არ იყოს?!
თქვენ ამბობთ, რომ ხვადაგიანთან ერთად მტკიცებულების დამალვაში მონაწილეობდა შოთაძე. როგორ ფიქრობთ, დღეს მას გავლენა არ ექნება სასამართლოზე? თუ სასამართლომ გაგამართლებელი განაჩენი გამოიტანა, მაშინ ავტომატურად დგება ამ პროკურორების, გამომძიებლების და მოსამართლეების სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხი...
- ეჭვის ქვეშ დგება მისი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ორ უდანაშაულო ადამაინს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. სასამართლოზე გავლენას რომ ეცდება ეს ცხადია, მას არ აწყობს ჩვენი გამართლება. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ჩვენ თუ პატიმრობაში დაგვტოვებენ, მაშინ მაინტერესებს როგორ ახსნიან 8 ექსპერტის საწინააღმდეგო პოზიციას. ფაქტი ერთია - შოთაძე დაინტერესებულია, რომ ჩვენ ამ დანაშაულისთვის ვიყოთ ციხეში, იმიტომ, რომ მის კარიერას ექმნება საფრთხე, ცოცხლად დაგვმარხა. მინდა დავინახო, რომ სახელმწიფოს ისევე ტკივა ჩვენი, როგორც თავისი სტკიოდა.
თუ კი არ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რა გზა გრჩებათ?
- ამის წარმოდგენაც არ მინდა. სახელმწიფოსგან ვითხოვ ერთ რამეს, უზრუნველყონ, რომ განაჩენის გამოტანის პროცესში სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. სად გაგონილა მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი საჯაროდ აცხადებენ, რომ ეს ხალხი უდანაშაულო არიანო, სასამართლოზე მოდიოდეს ადეიშვილის პროკურორი და საპირისპიროს ამბობდეს.
რამდენად მძიმეა იყო სამუდამო მისჯილი და ატარებდე ქილერის სტატუსს?
- იყო სამუდამო მისჯლილი, ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ, მაგრამ მკვდარი. ძალიან რთულია, როგორ შეიძლება ფულის გულისთვის ადამაინი მოკლა, თანაც შენთვის უცხო ახალგაზრდა კაცი. ყველაზე მეტად ეს მტკივა, რომ 8 წელია მკვლელის იარლიყს ვატარებ. ისეთი სიბინძურე დამაბრალეს, რომ... დამიჯერეთ, ქილერობა გაცილებით მძიმეა. სამუდამო პატიმრობას არავის არ ვუსურვებ. ძალიან მძიმეა ყოველ დღე იმ შეგრძნებით გაღვიძება, რომ მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იყო და თანაც არ ჩადენილი დანაშაულისთვის.
8 წელი ვიცხოვრე იმ იმედით, რომ ქვეყანაში შეიცვლებოდა ხელისუფლება, ჩვენი საქმე თავისუფალ სასამართლოში გადაინაცვლებდა და ჩვენ გავმართლდებოდით, ეს დღეც დადგა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ირაკლი შოთაძე არ იქნება პროკურატურაში სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს. ეს ისეთი საქმეა, რომ არ გაჩერდება, მე რომც მომკლან, ჩემი შვილები იბრძოლებენ. ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ჩემს შვილებს და დედაჩემის ხსოვნის წინაშე ის ლაქა არ ჩამოვირეცხო, რაც ბინძურმა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა მომაცხეს.
ქილერები თვითონ არიან, ნახევარი საქართველო ამოწყვიტეს... თქვენ იცით ჩემს პატარა შვილებს რისი გადატანა მოუხდათ, როდესაც სააკაშვილის მართული ტელევიზიები აცხადებდნენ, რომ თითქოსდა მათი მამა ქილერი იყო? დედა ამათმა მომიკლეს. ჩემი მეუღლის დაჭერა უნდოდათ, მაგრამ გადაიფიქრეს. რა მნიშვნელობა აქვს პროკურორია თუ სტაჟიორი პროკურორი, პასუხი ყველამ უნდა აგოს და აი, მაშინ აღსდგება სამართალი.