„თქვენ ჩემი მეფე არ ხართ“ - ავსტრალიელი სენატორი პარლამენტში მეფე ჩარლზს დაუპირისპირდა

„თქვენ ჩემი მეფე არ ხართ“ - ავსტრალიელი სენატორი პარლამენტში მეფე ჩარლზს დაუპირისპირდა

ავსტრალიაში, სადაც გაერთიანებული სამეფოს მონარქების - მეფე ჩარლზის და დედოფალ კამილას ვიზიტი მიმდინარეობს ინციდენტი მოხდა. კანბერაში, ქვეყნის პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც ჩარლზმა კანონმდებლებს მიმართა, მას ერთ-ერთი დეპუტატი დაუპირისპირდა.

მას შემდეგ რაც ჩარლზმა თავისი მიმართვის კითხვა დაასრულა, დამოუკიდებელი სენატორი ლიდია თორპი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში უყვიროდა მეფეს. ის ავსტრალიელების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ საუბრობდა, შემდეგ კი მეფეს უთხრა: „ეს არ არის თქვენი მიწა. თქვენ ჩემი მეფე არ ხართ“.

სენატორი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, ცერემონია კი გეგმის მიხედვით გაგრძელდა.

ჩარლზ მესამე დედოფალ კამილასთან ერთად ავსტრალიაში პარასკევს ჩავიდა. ეს ტახტზე ასვლის შემდეგ მისი პირველი ვიზიტია ქვეყანაში. კონსტიტუციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მონარქი ავსტრალიის სახელმწიფოს მეთაურად ითვლება.