პარლამენტი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას კვლავ „ჩაგდებას“ უპირებს

პარლამენტი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას კვლავ „ჩაგდებას“ უპირებს

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს ნინია კაკაბაძესა და გენადი გელაძეს შესაძლოა, ნდობა კვლავ არ გამოუცხადოს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, უმრავლესობა დღეს დაგეგმილ კენჭისყრაზე კაკაბაძისა და გელაძის კანდიდატურების „ჩაგდებას“ კვლავ აპირებს.

მმართველი ძალა თუ რატომ არ უჭერს მხარს კაკაბაძე-გელაძეს, ამ საკითხზე კოალიციის წარმომადგენლები ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა, for.ge-სთან კულუარულ საუბარში ამბობენ, რომ აღნიშნული პირები „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგებად მოიაზრებიან.

„კაკაბაძე ბორდი-ს წევრი ვერ გახდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ მისი მეუღლე დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. სწორედ მისი მეუღლე იყო ის პირი, რომელსაც ნაციონალები წარმატებულ ბიზნესმენად წარმოგვიდგენდნენ ხოლმე. რაც შეეხება გელაძეს, მისი კანდიდატურა სწორედ უმცირესობის „შემოდგებულია“. ნაციონალებმა ისე გააკეთეს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდ-მა მისი კანდიდატურა შეარჩია“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლის მსგავს პოზიციაზეც არიან მისი თანაგუნდელები.

ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ გეგმავს ელისო ჩაფიძე, რომელიც ამბობს, რომ კანდიდატების თაობაზე კვლავ კონსულტაციები მიმდინარეობს.

„გარდა იმისა, რომ პოლიტიკური გუნდის პოზიციას ანგარიშს ვუწევთ, გადაწყვეტილება საკუთარი სინდისიდან გამომდინარეც უნდა მივიღოთ. ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას არც პირველი მოსმენის დროს ვაპირებდი, რადგან ბორდი-ს წევრი ის უკვე გახლდა და მისი მუშაობის დროს, მის მიერ დაყენებული საკითხები არ მინახავს, რაც ჩემს მხარდაჭერას განაპირობებდა. ის, რომ კანდიდატურა წარმოდგენილია ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ, ეს აპრიორში იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ მას მხარი უნდა დავუჭიროთ“, - განუცხადა for.ge-ს ჩაფიძემ.

კანონმდებელის ინფორმაციით, უმრავლესობა მხარს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატს ლელა გაფრინდაშვილს დაუჭერს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ ნდობა დეკემბრის ბოლოს არ გამოუცხადა.

„კენჭისყრა იქნება ღია და შეგიძლიათ ნახოთ დეპუტატები თუ ვის დაუჭერენ მხარს. ზოგადად, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს პროცესი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და შერჩეული 27 პირიდან ის კანდიდატები ვერ შევარჩიეთ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი ტრადიციების ჩამოყალიბებას შეუწყობდნენ ხელს. დარწმუნებული ვარ, პროცესი მალე დასრულდება და თვისობრივად ახალ საბჭოს მივიღებთ“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

თანაგუნდელების მსგავსად, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს ისევ უჭერს სერგო რატიანი, რომელიც აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდ-ში ის ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებიც არ არიან მიკერძოებულები და რომლებიც საკუთარ პრინციპებს იცავენ.

„ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაიმორჩილებს. ეს იმაში ჩანს, რომ მათ საკუთარი კანდიდატურებიც კი ვერ წარმოადგინეს და ახლაც კი, საკუთარ კვოტას ვერ ავსებენ. ჩვენ კი, გაცილებით კონსტრუქციულები ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნინია კაკაბაძისა და დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურები გავიდეს“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა, რომლის ცნობითაც, უმცირესობა ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავს, რადგან მისი თქმით, ნაციონალები კვოტირების პრინციპს პატივს სცემენ.

„ჩავარდება“ თუ არა კვლავ ნინია კაკაბაძისა და გენადი გელაძის კანდიდატურები, ეს ცნობილი ხვალ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე გახდება, რადგან უმცირესობაში ჯერ კიდევ აცხადებენ, რომ ამ პირების გაყვანის მიზნით, კონსულტაციები უმრავლესობასთან მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები პარლამენტის ნდობას ისევ ვერ მოიპოვებენ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის სამეურვეო საბჭოსა და უმცირესობას ახალი კანდიდატების წარდგენა მოუწევთ. ამ დროისთვის კი, საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ სამი წევრი ჰყავს, რომელთაც საკანონმდებლო ორგანომ ნდობა 2013 წლის ბოლოს გამოუცხადა. კერძოდ, ბორდი-ს წევრები გახდნენ - მარინე მუსხელიშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია. ექვსი წევრის ადგილი კი, ამ დრომდე ვაკანტურია.

შეგახსენებთ, რომ ბორდი-ს წევრობის მსურველები იმ კომისიამ შეარჩია, რომლის წევრებიც იყვნენ - ია ანთაძე, ნინო ბექიშვილი, ზვიად დევდარიანი, ნათია კაპანაძე, ნათია კუპრაშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ზვიად ქორიძე, ზაზა შათირიშვილი და თამაზ ჯოლოგუა.

რაც შეეხება ბორდი-ს დაკომპლექტებას, ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით, საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა ფუნდამენტურად შეიცვლა და საბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 9-მდე შემცირდა. კერძოდ, „მაუწყებლის შესახებ“ კანონით, პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება. წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უმრავლესობა აირჩევს, ხოლო მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, კანონის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი, სახალხო დამცველი ირჩევს.