„ძალიან მიხარია, რომ თაკო სალაყაია დაიბარეს“

„ძალიან მიხარია, რომ თაკო სალაყაია დაიბარეს“

ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, გამომძიებლის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. თაკო სალაყაია პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხა. გამოძიების კითხვები უკავშირდებოდა იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფარგლებშიც შეისწავლება, როგორც სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, ასევე, ამ დანაშაულის საქმეზე ჩატარებული გამოძიების კანონიერება.

ვინაიდან, გამოძიებით დასაზუსტებელია რომ 2006 წლის 28 იანვარს, „შარდენ ბარში“ განვითარებული მოვლენები წინ უსწრებდა და უშუალოდ დაკავშირებულია გირგვლიანისა და ბუხაიძის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან, შესაბამისად, საჭირო გახდა დანაშაულის ჩადენის დღეს, ზემოაღნიშნულ ბარში, სხვა პირებთან ერთად მყოფი თამარ სალაყაიას მოწმის სახით დაკითხვა. აღსანიშავია, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში თამარ სალაყაია პირველად იკითხება.

თავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ამბობს, რომ მის ინტერესებში შედის ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოოდ სიმართლის დადგენა და საქმის დასრულება.

„უკვე ორჯერ მაქვს გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული და მათ სრულად მივაწოდე ჩემს ხელთარსებული ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია თუ რას უკავშირდება გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ჩემი ხელახალი დაბარება პროკურატურაში.

მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლის მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ჩვენს ოჯახზე და ამ გზით ცდილობენ მიაღწიონ იმას, რაც არ გამოუვიდათ წინა მთავარი პროკურორის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად“, - აცხადებს თაკო სალაყაია.

მეუღლის პროკურაურაში დაკითხვაზე დაბარებას ფაქტს შეუნიღბავ ზეწოლად აფასებს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. როგორც ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა ზეწოლა ხორციელდება მის ნათესავებზეც.

„ეს არის გაგრძელება იმ მუქარის აღსრულებისა, რომელიც ყაჩაღმა პროკურორმა ჩემი ციხიდან გაყვანის შემდეგ განახორციელა. ეს არის შეუნიღბავი ზეწოლა. ვიძლევი გარანტიას, რომ ასეთი პატარა ადამიანები აუცილებლად დაისჯებიან. ისინი დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში. ზეწოლა ხდება ჩემს ნათესავებზეც“, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

თაკო სალაყაიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ეხმაურება. დეპუტატის განცხადებით საგამოძიებო ორგანოში სალაყაიას დაბარება მიუთითებს, რომ პროკურატურა საქმის გასახსნელად აქტიურად მუშაობს. 

„იმედია „ნაციონალებში“ ბევრნი არ არიან ისეთები ვინც თვლის, რომ თაკო სალაყაიას დაბარება ეს პოლიტიკური ზეწოლაა. ეს არის ერთხელ და სამუდამოდ ჭეშმარიტების დადგენა, რა მოხდა გირგვლიანის მკვლელობის ღამეს იმ საბედისწერო მაგიდასთან. რა ხდებოდა მაშინ, როდესაც 27 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, იმავე მაგიდიდან გაცემული ბრძანების ფარგლებში აწამებდნენ და კლავდნენ.

ნაციონალების ადგილზე აღარასდროს ვახსენებდი ამ საკითხს და ერთხელ მაინც მოვიხდიდი ბოდიშს - კოლექტიურად და ინდივიდუალურად, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაციონალები ამას არ აპირებენ და ისევ ძველ კურსს აგრძელებენ. ეს მათი პრობლემა და მათი არჩევანია. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ თაკო სალაყაია დაიბარეს. იმედია, ამით არ დასრულდება დაბარებების სერია და ყველა დაიკითხება, ვინც იმ მაგიდასთან იჯდა“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.