WP: რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან უკრაინაში რამდენიმე ათას სამხედროს წლის ბოლომდე გააგზავნის

WP: რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან უკრაინაში რამდენიმე ათას სამხედროს წლის ბოლომდე გააგზავნის

რამდენიმე ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი რუსეთში გადამზადებას გადის და შესაძლოა კრემლმა ისინი წლის ბოლომდე უკრაინაში საბრძოლველად გადაისროლოს. ინფორმაციას The Washington Post-ი უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემას ანონიმური წყარო უყვება, რომ რამდენიმე ოფიცერი ჩრდილოეთ კორეიდან უკრაინაში უკვე იმყოფება. ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე არიან, რუსული ჯარის მოქმედებებსა და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას სწავლობენ. ამასთან ერთად, უკრაინელებს ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ჯერ არ უნახავთ.

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, ფრონტის კონკრეტულად რომელ მონაკვეთზე განთავსდებიან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები. ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შესაძლოა ისინი საზღვრისპირა რაიონებში განათავსოს და ამით იქ განლაგებული საკუთარი საჯარისო შენაერთები ფრონტის სხვა მონაკვეთზე გაუშვას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამგვარი ინფორმაცია უარყო და მას „მისტიფიკაცია“ უწოდა.