თბილისს მთაწმინდიდან მხოლოდ „ეშმაკის ბორბალი“ ანათებს. დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო - ტელეანძა მერიის გადაწყვეტილებით ჩაბნელდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელისუფლებას „ჩაბნელების“ პოლიტიკით უპირისპირდებიან.
პირველად, რამდენიმე თვის წინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ჩაბნელდა - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რეზიდენციის ჩაბნელების მიზეზი მთავრობის მიერ კომუნალური ხარჯების შეკვეცაზე პროტესტი გახდა. თბილისის ტელეანძაზე განათების გათიშვაც პროტესტი და თბილისის საკრებულოზე ზემოქმედების ერთგვარი მექანიზმია.
დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ ტელეანძაზე განათება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც საკრებულო თბილისის ბიუჯეტს დაამტკიცებს და ფინანსურ დოკუმენტში მერიის მიერ მოთხოვნლი თანხები იქნება გათვალისწინებული.
„თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტი პოლიტიკური ხასიათისა და ყურით მოთრეული მიზეზების გამო არ დაამტკიცა. მიზეზებს შორის იყო, მაგალითად, თბილისის ტელეანძის განათება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ სურდათ პრობლემები შეექმნათ ქალაქ თბილისის მერიისთვის, სინამდვილეში პრობლემები შეუქმნეს ქალაქ თბილისის მოსახლეობას... გადავწყვიტეთ გამოვრთოთ ტელეანძა, სანამ არ იქნება ბიუჯეტი დამტკიცებული და თანხები არ იქნება წარმართული ტელეანძის და მისი განათების შესაკეთებლად“, - განმარტა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
სევდია უგრეხელიძის მიერ წამოყენებული ერთგვარი ულტიმატუმი მიუღებელია თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძისთვის. მისი თქმით, მერიის მიერ ტელეანძის განათების გამორთვა თბილისის საკრებულოსა და თბილისელებზე განხორციელებული ზეწოლაა.
„მერია იყენებს ზეწოლის მექანიზმებს, რაც არ არის მართებული. მათი მოქმედება ისახავს ერთადერთ მიზანს - განაწყოს თბილისელები საკრებულოს საწინააღმდეგოდ და მოემზადნონ დიდი პროტესტისთვის. ნამდვილად არ იქნება ეს კარგი თბილისელებისთვის, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვფიქრობ, მერიას უნდა ეყოს გონიერება, თავი შეიკავოს ასეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან“, - განუცხადა For.ge-ს გულიკო ზუმბაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია კი განმარტავს, რომ თბილისის მერია საკრებულოსთან ურთიერთობისას პროვოკაციისა და საბოტაჟის გზას ირჩევს.
„მათ ჰქონდათ 60 მილიონამდე ლარი იმისთვის, რომ ფინანსურად არათუ ანძის განათება, არამედ, ყველა საჭიროება უზრუნველეყოთ. პროვოკატორთა ჯგუფი სახელად „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის განათება-ჩაქრობის შემდეგ განაგრძობს პროვოკაციულ სერიას - ამჯერად, ტელეანძის ჩაქრობით. რადგან მათი არჩევანი პროვოკაციული გზაა, მთელი ეს პროცესი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სევდიანად დასრულდეს. ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი - მათი მიზანია ზეწოლა საკრებულოზე, რათა დავამტკიცოთ ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ აძლევს ხელს“, - განუცხადა for.ge-ს ზაზა გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტი საკრებულოსთვის მიუღებელი იმიტომ გახდა, რომ პროექტი სახსრების გაფლანგვისა და გაუმჭვირვალედ ხარჯვის მაღალ რისკებს შეიცავდა და პრიორიტეტებზე თანხების არასწორად იყო გადანაწილებული.
„არ ვაპირებ პასუხისმგებლობა ავიღო ბიუჯეტზე, რომელიც მოემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.
საკრებულოს მიერ ჩაგდებული ბიუჯეტი თბილისის მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს დღეს ხელახლა წარუდგინა. დედაქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტის დასამტკიცებლად თბილისის საკრებულო სხდომა იანვრის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი პროექტს ფრაქციები და კომისიები განიხილავენ.
თბილისის მერიის მიერ სატელევიზიო ანძის განათების გათიშვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავრობა.
მთავრობა თბილისის მერიას შეახსენებს, რომ ტელეანძის განათების გამორთვა შანტაჟისა და საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და მოუწოდებს მერიის წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ აღუდგინონ თბილისის სატელევიზიო ანძას ელექტროენერგიის მიწოდება.
„თბილისის მერიის გადაწყვეტილება სატელევიზიო ანძის განათების გამორთვასთან დაკავშირებით შეიცავს შანტაჟისა და პირდაპირი საბოტაჟის ნიშნებს. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
ანძის განათება პირდაპირ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოებას. ამიტომ, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთვის.
აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს, არცერთხელ არ შეუფერხებია თბილისის მერიისთვის კანონით გათვალისწინებული ტრანსფერის გადარიცხვა. შესაბამისად, ბიუჯეტის ჩავარდნით სპეკულაცია, თითქოს საფრთხე ექმნება დედაქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ თბილისის მერიას, რომ მათი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ შეიცავს საბოტაჟების ნიშნებს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის სატელევიზიო ანძისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად,“- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.