ფეხბურთის აკადემიკოსი - მიხეილ მესხი

ფეხბურთის აკადემიკოსი - მიხეილ მესხი

მიმდინარე წლის 12 იანვარს გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი 77 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ ფეხბურთის აკადემიკოსად მონათლული დიდი მოთამაშის ოსტატობა საკუთარი თვალით არ მიხილავს. იმდროინდელი მწირი კინოარქივი მიხეილ მესხის მაღალ საშემსრულებლო დონეზე ღირებულ წარმოდგენას არ იძლევა. ეს ალბათ თავად ქართველების ბრალია. გავიხსენოთ თუნდაც თბილისის „დინამოს“ კალათბურთელთა მიერ ევროპის ჩემპიონთა თასისთვის ჩატარებული გადამწყვეტი შეხვედრა. ჟენევის სპორტულ დარბაზში არც ერთი თანამემამულე ოპერატორი არ აღმონდა რომ მადრიდის „რეალის“ ისტორიული რბევა ფირზე გადაეღო და ეს ისტორიული გამარჯვება მომავალი თაობებისთვის შემოენახა. მესხის შემთხვევაშიც ამ ფაქტთან გვაქვს საქმე.

დღევანდელ წერილში მიხეილ მესხი მსურს რომ გავიხსენო, მოთამაშე რომელსაც ბედმა მძიმე ხვედრი მოუმზადა და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩინების საშუალება არ მისცა. იმედია სტატიას ახალგაზრდა გულშემატკივრებიც გაეცნობიან და მესხის შესახებ თავიანთ ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებენ. მასალას მესხის თანამედროვეების მოგონებებზე ავაგებ.

თავის დროზე მიხეილ მესხს ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ფეხბურთის აკადემიკოსი უწოდა. ჟორდანიას არც სხვები ჩამორჩნენ.

„მესხის ფინტები ტორეადორის ნატიფ ხელოვნებას მოგვაგონებს". - გურამ ფანჯიკიძე

„მესხი ისე რომ თამაშობდეს, როგორც სხვები, მაშინ იგი მესხი არ იქნებოდა". -

ლევ ფილატოვი

„მიუხედავად იმისა, რომ მესხთან კონფრონტაციაში ვიყავი, მასზე უკეთესი ფეხბურთელი არსად მეგულება". - გიორგი სიჭინავა

„მესხი და მეტრეველი საბჭოური ფეხბურთის ფრთებს წარმოადგენენ". - ელენიო ერერა

„ძალზე ვწუხვარ, რომ არ მომიწია მესხის გვერდით თამაშმა". - ედუარდ სტრელცოვი

„სიამოვნებით ვითამაშებდი თავდასხმის ხუთეულში გაიოზ ჯეჯელავასთან, სლავა მეტრეველთან, ავთანდილ ღოღობერიძესთან და მიხეილ მესხთან ერთად". - ბორის პაიჭაძე

ნება მომეცით სიტყვა ბატონ ელგუჯა ბერძენიშვილს გადავცე. “ვარსკვლავივით ჭაბუკი ღმერთმა მოგვივლინა. და ასეთი წაიყვანა ჩვენგან. გვახსოვს მოსხეპილი ტანადობის ჭაბუკი, რომელიც ბურთისთვის იყო გაჩენილი. როგორ შვენოდა მის გარეგნობას, მის თამაშს, მის სიჩაუქეს, სახელი - მესხი! მიშა მესხი, განუმეორებელი ინდივიდუალობის ფეხბურთელი, რომლის გამო სამართლიანად თქვა მსოფლიოს ერთერთმა უძლიერსმა ფეხბურთელმა მურთაზ ხურცილავამ: "ასეთი გარემარბი მე არ მინახავსო". არ შეიძლება არ დაეთანხმო მურთაზ ხურცილავას, რომელიც პლანეტის ბევრი ცნობილი ფეხბურთელის თვითმხილველია.

მიხეილ მესხი გამოგვიგზავნა ღმერთმა, რათა ჩვენი მოღლილი სული გაეღვიძებინა მოსაწყენ და დათრგუნვილ ცხოვრებაში. ერთადერთი სიხარული იყო არა ის, ხუთწლედები რომ სრულდებოდა და გარდამავალ დროშას მიიღებდნენ, არამედ ის წამი, როცა მიშა მიიღებდა ბურთს. აი, ახლაც მესმის შორეული ძახილის მქრთალი ექო, ის თანდათან ძლიერდება და ჩვენს გულებში მძლავრად გაისმის მქუხარება: მესხი! მესხი! მესხი!“

1965 წლის 4 ივლისს, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. იმდროინდელ მსოფლიო ორგზის ჩემპიონების რიგებში სახელგანთქმული პელე და გარინჩაც ასპარეზობდნენ. საბჭოელები დამარცხდნენ, მაგრამ მესხის თამაშმა სამხრეთ ამერიკელებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. მიხეილ მესხს მისი იმდროინდელი თანაგუნდელი გიორგი სიჭინავა გაიხსენებს.

„ბრაზილიასთან შეხვედრის დროს მე პირველი ტაიმის შემდეგ გამომცვალეს, მეორე ტაიმში კი მესხი, ფაქტობრივად, მარტო ეთამაშებოდა მთელ ბრაზილიის ნაკრებს. ფეოლას გუნდმა, ცოტა არ იყოს, დაჯაბნა საბჭოთა ნაკრები. მატჩის შემდეგ ფეოლამ საბჭოთა კავშირიდან მესხი და მეტრეველი შეაქო, მიშა განსაკუთრებით.

ერთხელ მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის ნაკრები ჩამოვიდა. მესხმა ისე ითამაშა, სტადიონი მიშას კი არა, უკვე - მიშელ! მიშელ! - ასე ყვიროდა.

პარიზში რომ ვითამაშეთ ფრანგულ გუნდებთან, ცნობილმა კომენტატორმა ვადიმ სინიავსკიმ თქვა, მესხს ვარდებით უნდა შევეგებოთო. მიშა მესხს ხალხი მართლაც ვარდებით ხვდებოდა. ის რუსეთშიც ძალიან უყვარდათ.

მიშას თავისებური იუმორი ჰქონდა, პირდაპირი კაცი იყო და წინასწარმეტყველის ნიჭითაც კი იყო დაჯილდოებული. უცბად მიხვდებოდა, ვინ როგორი ადამიანი იყო. გვეტყოდა, ცუდი კაციაო და მისი აზრი მალევე დასტურდებოდა. ნიჭიერი კაცი იყო და კარგი მეგობარი.

დიდ მიშა მესხს თამაშისთვის თავი ჰქონდა დანებებული, როცა თბილისში "ლოკომოტივის" სტადიონს მანქანით მიადგა. წესრიგის დამცველმა ის ვერ იცნო და არ შეუშვა მანქანით სტადიონზე. იქ მყოფმა ხალხმა კი მიშა ხელში აიტაცა და მანქანიანადაც შეიყვანა სტადიონზე.

მიშა ძალიან განიცდიდა ფეხბურთიდან წასვლას. "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გივი ჩოხელი იყო, მე მისი თანაშემწე გახლდით, როცა მესხს "დინამოდან" წასვლა მოუწია.

მაშინ ყველაფერს ცეკა წყვეტდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე გადაწყვიტეს... არადა, მესხი თუნდაც კლასის და გამოცდილების ხარჯზე კიდევ ორი წელი შეძლებდა მაღალ დონეზე თამაშს.

მესხს ხშირად ვსტუმრობდი მის ბინაში. ვატყობდი, რომ წყენა ისევ ჰქონდა,"დინამოდან" წასვლა რომ მოუწია.

სლავა მეტრეველიც ხშირად მოდიოდა მიშასთან. მესხი ხუმრობდა, სლავას სახინკლე აქვს და მაინც ჩემთან მოდის, რომ ისადილოსო. მიშა სლავაზე ზრუნავდა. ის დიდი ადამიანი იყო, როგორც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა.

ერთხელ საბჭოთა კავშირის გუნდი ბრაზილიაში ეთამაშა იქაურ ნაკრებს. შეხვედრას სენატორი რობერტ კენედი დაესწრო. მატჩის შემდეგ მოუნახულებია საბჭოთა კავშირის ნაკრები. ყველაზე უფრო მესხის თამაში მოსწონებია და უკითხავს მისთვის, საიდან ხარო. ჯორჯიას ხსენებაზე კენედი თურმე კიდევ უფრო დაინტერესდა, ამერიკის შტატიდან არის ეს ფეხბურთელიო. მიშა გვიყვებოდა, კენედის ავუხსენი, რომ ჯორჯია საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკაა, რომ ქართველები რუსები არ ვართო. მოკლედ, კენედის გეოგრაფიის გაკვეთილი ჩავუტარეო...“

ვლადიმერ ბარქაია: "დინამოში" 1957 წელს რომ მივედი, მაშინ გუნდები დუბლვე-სისტემით თამაშობდნენ.

მიშა მესხს უკვე დიდი სახელი ჰქონდა, არადა, სულ რაღაც ოცი წლის თუ იქნებოდა. 17 წლის იყო, "დინამოში" რომ მივიდა.

მესხი სწრაფი იყო, ადგილიდანაც დიდი სიჩქარით მოწყდებოდა ხოლმე. მის ტექნიკასა და ფინტებზე აღარაფერს ვამბობ. უდიდესი ფეხბურთელი გახლდათ. "დინამოს" სტადიონზე გულშემატკივარი ერთი ტრიბუნიდან საპირისპირო მხარეს გადადიოდა მეორე ტაიმისთვის, რადგან ხალხს უნდოდა, რომ ორივე ტაიმი ახლოდან ეყურებინა მარცხენა ფლანგზე მოთამაშე მესხისთვის. გულშემატკივრები ლამის ერთმანეთზე ისხდნენ იმ ტრიბუნის მხარეს, სადაც მესხი სასწაულებს აკეთებდა.

მესხი ზედმიწევნით რეჟიმისტი იყო. იმ პერიოდში საკუთარ თავს ძალიან უვლიდა. იმ დონის ვარსკვლავი იყო, რომ მისი ცუდი თამაში სირცხვილად ჩაითვლებოდა. ორი მცველი მეურვეობდა - ერთი მის პირისპირ იყო, მეორე კი დაზღვევაზე“.

ილია დათუნაშვილი: „საუბედუროდ, მიშას იმ დროს მოუწია თამაში, როდესაც ზენიტს მიაღწია რუსულმა შოვინიზმა. როცა დასჭირდებოდათ, "რუსი ფეხბურთელი მესხიო" - წერდნენ, ხოლო როცა მსოფლიო ფეხბურთელებში საუკეთესოდ დაასახელეს და ლონდონში მიიწვიეს, მესხი ინგლისში არ გაუშვეს“.

სამწუხაროდ დიდ ფეხბურთელს რუსმა შოვინისტმა სპორტულმა ფუნქციონერებმა და ქართველმა პარტიულმა მაღალჩინოსნებმა გასაქანი არ მისცეს და „ფეხბურთის აკადემიკოსი“ მწვანე მინდორს ვადაზე ადრე დაემშვიდობა. რუსებს რომ მესხი არ ეპიტნავებოდათ ამისი ახსნა ადვილია, მაგრამ თანამემამულე „ჩინოსნების“ საქციელი მრავალი კითხვის ნიშანს იწვევს.

ფეხბურთთან განშორების შემდეგ მესხმა საკუთარი საფეხბურთო სკოლა ჩამოაყალიბა და საქართველოს არაერთი ჩინებული მოთამაშე აღუზარდა.

სამწუხაროდ 1991 წლის 22 აპრილს დიდმა მოთამაშემ სამუდამოდ დაგვტოვა…