ბატონმა ჰერჩინსკიმ თუ დღეში ერთხელ გააკეთა მსგავსი განცხადება, არჩევნებამდე კიდევ 18 განცხადების მოლოდინში ვართ. უშუალოდ, არჩევნების დღეს კი, იმედია, თავს შეიკავებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „ფორმულასა“ და NEWS.ON.GE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის ელჩმა შემდეგი განცხადება გაკეთა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“.
მისი თქმით, მაშინ ღიად უნდა თქვას ჰერჩინსკიმ, რომ ყველა ის პარამეტრი, რასაც წევრობისთვის მოითხოვენ, სისულელეა და ევროკავშირში ვერ შევა ის ქვეყანა, რომელსაც სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და მოსახლეობის დაცვა სურს.
„ბოლო პერიოდი ხშირად მეკითხებიან - ჰერჩინსკის წინამორბედი ჰარცელი ხომ არ იყო ასეთი ხისტი და [რას უკავშირდება ეს ყველაფერიო]. საქმე იმაშია, რომ ჰარცელს გაუმართლა და ის კულუარულად მავნებლობდა. თუმცა, მათ შორის „ხალხის ძალამ“, ორი წლის წინ, ამ ფუფუნებიდან გამოიყვანა ჰარცელიც და აშშ-ის საელჩოც. შესაბამისად, ჰერჩინსკი დღეს უკვე იძულებულია, რომ მავნებლური განცხადებები დღის შუქზე, პირდაპირ აკეთოს და არა - კულუარულად.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ჰერჩინსკის პირადი აზრი - ამაში დარწმუნებული ვარ. პენსიაზე მყოფი ჰერჩინსკი პიროვნულად ამას არც არასდროს გააკეთებდა, მაგრამ ავალებენ და აკეთებს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ წელს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პრეცედენტის მოწმენი ვართ - ოპოზიციის სრული გაკოტრების ფონზე საარჩევნო კამპანიას საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები ახორციელებენ და ამას არც მალავენ. აშშ-ის საელჩო ამას ე.წ. ქარდების რევოლუციით აკეთებს, როცა ყოველდღიურად ერთი მეორეზე სულელურ განცხადებებს ავრცელებს სოციალურ ქსელში. ჰერჩინსკი კი ამას აუდიო რეჟიმში ახორციელებს.
ჰერჩინსკის გადასაწყვეტია, საქართველო გახდება თუ არა ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის წევრი? იმ ხელისუფლების პირობებში, რომლის მმართველობის დროსაც საქართველო ყველა საერთაშორისო პარამეტრებით არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ, თავად წევრ ქვეყნებსაც უსწრებს. მაშინ ღიად თქვას ჰერჩინსკიმ, რომ ყველა ის პარამეტრი, რასაც ევროკავშირის წევრობისთვის მოითხოვენ, სისულელეა, ამას არ უნდა მივყვეთ და [ახალი წესია ის, რომ] არ შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს ის ქვეყანა, რომელიც პირველ რიგში აყენებს საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და მოსახლეობის დაცვას და საკუთარი მრწამსითა და ტრადიციებით აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვან პირდაპირ, რომ ეს ყველაფერი მათ რეალურ მიზნებს ეწინააღმდეგება და ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდებით“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.