ჩხატარაშვილი-ნაცვლიშვილის ტანდემს შესაძლოა ბევრი შეეწიროს

ჩხატარაშვილი-ნაცვლიშვილის ტანდემს შესაძლოა ბევრი შეეწიროს

„არ ვიცი რატომ იყო ჩხატარაშვილი პროკურატურაში პოპულარული და ამას გავარკვევთ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშილი, რომლის განცხადებით, ჩხატარაშვილი მისთვის პოპულარული არასდროს ყოფილა, ჩხატარაშვილი პოპულაური იყო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილისთვის და ყოფილი პრემიერის ეკონომიკური მრჩევლისთვის, გია ხუხაშვილისთვის. ლაშა ნაცვლიშვილსგან განსხვავებით, გია ხუხაშვილი არ უარყოფს ჩხატარაშვილთან ურთიერთობას.

თუმცა, თავდაპირველად, 2013 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა დავით ჩხატარაშვილი გია ხუხაშვილთან ერთად, ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მაშინ გია ხუხაშვილმა, რომელიც პრემიერ მინისტრის მრჩეველი იყო, ჩხატარაშვილთან ნაცნობობა და კავშირები უარყო. თუმცა, მოგვიანებით დაადასტურა, რომ რამდენჯერმე შეხვდა ჩხატარაშვილს, ესაუბრა და მისგანაც მიიღო ინფორმაცია სასჯელაღსრულების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ. გია ხუხაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თანამშრომლობდა თუ არა დავით ჩხატარაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილთან.

თავად ნაცვლიშვილმა ქვეყანა ისე დატოვა, რომ მის წინააღდეგ არსებული ბრალდებები პასუხგაუცემელი დატოვა. ნაცვლიშვილი ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება, გავრცელებული ინფრომაციით, მან ქვეყნიდან 100 მლნ. დოლარიც წაიღო. ლაშა ნაცვლიშვილის ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს მთავარი პროკურატურა უკვე სწავლობს. გია ხუხაშვილი თვლის, რომ ნაცვლიშვილის მიერ ქვეყნის დატოვება ეჭვებს აძლიერებს.

„მე არ ვიცი რაზეა კონკრეტულად საუბარი. თუ ლაშა ნაცვლიშვილმა ფული მოიპარა, ან სხვა რამე გააკეთა, არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებმაც ამაზე განმარტებები უნდა გააკეთონ. როდესაც არის რაღაცა მუდმივი გადაჩურჩულებები და სამართალდამცავები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, ძალიან უცნაური სიტუციაა და ჩნდება ვარაუდი, რომ რაღაცა სხვა ინტერესი დგას ამის უკან.

რა თქმა უნდა, ლაპარაკები ბევრი მსმენია. თავს ვერ დავდებ, თუმცა მისი ქვეყნიდან წასვლა აძლიერებს ამ ეჭვებს. ლაშა ნამდვილად არაა იმდენად სულელი, რომ რა ხმებიც მასზე დადის, ეს მას გაეკეთებინა. მაგრამ ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ წავიდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს დროებითია და მალე გამოჩნდება ქვეყანაში. მე თუ მექნება ამის საშუალება, მეც ვთხოვ რომ გამოჩნდეს ქვეყანაში. ამდენ კითხვებზე პასუხის არგაცემა, კიდევ უფრი აძლიერებს ამ ეჭვებს და ეს ცუდია მისთვის“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილი ადასტურებს, რომ ჩხატარაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია.

„მინდოდა იმ დანაშაულებრივი სისტემის მუშაობის ალგორითმი გამეგო, თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ჩხატარაშვილი იყო ამ სისტემის ერთ-ერთი მსახური. ეს იყო არჩევნების შემდეგ, ერთი-ორი თვის განმავლობაში. რამდენიმე შეხვედრა მქონდა მასთან. ბევრი ვერაფერი ინფორმაცია ვერ მივიღე, მაგრამ საინტერესო რაღაცეები ითქვა მისი მხრიდან. ეს სამწუხარო რეალობაა. ის არ იყო სისტემის დამკვეთი, ის იყო სისტემის კარგი, ინტელექტუალური მსახური. სხვა მასთან არანაირი ურთიერთოიბა არ მქონია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

„ჩხატარაშვილი იყო ძალიან გავლენიანი პიროვნება ყოფილი ხელისუფლების დროს. ის არ ყოფილა პოპულარული პირადად ჩემთვის და არც ბატონი ბიძინასთვის. მე არ ვიცი რატომ იყო ის პოპულარული პროკურატურაში და ამას ჩვენ გავარკვევთ. ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ის ამჟამად არის ბრალდებული და კონკრეტული გამოძიება მიმდინარეობს. დანარჩენი გაირკვევა, არაფერი არ იმალება და არაფერი დარჩება პასუხგაუცემელი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, სააკაშვილის მთავრობის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი პროკურატურაში კონსულტანტად ჰყავდათ მიღებული. გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ სანამ პროკურორი გახდებოდა, მანამდე კომფორტულად გრძნობდა თავს პროკურატურაში.

„თავისუფლად მიდი-მოდიოდა. კონსულტაციებს აძლევდა პროკურატურის მაშინდელ თანამშრომლებს. ჩხატარაშვილი მიღებულ კონსულტანტად ჰყავდა პროკურატურას. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია“, - აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.

ჩხატარაშვილი რომ პროკურატურაში ხშირი სტუმარი იყო და ის სპეციალური საშვის გარეშე შედიოდა პროკურატურის შენობაში, ამას მთავარი პროკურატურის თანამშრომლებიც ადასტურებენ. მათივე განმარტებით, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ძირითადად, მე-4 სართულის კორიდორში ფიქსირდებოდა, ამავე სართულზე იყო ლაშა ნაცვლიშვილის სამუშაო კაბინეტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხტარაშვილის მეშვეობით დაამყარა კავშირი ნაცვლიშვილმა კუდ-ის ყოფილ უფროსთან, დათა ახალაიასთან და იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან, რომელიც ინტეროპოლით ძებნილთა სიაში მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, როცა ინფორმაცია მედიით გავრცელდა. ამ ისტორიაში საინტერესოა ის დეტალიც, რომ ჩხატარაშვილის წარსული საქმინობით რატომღაც მთავარი პროკურატურა არ დაინტერესებულა. მეტიც - ჩხატარაშვილმა ნდობა იმდენად მოიპოვა, რომ პროკურატურაში ადეიშვილის კადრების ლობირებაც დაიწყო და ზოგი მათგანი კვლავ დააბრუნა ამ სისტემაში. სწორედ ჩხატარაშვილის რეკომენდაციით დააბრუნა ლაშა ნაცვლიშვილმა პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილის კადრი ნინო ბერუაშვილი და ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. საკადრო გადაწყვეტილებას ნაცვლიშვილი მთავარ პროკურორთან შეუთანხმებლად იღებდა, რაც მათი დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

ექსპერტ კახი კახიშვილის შეფასებით, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნის დავით ჩხატარაშვილის პერიოდზე გამოძიება უნდა დაიწყოს. კახიშვილის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩხატარაშვილის საქმიანობიდან გამომდინარე, კონკრეტული მაღალჩინოსნების საქმეზე, სასამართლოში სუსტი ბრალდებების გაგზავნა მოხდა, რათა მათზე დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი.

„ჩხატარაშვილი რომ იყო მთავარი კონსულტანტი პროკურატურის, ამის თაობაზე ჩვენ ერთი წელია ვსაუბრობთ. ჩხატარაშვილი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა 2012 წლის შემდეგ პროკურატურაში. მანამდე, უბრალოდ, იყო დე-იურე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, პირველი ოქტომბრის შემდეგ კი გახდა დეფაქტო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. მისი კადრები ისევ ბრუნდებოდნენ, ინიშნებოდნენ მაღალ თანამდებობებზე. მეტიც, საკადრო პოლიტიკას და სისხლის სამართლის საქმეების მიმართულებასაც კი ის განსაზღვრავდა“, - აცხადებს კახიშვილი.

მისივე განმარტებით, საუბარია იმაზე, თუ რომელი საქმე უნდა ყოფილიყო გამოძიებული, რომელი უნდა შემოელაგებინათ თაროზე. ამიტომაც ეს პერიოდი სრულად გამოსაძიებელია.

„იცით, რომ მაშინდელი მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა და მთავრობაც ამას უარყოფდა. დღეს კი ფაქტი ყოფილა, რომ ჩხატარაშვილი არა მხოლოდ კონსულტაციას უწევდა პროკურატურას, არამედ თავისუფლად გადაადგილდებოდა. ამიტომაც გამოსაძიებელია, მთლიანი პერიოდი და კონკრეტულად, ამით რა ზიანი მიადგა სისხლის სამართლის საქმეებს, მათი გამოძიების პერსპექტივას, რადგანაც არა ერთხელ გამოიკვეთა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ მოხდა შეგნებულად კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვისთვის სასამართლოში გაშვება სუსტი ბრალდებით, რომ შემდგომში მათზე გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო“, - აცხადებს კახიშვილი.

როგორც კახიშვილი აცხადებს, მთავარმა პროკურატურამ ერთი წლის მანძილზე ვერ შეძლო და ვერ გამოკვეთა ორგანიზებული დანაშაული, რაც სისტემურ დანაშაულს ნიშნავს. მისივე თქმით, ამ პერიოდის მანძილზე საზოგადოებამ იხილა ბრალდებები მხოლოდ რამდენიმე პირის მიმართ და ბევრი მათგანის განხილვა დასრულდა გამამართლებელი განაჩენით.

„ეს ყველაფერი განზრახ მოხდა თუ არა, ეს უკვე გამოძიების დასადგენია და ვფიქრობ, რომ გამოძიებამ ეს უნდა დაადგინოს. სხვათა შორის, ახალი ხელმძღვანელობის დროსაც დაწინაურდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩხატარაშვილთან მუშაობდნენ როგორც კონსულტანტები და ითვლებოდნენ მის კადრებად“, - აცხადებს კახი კახიშვილი.