ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულების გამოქვეყნების შემდეგ კვლავ წამოტივტივდა მისი ქონების საეჭვო გადანაწილების თემა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებისთანავე ბურუსით მოცული გახდა.
ყოფილი ხელისუფლებისა და ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირების სხვადასხვა მიზეზები სახელდება, თუმცა აქცენტირება მაინც ტელეკომპანია „იმედზე“ ხდება. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო (მათ შორის, საუბარია გირგვლიანის საქმის გაშუქებაზე), ხელისუფლებამ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. ერთ-ერთი ვერსიით, სანაცვლოდ ბიზნესმენს „საქართველოს რკინიგზაც“ კი შესთავაზეს, მაგრამ მისგან უარი მიიღეს.
თუმცა ფაქტია, რომ იმ პერიოდში არსებობს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლის თანახმად, შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაეცა Parkfield Investment Ltd-ს 99 წლის ვადით.
ვინ იდგა კომპანიის უკან არ გახმაურებულა, თუმცა გამოითქვა ვარაუდები, რომ გარიგების უკან მოსკოვში დაფუძნებული კომპანია, მისი მფლობელი რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი და ბადრი პატარკაციშვილი იდგა, ხოლო პატარკაციშვილი დათანხმდა, რკინიგზა თავის მედია ჰოლდინგში გაეცვალა. შესაძლოა, ამ ხმებს ხელისუფლებაც ავრცელებდა...
2007 წლის სექტემბერში პატარკაციშვილმა კატეგორიულად უარყო ეს ვარაუდები,0 თუმცა ოქტომბერში, როდესაც ის მმართველ პარტიას დაუპირისპირდა, განაცხადა, რომ ადრე ხელისუფლებამ მას უამრავი მომხიბვლელი წინადადება შესთავაზა ტელე და რადიო „იმედის“ სანაცვლოდ.
საინტერესოა, როგორ დაიწყო ეს ისტორია - მას შემდეგ, რაც 2008 წლის 12 თებერვალს პატარკაციშვილი გარდაიცვალა, „იმედის“ მფლობელობა საეჭვო ვითარებაში შეიცვალა. ცნობილია, რომ პატარკაციშვილს საკუთარი ქონება ახლობლებზე ჰქონდა გაფორმებული რომელთა სახელებიც გარკვეულ წრეში ცნობილი იყო.
ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გიორგი ჯაოშვილი, რომელიც საკონსულტაციო ჯგუფ JMG-ის 70%-ს ფლობდა. ამ კომპანიას კი I-Media-ში 65%-იანი წილი ჰქონდა. ის ასევე I-Media-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ჯაოშვილმა განაცხადა, რომ აიძულეს, თავისი წილი მიეყიდა ჯოზეფ ქეისთვის (სოსო კაკიაშვილისთვის), მილიარდერის შორეული ნათესავისთვის, რომელიც ამერიკაში მართვის ინსტრუქტორად მუშაობდა. როგორც ჯაოშვილი აცხადებდა, ქეი ირწმუნებოდა, რომ პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებელი იყო.
საბუთების ნახვის შემდეგ ჯაოშვილი ქეის ნოტარიუსთან გაჰყვა - მოგვიანებით ამ თემაზე გიორგი ჯაოშვილმა ღიად, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 19 თებერვალს, ქეიმ მას წარუდგინა პატარკაციშვილის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ტექსტი ინგლისურ ენაზე და განუცხადა, რომ ეს არის მინდობილობა, რომელიც ქეის პატარკაციშვილის ქონების განკარგვის უფლებას აძლევდა, ბადრის გარდაცვალების შემთხვევაში.
ჯაოშვილის ცნობით, მას აუხსნეს, რომ ტექსტი დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ, თუმცა ის არ იყო ორიგინალი.
„ქეიმ მითხრა, რომ დღეს (19 თებერვალს) მას შეხვედრა აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, თუმცა, ვიდრე ის ხელისუფლებას შეხვდება, სურს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ გადაიფორმოს“, - აღნიშნა ჯაოშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ მას იმ პერიოდში ქეის გულწრფელობაში ეჭვი არც შეუტანია.
ჯაოშვილს „ამ საქმის კეთილსინდისიერებაში“ პირველად ეჭვი მაშინ შეეპარა, როცა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსის შენობაში, სადაც წილის გადაფორების ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, შს სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დახვდნენ, რომლებიც შენობაში არავის უშვებდნენ.
ჯაოშვილმა ხელმოწერამდე განუცხადა ნოტარიუსს, რომ ვინაიდან კომპანია JMG-ს აქციები სასამართლოს მიერ იყო დაყადაღებული, ნებისმიერ აქტზე ხელმოწერა გამოცხადდებოდა ბათილად, მაგრამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოიტანეს 19 თებერვლით დათარიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის აქციებზე ყადაღის მოხსნის შესახებ.
ჯაოშვილი ამბობს, რომ ხელმოწერის წინ JMG -ს ერთი აქციის ფასი განისაზღვრა 40 ლარით და, საბოლოოდ, დოკუმენტში, კომპანიის აქციათა 70%-ის ღირებულება 450 000 ლარად შეფასდა.
მნიშვნელოვანია ერთი დამთხვევა: იგივე მისამართს და ნოტარიუსს ასახელებს ერთ-ერთ ტელეგადაცემაში თბილისის საავიაციო ქარხნის დამფუძნებელი პანტიკო თორდია, დაახლოებით ანალოგიურ ისტორია აქვთ თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მესაკუთრეებსაც. სავარაუდოდ, მსგავსი ისტორიები კიდევ უნდა არსებობდეს...
რაც შეეხება პატარკაციშვილის ქონებას, უკვე ეჭვსაც კი არ იწვევს, რომ ფაქტობრივად, ჯოზეფ ქეის დახმარებით ყოფილი ხელისუფლება გარდაცვლილი ბიზნესმენის მთელ ქონებას დაეპატრონა.
სხვათა შორის, საკუთარი ჩვენების ერთ-ერთ ეპიზოდში, კერძოდ ტელეკომპანია „იმედის“ ქონების გასხვისების ნაწილში, ჯოზეფ ქეი აცხადებს, რომ ტელეკომპანია გიგი უგულავას უშუალო მონაწილეობით გადაუფორმა ნაციონალებს, შემდეგ კი ყველამ ერთად საზოგადოება მოატყუა, რომ თითქოს, ტელეკომპანია არაბულმა კომპანიამ შეისყიდა.
საინტერესოა ისიც, რომ მაშინ, როდესაც პატარკაციშვილის ოჯახი ქეისთან სასამართლო დავას აწარმოებდა (2009 წლის თებერვალში), მან თავისი წილის 90% სააგენტო „რას ალ ხაიმას“ (RAK) მიჰყიდა.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლით ადრე არაბთა გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო სააგენტომ (RAKIA) შეიძინა ფოთის პორტი, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უნდა განევითარებინა.
მოგვიანებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ჯგუფმა განაცხადა, რომ იგი ამ გარიგებაში საერთოდ არ მონაწილეობდა და საქართველოში არსებული კომპანია უბრალოდ მისი სახელით იყო დარეგისტრირებული.
ამ ისტორიის შემდეგ, როგორც ჩანს, პატარკაციშვილის ოჯახი იძულებული გახდა რაღაც ტიპის ხელშეკრულება გაეფორმებინა სახელმწიფოსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გაეცვალა ოჯახს საკუთარი ქონების ერთი ნაწილი მეორეში.
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ სინდისის ქენჯნის გარეშე აცხადებს, რომ თურმე დოკუმენტის გასაიდუმლოება პატარკაციშვილის ოჯახის სურვილით იყო განპირობებული.
„პატარკაციშვილების ოჯახის დავასთან დაკავშირებული დოკუმენტის გასაიდუმლოება სახელმწიფოს მხრიდან ისეთივე მითი და ბლეფია, როგორი გასაიდუმლოებულიც ვითომ იყო ის, რომ კეზერაშვილს თავდებად ვუდგებოდით... ოჯახის სურვილი იყო, ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული ყოფილიყო და ეს დოკუმენტი გვეუბნება, რომ მას ჰქონდა დავა. სახელმწიფომ მას შესთავაზა მორიგება და გარკვეული ვალების ჩამოწერა მოხდა... სად არის აქ რაიმე განსაკუთრებული, რომელიც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა, ან სად არის აქ ზეწოლა, ზეწოლის მაგალითები“, - აცხადებს ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.
ნაციონალები იმასაც აცხადებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში უკანონო და უჩვეულო არაფერია და აღნიშნულ თემაზე იუსტიციის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას სპეკულაციად მიიჩნევენ.
„შეგიძლიათ, ნებისმიერ იურისტს ჰკითხოთ, რომ მორიგება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, რომელიც სახელმწიფოს უჩივის, ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკაა“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი კი მიიჩნევს, რომ „ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი უუნარობის გადაფარვას“.
ნაცმოძრაობის ლიდერთა ლოგიკა რომ არ დაირღვეს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ არაბული ინვესტიციების „ბუმი“ საქართველოში, როდესაც პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ქართულ-არაბული თანამშრომლობა საინტერესო ფორმატში წარიმართა - არაბებმა სხვისთვის წართმეული ქონების ყიდვა არ ითაკილეს, განსაკუთრებით გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ქონებით დაინტერესდნენ - „სტანდარტ ბანკის“ შემდეგ მთაწმინდის პარკი იყიდეს, ბოლოს კი ყველაფერი „ტელეიმედის“ გადაყიდვით დაგვირგვინდა. დღეს უკვე ცხადია, რომ წართმეული ქონება არა არაბებს, არამედ არაბებად მონათლულ ნაციონალებს „შეუძენიათ“ - ყველაფერი თუ არა, ნაწილი მაინც.
რაც ყველაზე საინტერესოა, არც ერთი კომპანიის ზუსტი ფასი არ დასახელებულა და არავინ იცის, შეძენილი ქონების სანაცვლოდ „არაბულმა“ კომპანიამ ვინმეს რამე გადაუხადა თუ არა.
განსაკუთრებით საინტერესოა როგორ მოხდა ამ „არაბებზე“ გაყიდული ქონების გადაცვლა ისევ „იმედის“ აქტივებზე. როგორც ჩანს, ეს პროცესი დასრულებული არ არის, რადგან პატარკაციშვილების ადვოკატი აცხადებს, რომ პირობა არ შესრულებულა.
„ბორჯომი“, „მაუდი“, „ქართული შაქარი“, „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“, და ა.შ. - ერთი ნაწილი პატარკაციშვილის ქონებისა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ნაციონალებს ხვდათ წილად, დანარჩენისთვის პატარკაციშვილის ყოიფილი პარტნიორი, აწ გარდაცვლილი ბორის ბერეზოვსკი „იბრძოდა“. მისი და ნაციონალების კულუარული მოლაპარაკებების შესახებ კი არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა..
საქართველოში პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებით ყოფილ მაღალჩინოსანთა რამდენიმე გვარი ფიგურირებს - უგულავა- სააკაშვილი -კეზერაშვილი. სხვათა შორის უგულავას ინტერესი ტელეიმედის მიმართ პატარკაციშვილის სიცოცხლეშივე იკვეთებოდა - „არკადიაში“ გაკეთებულ ჩანაწერში, უგულავას სადღეგრძელოს შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი ამბობს, რომ „იმედი არ იყიდება“. სხვათა შორის, პატარკაციშვილმა ეს სიტყვები მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისასაც გაიმეორა და დაადასტურა, რომ მას მედიის სანაცვლოდ ბევრ რამეს სთავაზობდნენ...
სხვათა შორის, „სალფორდ ჯორჯიას“, (ბადრი პატარკაციშვილის ქონების მმართველი კომპანიის) ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ბადრის ქონებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოლაპარაკება სწორედ უგულავას კაბინეტში გაიმართა, სადაც კეზერაშვილიც მონაწილეობდა.
ცალკე საუბრის თემაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, სადაც უამრავი ლაფსუსი ჩანს ზედაპირზე. ამ ეტაპზე პატარკაციშვილის ოჯახი დეტალური საუბრისგან თავს იკავებს. ცხადია ბიზნესს ყოველთვის ურჩევნია, პრობლემები უხმაუროდ მოაგვაროს, თუმცა საზოგადოებისთვის ძალზე საინტერესოა, ოფიციალური გამოძიებით დადასტურებული ინფორმაცია, ყოფილი მაღალჩინოსნები რა როლს ასრულებდნენ ამ გახმაურებულ საქმეებში.
ცნობილია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე და ამის შესახებ სპეციალურ განცხადებასაც აქვეყნებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 2007 წლის ნოემბრიდან 2011 წლის ივნისის პერიოდს, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა სახელმწიფოსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის მორიგების მემორანდუმის გაფორმება.
„2007 წლის ბოლოს ბადრი პატარკაციშვილმა გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულის შემდეგ პატარკაციშვილზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაიწყო მის საკუთრებაში არსებული ქონების და კომპანიების მიმართ სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებების გატარება.
...ღონისძიებებში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, საგადასახადო დეპარტამენტი, თბილისის მერია, ფინანსური პოლიცია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია. შეთანხმების გაფორმებისას ამ სახელმწიფო ორგანოებს და მთლიანად სახელმწიფოს წარმოადგენდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი.
გამოძიებით დგინდება, რომ ხსენებულ პერიოდში პატარკაციშვილის და უკვე ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ მისი ოჯახის მიმართ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებს შედეგად მოჰყვა, გამოძიებების და საგადასახადო შემოწმებების დაწყება, პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებული ყველა კომპანიის წილების და ანგარიშების დაყადაღება, მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან მოქმედი ლიზინგის ხელშეკრულების გაუქმება, ტელეკომპანია იმედის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სხვადასხვა ფორმით ხელისუფლების წარმომადგენლების გამგებლობაში გადაცემა, ასევე სხვა კომპანიების მიმართ სამოქალაქო დავების წამოწყება და სხვა.
აღნიშნული ქმედებები განხორციელდა მაშინდელი შსს, თბილისის მერიის, ფინანსური პოლიციის, შემოსავლების სამსახურის, საჯარო რეესტრის, პროკურატურის და სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმებულად და ორგანიზებულად, დროის უმოკლეს პერიოდში.
... 2011 წლის ივნისის თვეში სახელმწიფოსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმდა მორიგები შეთანხმება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხელისუფლების წარომადგენლებმა აიღეს რიგი ვალდებულებები პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ, თუმცა ამავდროულად, ვინაიდან მათ არ სურდათ ტელეკომპანია იმედის დათმობა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ვალდებულებად განუსაზღვრეს, რომ უარი უნდა ეთქვა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებულ კომპენსაციაზე“, - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიება ამ ეტაპზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ორგანიზებულად, „ტელეიმედის“ და პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებების დანაშაულებრივი გზით უკანონოდ დაუფლების ფატქების გამოსავლენად, კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხის დასადგენად.
„ამავდროულად, საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თბილისის მერი გიორგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. საქმე ეხება ე.წ. რიყის ეპიზოდს, რა დროსაც თბილისის მერიის კუთვნილი თანხა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით იქნა მითვისებული. სწორედ ამ გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დამფუძნებელი ოფშორული კომპანიების კერძოდ, პანამაში რეგისტრირებული Borex Limited-ს და Rak Georgia-ს რეალური ბენეფიციარები იყვნენ დავით კეზერაშვილი და გიორგი უგულავა“, - ნათქვამია განცხადებაში.