შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების რეცეპტებით ეტაპობრივად გაცემასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ეტაპობრივად გადადის მედიკამენტების რეცეპტებით გაცემაზე, ანუ აღადგენს იმ ლოგიკას, რაც ყოველთვის იყო ჯანდაცვაში და, მეორე მხრივ, უერთდება ევროკავშირის კონვენციებს.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში, როგორც სამედიცინო საზოგადოებამ, ასევე პაციენტებმა, გარკვეულწილად, დაკარგეს და ახალ თაობას არც შეუძენია რეცეპტებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები, ამიტომ რეცეპტებზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად.
კერძოდ, მთავრობამ პარლამენტს აღნიშნული ინიციატივა უკვე წარუდგინა, რომელსაც პარლამენტი უმოკლეს ვადაში განიხილავს. კერძოდ, ეფედრინისა და კოდეინის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებოდა ნარკოტიკული თრობისთვის და საინექციო ნარკოტიკების დასამზადებლად, მეორე ჯგუფიდან აიწევს პირველი ჯგუფის, უმაღლესი კონტროლის ჯგუფში, ანუ ნარკოტიკების კატეგორიაში და მასზე გავრცელდება არა მარტო მკაცრი რეცეპტით გაცემა, არამედ მოხდება ქვეყანაში შემოსატანი რაოდენობის კვოტების განსაზღვრაც.
მეორე ჯგუფის ექვსი მედიკამენტი, რომელთა სათავეშია ბაკლოფენი, 10 დღეში პირველ ჯგუფში გადაინაცვლებს, ოღონდ ეს იქნება არა უმკაცრესი სიმაღლის კატეგორიაში, არამედ მესამე კატეგორიაში, ნარკოტიკებთან გათანაბრებულში. ეს რეგულირდება მინისტრის ბრძანებით, რომელიც უკვე გაცემულია და შესაბამისად, რამდენიმე დღეში შევა ძალაში. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე ზოგადი საანესთეზიოლოგიო საშუალებები, საინგალაციო და საინექციო წამლები, რომლითაც პაციენტს აძლევენ ნარკოზს, მხოლოდ საოპერაციო ბლოკში შეიძლება მათი გამოყენება. დღეის მდგომარეობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ურეცეპტოდ მათი შეძენა, რაც სასიკვდილო საფრთხეს იწვევს. ანესთეტიკებზე და მიორელაქსანტებზე განხორციელდება შემდეგი რეგულაცია - მათი გაყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დაწესებულების და არა კერძო პირის მიერ.
რაც შეეხება მესამე ჯგუფის მედიკამენტებს, როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, რჩება ძალიან დიდი ჯგუფი, მესამე ჯგუფი, სადაც 5 000-ზე მეტი დასახელების წამალი შევა, რომელზეც არანაირი რეცეპტი საჭირო არ იქნება და თავისუფლად გაიყიდება. შესაბამისად, არანაირი მარაგის შეძენა საჭირო არ არის. ხოლო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ექნებათ ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შექმნილი აქვს რეგულაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ბინაზე მწოლიარე პაციენტების მედიკამენტებით მომარაგება.
უკვე ცნობილია, რომ რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემა, პირველ შემთხვევაში, 6 000 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
მისი თქმით, განმეორების შემთხვევაში, ამ სახის მედიკამენტის გამცემი პირი, უკვე, შესაძლოა, ლიცენზიის ჩამორთმევით დაისაჯოს.
„პარლამენტმა შეიტანა ცვლილება კანონში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, გაამკაცრა რეგულაციები და საჯარიმო სანქციები პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში. ასევე, შემოიტანა ახალი რეგულაცია, რომ მეორე ჯგუფს დაქვემდებარებული პრეპარატები რეცეპტის გაცემის წესს დაექვემდებაროს. თუ პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე, შესაბამისი კანონმდებლობით დაისჯება გამცემი. საუბარია იმ პრეპარატებზე, რომელზეც რეცეპტის გაცემა არის დაწესებული. საჯარიმო სანქციები რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე გაორმაგებულია“, - განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე.
ამასთან, ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ტექნიკური ხარვეზები გამოიწვიოს მეორე ჯგუფის პრეპარატების რეცეპტისთვის მთლიანმა დაქვემდებარებამ, ამიტომ ეს რეგულაცია ეტაპობრივად გაიწერა და 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე თანდათანობით მოხდება ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტს დაქვემდებარება.
ფარმაკოლოგები აცხადებენ, რომ ამ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.
„სახალხო აფთიაქის“ დირექტორის, არჩილ მორჩილაძის განმარტებით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს სისტემა მოქმედებს, პროცესი ჩვენთანაც დასაწყები იყო. ამიტომ კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა საზოგადოების განწყობა და 1-ელ სეტემბრამდე გადადო ეს პროცესი. ეს დაეხმარება სამედიცინო საზოგადოებას და ფარმაცევტულ კომპანიებს, უფრო მომზადებულნი შეხვდნენ ამ სისტემას.
„საქართველო მოწინავე პოზიციაზე იყო მედიკამენტების მოხმარების კუთხით, რაც მეტად ცუდი მაჩვენებელი გახლდათ ქვეყნისთვის. ამიერიდან ეს მაჩვენებელი შემცირდება. რეცეპტის გამოყენება საერთოდ არ ხდებოდა, ფარმაცევტს უფლება არ ჰქონდა, ურეცეპტო მყიდველისთვის უარი ეთქვა წამლის გაცემაზე. ახლა კი, შეიძლება, შემცირდეს ფარმაკოლოგიურ პრეპარატებზე თანხები და თავი დავიცვათ რისკებისგან“.
ექიმი თემურ მიქელაძე კი აცხადებს, რომ თითოეული ექიმი რეცეპტების შემოღების წესს მიესალმება, რადგან თვითმკურნალობა და არასწორად დანიშნული პრეპარატი დაავადების ხანგრძლივობას ზრდის. ამიტომ აუცილებელია, ექიმის მიერ სამკურნალო საშუალებების რეცეპტით გაცემა.