გარდაბნის თბოლექტროსადგურის მშენებლობაზე 600-მდე ადამიანი დასაქმდება

გარდაბნის თბოლექტროსადგურის მშენებლობაზე 600-მდე ადამიანი დასაქმდება

600-მდე სამუშაო ადგილი და ელექტროენერგიის დამატებითი წყარო საქართველოს ენერგოსისტემისთვის - გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური შენდება. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური ბუნებრივ აირზე იმუშავებს და საქართველოსთვის ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო რეზერვი იქნება.

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა და თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარდაბნის თბოელექტროსადგური უპრეცედენტო პროექტია და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს.

„საქართველოსთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. სწორედ, ამიტომ ენიჭება ამ პროექტის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სადგურის დადგმული სიმძლავრეა 230 მეგავატი, ხოლო პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათია. სადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს.

„ამჟამად საქართველო, ენერგეტიკული თვალსაზრისით, 75 პროცენტით დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე. საქართველოს გააჩნია პირობები საიმისოდ, რომ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით ტექნოლოგია, რომლითაც თბოელექტროსადგური აღიჭურვება, ენერგეტიკულ სისტემაში წარმოქმნილი პრობლემის შემთხვევაში, უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.

„თბილისიდან 40 კმ მანძილზე განთავსებული თბოელექტროსადგური 3 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. იგი იმუშავებს ბუნებრივ აირზე და აღიჭურვება კომბინირებული ციკლის უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიქსის“ და „შკოდას“ მაღალეფექტიანი ტურბინებით. ეს მას საშუალებას მისცემს, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სისტემის უწყვეტი მომარაგება. ამდენად, გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მშენებლობის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თურქული კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი აჰმედ ჩალიკი, რომელმაც თბოლექტროსადგურის მნიშვნელობასა და საქართველოში მომავალში განსახორციელებელ ინვესტიციებზე ისაუბრა. თურქი ინვესტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში განახორციელოს.

„ჩვენ „ჩალიქ ენერჯი“ საქართველოს ძალიან ვენდობით. ჩვენთვის, როგორც ამ პროექტის კონტრაქტორისთვის, ეს საკმარისი არ არის. ინვესტიციები ენერგეტიკის გარდა გვექნება სხვა სფეროშიც. საქართველოს მთავრობისა და ბიუროკრატების მიერ ინვესტორების მხარდაჭერა და საქმეების გამარტივება საქართველოში ინვესტირებას უფრო მიმზიდველს ხდის. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში შექმნილ ინვესტირების ფონდთან. ჩვენ, როგორც ინვესტორები, ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე“, - განაცხადა აჰმედ ჩალიკმა.

ღონისძების დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა, კახი კალაძემ, აჰმედ ჩალიკმა და ირაკლი კოვზანაძემ ხელი მოაწერეს მიმართვას - „გზავნილი მომავალ თაობას“, რომელიც სპეციალურ კაფსულაში მოთავსდა და გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის საძირკველში ჩაიდო.

გარდაბნის თბოლექტროსადგურის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მილიონი აშშ დოლარია და ის საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ ფინანსდება. თბოელექტროსადგურს უმსხვილესი თურქული კომპანია - „ჩალიკ ენერჯი“ აშენებს.