მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კულტურის სამინისტრომ 8 მილიონი ლარი ვერ აითვისა და უკანვე დააბრუნა. პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი კულტურის სამინისტროს მიერ მისთვის გამოყოფილი თანხის ბიუჯეტში დაბრუნებას გამოეხმაურა.
„ვერ აითვისა???? ესე იგი, კულტურული საქმე, რომელიც სახელმწიფო დახმარებას მოითხოვდა, „ვერ“ მოინახა... ეს ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ „გეგმა“ შესრულდა და გასაკეთებელი მეტი არაა: დადიანების სასახლის საკითხი გადაწყდა, ქართულ კინოს აღარაფერი სჭირდება, თეატრი ხომ აყვავებულია, ხელნაწერთა ინსტიტუტს ხომ თანხები არ და არ სჭირდება, ჩვენი ძეგლები ხომ ყველა ისეთი მოვლილია, რომ მეტი არ იქნება, გასაკეთებელი კიდევ ბევრია თუ გასაკეთებელი აღარაა?“ - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქში.
მხატვარი გია ბუღაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მას ისედაც დიდი წარმოდგენა არ აქვს დღევანდელი ჩვენი კულტურის მესვეურებთან დაკავშირებით, „კულტურის თვალსაზრისით სულს ვღაფავთ, ამ დროს კი თანხების დაბრუნება გაუგებარია“.
„ძალიან ტრაგიკული სიტუაციაა. ქართული კულტურის აურაცხელი სფერო საჭიროებს დახმარებას. მარტო კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებით, რამდენი პრობლემაა, რამდენი მუზეუმი, ექსპონატი, კულტურული ძეგლია გადასარჩენი. ცოტა ეგოისტურად ვიტყვი, მაგრამ სამხატვრო აკადემიის შენობა ყველაზე ძველი სახლია საერო შენობათა შორის. იგი აშენებულია 1860 წელს, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლემდე ათი წლით ადრე. ეს ისტორიული შენობა, ირანულ და ევროპულ-ქართული კულტურის შედევრი, 4-5 მილიონს საჭიროებს. თუნდაც მილიონნახევარი რომ გამოეყოთ, დაიწყებოდა მისი გამაგრებითი სამუშაოები. აღარაფერს ვამბობ სხვა ისტორიულ ძეგლებზე, ძეგლ-სახლებზე, აურაცხელ მუზეუმებზე, ახალგაზრდულ პროექტებზე, რომლებიც ჩავარდა და ვერ ახორციელებენ“, - განმარტავს გია ბუღაძე.
ამასთან, მხატვარი აცხადებს, რომ ფონდები მოუვლელი, მიგდებულია, პროფესორ-მასწავლებლების ხელფასები უმდაბლეს დონეზეა. რაც შეეხება 8 მილიონს, მისი თქმით, საქართველოსთვის, როგორც ღარიბი ქვეყნისთის, ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ეს 8 მილიონი შეიძლება დიდი არ იყოს საფრანგეთისა და გერმანიისთვის, მაგრამ საქართველოში ამის გამოუყენებლობა უნიჭობის გამოხატულებაა.
„აურაცხელია ამ ტიპის შენობა, ისტორიულ ძეგლებში წყალი ჩადის. თუ ამ თანხას უკან აბრუნებ, შე მამაცხონებულო, და არაფრის დაგეგმვა არ შეგიძლია, რაღა სამინისტრო ხარ? როგორ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა? ამას ერთადერთი ახსნა აქვს. ალბათ, არ არის სწორი მენეჯმენტი. არ არის სწორად დაგეგმილი არაფერი, არ აქვთ გეგმა, იდეა, მიზნები, პროექტები. ეს არის სამინისტრო?!“ - კითხულობს მხატვარი.
მისივე აზრით, კონკრეტულმა სამინისტრომ რომელიმე ხელისუფლებას კი არ უნდა მოაწონოს თავი, არამედ, საზოგადოებას და ხალხს. გარდა ამისა, ისტორიულ ძეგლებს მაინც უნდა მიხედონ სოლოლაკში ან მთაწმინდაზე. ამასთან, აუცილებელია ახალგაზრდა ხელოვანების წარდგენა მსოფლიო სივრცეში, არაჩვეულებრივი წიგნების, ლიტერატურის გამოცემა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
არქიტექტორი ცირა ელისაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ყოველი დაზოგილი ლარი, თუ წლიური ბიუჯეტის მიერ არ იქნა ათვისებული, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს თანხა გადადის მეორე წლის ბიუჯეტში. უბრალოდ, ეს ნიშნავს, რომ ამდენი თანხით ნაკლები იქნება ბიუჯეტი.
„კულტურის სფეროში თანხების განუკარგაობა დიდ ეჭვს იწვევს. ნამდვილად არ არის საკითხი ისე მოგვარებული, რომ ჩვენ უკვე ზედმეტი თანხა გვრჩებოდეს. კულტურის სამინისტრომ უნდა განმარტოს, თუ რატომ დაზოგა თანხები. რატომ არ ხდება პროექტების დაფინანსება? ეს კითხვის ნიშანს ბადებს“, - აცხადებს ცირა ელისაშვილი.
მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის თემას არ ეხება, არამედ ეს პრობლემები კულტურის ყველა სფეროშია. სრულიად მიუხედავია არამატერიალური კულტურის მენეჯმენტი, კინოსფეროსაც ბევრი პრობლემა აქვს.
რეჟისორი და პარლამენტარი ნუკრი ქანთარია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე, მან ჰკითხა ნოდარ ხადურს, როცა მას ბიუჯეტი გამოჰქონდა პარლამენტის სხდომაზე, კულტურის სამინისტროს 80 მილიონს შეიძლებოდა თუ არა, რომ მომატებოდა და ამის პასუხად ხადურმა აღნიშნა, რომ მათ 7 მილიონი დარჩათ აუთვისებელიო. თუმცა კულტურის სამინისტროში პირადად მას აუხსნეს, რომ ეს 7 მილიონი კი არ იყო, არამედ - 3 მილიონი. ეს თანხა კი მათ გადანახული ჰქონდათ სპეცმიზნებისთვის.
ჩვენ სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. მათ განმარტეს, რომ 8 მილიონი ძალიან დიდი ციფრია და ამ თანხის დაბრუნება არ მომხდარა. უბრალოდ, გაცილებით ნაკლებ თანხაზეა საუბარი. თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს და დაგვპირდნენ, რომ კულტურის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებდა კომენტარს.