დიტო გელოვანი: იშკილბაზის დამხმარე კაცი

დიტო გელოვანი: იშკილბაზის დამხმარე კაცი

გორსალა - უკულტურო, უვიცი და ამავე დროს პრეტენზიული ადამიანი.

რქიანი - ჩამორჩენილი, ხალხში გამოუსვლელი, უგუნურად აგრესიული.

კრახი - უგვანო, უჯიშო, საძაგელი.

ნოყიერი - ძალიან ბრიყვი, სიბრიყვით მეტისმეტად გაჯერებული ადამიანი.

დარეხვილი - სულელი, ჭკუასთან მწყრალად მყოფი. სინონიმი ”დარტყმული” მომდინარეობს ”რეხვა” ზმნიდან, რაც დარტყმას ნიშნავს: დარეხვილი, ანუ დარტყმული - ვისაც დარტყმის შედეგად დაუზიანდა ნერვული სისტემა.

მამალი გიჟი - მეტისმეტად გიჟი.

რიჟა ბაზარი - ტყუილი ლაპარაკი, ყბედობა დროის გასაყვანად ან დროის მოსაგებად (შდრ. ბაზარი). როგორც ჩანს ”რიჟა” აქ ტაკიმასხარულს გულისხმობს (რუს. рыжий - კლოუნი, ტაკიმასხარა).

სიაბანდი/სიაფანდი - ი. გრიშაშვილის განმარტებით, ”იშკილბაზის დამხმარე კაცი”. თანამედროვე ჟარგონში იხმარება ”ტყუილის” და ”მატყუარას” მნიშვნელობით.

(ლევან ბრეგაძე, ”ქართული ჟარგონის ლექსიკონი”)

 

ეს არ იყო პირველი... პირველს უფრო პოეტური ელფერი დაკრავდა, იყო ლექსები, პოემები, სონეტები, სიტყვაკაზმული ხელოვნება. იყო ციტატები, რეჩიტატივი, იყო ბექვოკალები, რიტმ-გიტარა, სოლო-გიტარა, ბას-გიტარა, დრამი... იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხედრული სული - დეპუტატები ბიძინა ბრეგაძე, კობა ბექაური და ალეკო შალამბერიძე რეზერვისტის ფორმებში, სრული სამხედრო აღჭურვილობით. იყვნენ ნაციონალური შრომის გმირები, იყო ნელსურნელება... დაუვიწყარია.

 

გასულ კვირაში ლექსები არ იყო, უფრო - შაირები. იყო პრეზენტაცია, მაგრამ არ იყო ნელსურნელება, ჰაერი იყო გარინდული, ნესტოები იყო დაბერილი, თუმცა, შემდეგ ყველამ ერთბაშად ცხვირზე მოიჭირა ხელი, სუნმა ტელევიზორიდან გამოაღწია - ტრიბუნაზე იდგა გურამ ჩახვაძე, თვალში ედგა ცრემლი, გულში - შიში, სულში - კაეშანი და... ოფლი, ცივი ოფლი.

უგვზო-უკვლოდ დაკარგული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იმ დღეს ოფიციალურად გამოცხადდა გარდაცვლილად.

 

აუტანელ სიმყრალეში მოხდა ედეპეს დასაფლავება... სამგლოვიარო მელოდიას ”იამაჰაზე” ასრულებდა მიხეილ სააკაშვილი. ”აბობოქრებულ ზღვაში გატარებ, მე კი ვიქნები ჩამქრალი გემი. ჩემი სიკვდილი თუ გაგახარებს, შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩემი” - მღეროდა ნუგზარ წიკლაური. წუგზარ, წუგზარ, შენსა მზესა, მიშა-ბიჭი რა რიგია?

 

”ბურებს წალენჯიხაში დაეშვათ საბურავი, შეიპატიჟეს ოჯახში და აღმოაჩინეს, რომ ოჯახში აქვთ სწრაფი ინტერნეტი, იმათმა შვილებმა იციან რამდენიმე უცხო ენა და კარგად მოეხსენებათ ბურების გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ” - სანამ გურამ ჩახვაძე სუნს დააყენებდა, მიშამ სეფე-სიტყვა თქვა და, მგონი, ეს იყო ყველაზე საინტერესო.

 

წალენჯიხაში სწრაფი ინტერნეტი აქვთ, გიორგი თარგამაძე კი, კომპიუტერის ამბავში ჯერ მხოლოდ სუპერმარიოს დონეზეა - ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გამოიტანა გოკა გაბაშვილმა. რაღა დროს ქაღალდიაო - თვალები გადმოკარკლა ცნობილი ანტიკომუნისტისა და ანტიშევარდნაძისტის ბიჭმა - სკოლაში კარგად რომ გესწავლა, ამ პრეზენტაციას ფაუვარფოინთში წარმოგვიდგენდიო.

 

ჰო-ჰო - კოტეს ბიჭს დამიხედეთ!!!  ეტყობა, გაის ამ დროს სააკაშვილი თავისი სიტყვის თქმას 3D ფორმატში აპირებს, გაბაშვილი და ცისკარიშვილი შესაბამისი სათვალეებით ისხდებიან, ხოლო გია თორთლაძე სკაიპის საშუალებით დაიპყრობს მორიგ მწვერვალს და იქ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაბრაზებულ სმაილიკებს დატოვებს.

წარმოვიდგინე და მეღიმება. ოღონდ, ჩემი ღიმილი სხვაა, ფრიდონ თოდუას იმდღევანდელი ღიმილი - სხვა. კაცი 60 წელს რომ გადასცილდები და გადასცილდები ღირსეულად, ისე არ უნდა იღიმებოდე, როგორც იმ დღეს ფრიდონ თოდუა.

 

საქმე კი, ასე იყო: ვიღაცამ რაღაცაზე კარუსელი ახსენა. მიშა აღშფოთდა - იმ კარუსელზე ფრიდონ თოდუა კი არ ზისო. ჰოდა, სწორედ ამ დროს აჩვენეს ბატონი პროფესორი, სახეზე ხელები აეფარებინა და მორცხვად იღიმებოდა. ასე იღიმება ხოლმე ჩემი შვილი, როდესაც ვაქებ. მამა ვარ, ოჯახის უფროსი და ანა ისე წითლდება, მის ყურებას არაფერი სჯობს. იმ წუთში კი, ფრიდონ თოდუასთვის მიშა მამაც იყო და ოჯახის უფროსიც. იმ წუთში, მიშას რომ ებრძანებინა, ალბათ, წამოხტებოდა ლექსებსაც იტყოდა ჯერ ლენინზე და მერე - თემურ ალასანიაზე.

 

რომ ებრძანებინა, ერთ ლექსს ხათუნა კალმახელიძესაც მიუძღვნიდა, რადგან იმ დღეს ხათუნა სრულწლოვანი გახდა. ”უკვე სრულწლოვანი გახდა და უკეთ შეასრულებს მინისტრის მოვალეობას” - თქვა მიშამ და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. თვალები აუციმციმდა თავად სრულწლოვან ხათუნასაც. ”ხათუნა კალმახელიძე თვალებანთებული აშენებს ახალ, მსოფლიო სტანდარტების ციხეებს. პატიმრებს ვკვებავთ უკეთ, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს” - საუბრობდა სააკაშვილი. მიშა, მიშა... ვინც შენ არ გიცნობს...

 

გაიცანით - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ეს, მისი დამსახურებაა, ”მანქანას გარაჟი რომ აღარ სჭირდება” (არადა, სჭირდებოდა); მისი დამსახურებაა, რომ ”ქვეყნის დანაწევრებას არასოდეს შევეგუებით” (არადა, შეგუებულები ვიყავით); მისი დამსახურებაა, რომ ”დევნილი მოსახლეობისთვის გასაკეთებელი ძალიან ბევრია” (მანამდე, გასაკეთებელი კიდევ უფრო ბევრი იყო); მისი დამასხურებაა, რომ 2015 წლისთვის ”ყველა სკოლა შვედეთის და ჰოლანდიის სტანდარტების შესაბამისი იქნება” (აქამდე ნიგერიის შესაბამისი იყო); მისი დამსახურებაა, რომ ”2015 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქს საერთაშორისო სტანდარტის გზა დააკავშირებს” (დღეს გზები ოდენ ეროვნული სტანდარტებისაა); მისი დამსახურებაა, რომ ”2015 წლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობა მინიმუმ გაორმაგებული იქნება” (დღემდე საერთოდ არ გვქონდა)...

 

ეს ყველაფერი - კარგი, მაგრამ მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? მიშამ იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა: ”დღევანდელი პირველკლასელები მსოფლიოს ახალ ბილ გეითსებად და მარკ ცუკერბერგებად მოევლინებიან”.

 

”მასწავლებელო, მასწავლებელო, მაშ, ხათუნა მასწავლებელი ვიღასთვის აშენებს ციხეებს?” - გაიფიქრეს მომავალმა გეიტსებმა და ცუკერბერგებმა. თქვენის ნებართვიით, მე ვუპასუხებ: ”ბავშვებო, როცა მიშამ ”ჩარეცხილი თაობა” ახსენა, მთელი თაობის დაჭერას და ციხეში ჩასმას გულისხმობდა. სწორედ მათთვის შენდება ციხეები. შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ სწავლა”.

 

ისე, მთლად ყველანი ცუკერბერგები და გეიტსები ვერ გამოვლენ, ზოგი მათგანი უბრალო პროფესორი გამოვა, მაგალითად - პროფესორი მორიარტი. პროფესორ მორიარტის ადგილი კი, ციხეშია.

 

თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტზე და მის როლზე: ”ყოველ კვირას გექნებათ მთავრობასთან პინგ-პონგის თამაშის საშუალება, იმისთვის, რომ მთავრობა მუდამ ფორმაში და მუდამ საპარლამენტო კონტროლოს ქვეშ იყოს. პარლამენტი კი, თავის მხრივ, ხალხის კონტროლის ქვეშ”.

 

მართლაც, პინგ-პონგი შესანიშნავი შესანიშნავი მიგნებაა. კარგი იქნება, თუ მთავრობა, პარლამენტი და თავად პრეზიდენტიც პინგ-პონგს ითამაშებენ, თორემ, სიმართლე გითხრათ, ამ ჯოკერმა უკვე ყველა დაღალა. ორი ჯოკერი სულ მიშას უჭირავს და როდესაც კარტს ფინანსთა სამინისტრო არიგებს, სულ წაგლეჯვაა, ხოლო როდესაც არიგებს შსს - სულ შეტენვა.

 

”ეკონომიკა უნდა იყოს ყოველგვარი მონოპოლიების გარეშე. ალბათ გსმენიათ, ვინ მიგაკარებს ამ სფეროს, ყველაფერი დანაწილებულია. ის ამას აზის, ეს ამას აზის. ვერავინ საქართველოში ვერაფერს დააჯდება, ამას ვამბობ ძალიან მკაცრად და ეს არის ჩვენი პრინციპი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ,უკვე იაფდება შაქარი, ფქვილი, მედიკამენტები, ბენზინი... და მოაბიჯებენ გლდანის რაიონის მშრომელები!

 

”ძალიან ბევრგან საქართველოში, უბრალო ადამიანებთან საუბრისას ვაწყდები ხოლმე მოსაზრებას, რომ მთავრობა ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ არ ზრუნავს ხალხზე” - თქვა მიშამ და იქვე აღნიშნა, რომ 2015 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი იქნება.

 

იმ მოსაზრების ავტორებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა რესტორანი, სასტუმრო, ბუნგალო და სათხილამურო ტრასა ჩვენ გვეკუთვნის, ხალხს და... ”მასწავლებელო, მასწავლებელო, ხათუნა მასწავლებელის აშენებული ციხეებიც ხალხს ეკუთვნის?” - ტვინი წაიღეს მომავალმა ცუკერბერგებმა. ”არა, ბავშვებო, ციხეები არ ეკუთვნის ხალხს. ხალხი ეკუთვნის ციხეებს” - ვეუბნები ანას, პირველკლასელს, მომავალ ბილ გეიტსს.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ დღეს პარლამენტში არ იყო ლექსები და სიმღერები, მაგრამ ნაციონალური შრომის გმირები მაინც იყვნენ, ყოველ შემთხვევაში - ერთი მაინც. სააკაშვილმა პარლამენტარებს გაფორმების ეკონომიკური ზონის თანამშრომელი თამთა ხარებავა წარუდგინა.

მიშას თქმით, 22 წლის თამთა ხარებავამ ყველა რეკორდი მოხსნა, რადგან მან იმპორტიორის მიერ შემოტანილი ტვირთის განბაჟება 6 წუთში მოახერხა... იქნებ, 6 წუთი და 25 წამი იყო? იქნებ - მეტი და იქნებ - ნაკლები? ვინ შეამოწმა? ”რომან თურქიამ შეამოწმა” - მეუბნება გოკა გაბაშვილი.

 

”ვინც იცის, რა პროცედურებთან არის განბაჟება დაკავშირებული, თამთა არის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული თანამშრომელი”, - აღნიშნა სააკაშვილმა და მინდა გითხრათ, რომ დეპუტატების მიმართ ნათქვამი ეს ”ვინც იცის” სრულიად ზედმეტი იყო - განბაჟება და ეგეთი რამეები ყველა მათგანმა იცის. იმიტომაც სხედან პარლამენტში.

 

ვინც იცის... ვინ იცის, ვინ იყო პირველი ხუთოსანი? ვინ იცის, ვინ იყო სკოლის სიამაყე? ვინ იცის, ვინ იყო ის, ვინც ხუთებზე სწავლობდა და თან შიშის ზარს სცემდა ძველ ბიჭებს და კრიმინალურ ელემენტებს? ”მაჰმუტ” - აღმოხდა ხოსნი მუბარაქს. ”მაჰმუტ” - ექოსავით გაიმეორა მუჰამედ ელ ბარადეიმ. არა, ბატონებო, თქვენ ცდებით.

 

”ყველას ნასწავლი გვაქვს სკოლაში და თავს ნამდვილად არავის ვაჩაგვრინებდით, მე ყოველ შემთხვევაში, არავის ვაჩაგვრინებდი თავს. კი ვიყავი ხუთოსანი, მაგრამ ვერ მჩაგრავდნენ, მაგრამ მიხდებოდა ბრძოლა და შეტაკება” - თქვა მიშამ.

 

”მაშ მტყუანს?” - ერთხმად იკითხეს მიშას სკოლელებმა. ”ეგრე იყოს” - უპასუხა მიშამ და გაწითლდა. მიშას კეთილები და კარგები გამწვანდნენ, რადგან არასასურველი ორგაზმი განიცადეს. სამაგიეროდ, დამსწრე საზოგადოება განიცდიდა სასურველ ორგაზმს. ერთადერთი, ბაკურ კვეზერელი იჯდა საწყლად - დედალი ძროხების მამალი მომთვინიერებელი.

 

იქ ბევრი ისაუბრეს გარემოს დაცვის სამინისტროზე, წესით და რიგით, გოგა ხაჩიძის ადგილზე სხვა გაწითლდებოდა, მაგრამ ხაჩიძე, ვითომც აქ არაფერიო, მშვიდად იჯდა და წვრს თითებით ივარცხნიდა. მერე, როდესაც ნიუსები გადავათვალიერე, ყველაფერს მივხვდი. ”სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "ნეკრესი" გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის წინააღმდეგია” - ასეთი ნიუსი აღმოვაჩინე. როდესაც ისეთი ზურგი გყავს, როგორიც  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ”ნეკრესია”, შეგიძლია თავს მშვიდად ყოფნის უფლება მისცე.

 

სააკაშვილმა თავს უფლება მისცა და საერთო ჯამში საათნახევარზე მეტი ილაპარაკა. უმრავლესობის წევრებმა თავს უფლება მისცეს და პრეზიდენტს სიყვარული აუხსნეს, ხოლო მათ, ვისაც პრეზიდენტი არ მოსწონს, აუხსნეს სიძულვილი. გია თორთლაძემ თესლებზე ილაპარაკა - თუ განსაკუთრებული ჯიშის თესლი არ შემოვიტანეთ, ცუდად იქნება ჩვენი საქმეო. ეტყობა, გია თორთლაძე საქმის კურსში არ არის - განსაკუთრებული ჯიშის თესლი ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემოიტანა. ამ თესლმა 2003 წელს იხარა.

 

თორთლაძის შემდეგ კიდევ ბევრმა ისაუბრა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, ბევრმა აუხსნა სიყვარული პრეზიდენტს და სიძულვილი მას, ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს. პარლამენტის წევრები იბრიქებოდნენ, მთავრობის წევრები ღლიცინებდნენ. მხოლოდ კვეზერელი იჯდა საწყლად.

 

პეტრე ცისკარიშვილმა ეკონომიკაზე ისაუბრა. ”თუ მეზობელ ქვეყანაში პროდუქცია ძვირია, როგორ ავუკრძალოთ ვინმეს, რომ იქ თავისი ნაწარმი გაიტანოს?” - იკითხა პეტრემ. პირიქით, პეტრე, პირიქით. ქართული პროდუქცია ყველანაირი ხერხებით უნდა გავიტანოთ ექსპორტზე. მაგალითად, ღვინოს ჩაუშვებ კანალიზაციაში და მეორე დღეს ის უკვე აზერბაიჯანშია.

 

პეტრეს მიბაძა პავლემ და მანაც სახელმწიფო აღმშნებლობას შეასხა ხოტბა. პეტრეს და პავლეს არ ჩამორჩა წუგზარა-დეპუტატი, მაგრამ ცოტათი სენტიმენტალური იყო - ”ჩვენ ვხედავდით, როგორ იწვოდა ქართლის მინდვრები”.

 

დიახ, საქართველო პატარა ქვეყანაა - წითელი ხიდიდან გორი მართლაც ორ ნაბიჯზეა.

 

თორდიას სახელი დამავიწყდა, ან კი, რაში მაინტერესებს? მანაც ილაპარაკა და პაატა დავითაიას სახელი დაავიწყდა - პაპუნაო. პაატა, ბიჭო, პაატა, მაგრამ რაში აინტერესებს?

 

მთელი იმდღევანდელი ამბები ჩაწერილი მაქვს, ნიუსები ამოვიწერე, ყველაფერი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ რაში გაინტერესებთ? მთავარი ხომ უკვე იცით - 2015 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი იქნება. და თუ არ იცით აფრიკელი ბურების სავალალო მდგომარეობის შესახებ, ჩადით წალენჯიხაში და გაიგებთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ იმ სახლთნ უნდა დაგეშვათ საბურავი, სადაც - სავალალო მდგომარეობაში მყოფ ბურებს.

 

უ.გ. (უკვე გეცოდინებათ) ფაიზაღი - ნაღდი (ნაღდად), ნამდვილი (ნამდვილად). ”სიაფანდია... ფაიზაღი სიაფანდია” (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.)

ფარჩაკი - შემოსულია რუსული ქურდული ენიდან, სადაც порчак  წამხდარ, ზნედაცემულ ”ფრაერს (იხю) ნიშნავს, რომელიც პარვას იწყებს, ქურდების მიბაძვას ცდილობს. ქართულ ჟარგონში უხეიროს, ბედოვლათის მნიშვნელობა მიიღო. ”და ძალიანზე ძალიან აღსდექ და მოაკეტინე: დამპლებს, დარტყმულებს, გორსალებს, ფარჩაკებსა და კრეტინებს” (ვახტანგ ჯავახაძე).

(ლევან ბრეგაძე, ”ქართული ჟარგონის ლექსიკონი”)