ლანა დელ რეი ალიგატორების ტურის გიდზე დაქორწინდა

ლანა დელ რეი ალიგატორების ტურის გიდზე დაქორწინდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი ამერიკელ ალიგატორების ტურის გიდზე დაქორწინდა. ცერემონია ლუიზიანას შტატში, ერთ-ერთ ყურესთან 26 სექტემბერს ახლობელთა წრეში ჩატარდა.

ქორწილში გადაღებული პაპარაცული ფოტოებიდან ვხედავთ, რომ დელ რეის გრძელი, თეთრი, მინიმალისტური და დახვეწილი საქორწილო კაბა ეცვა, მის რჩეულს კი — შავი სმოკინგი და ყავისფერი ფეხსაცმელი. ლანა საკურთხეველთან მამამ, რობერტ გრანტმა მიაცილა. ქორწილს ესწრებოდნენ დელ რეის დედა და და-ძმაც.

მიუხედავად იმისა, რომ ლანა დელ რეიმ დუფრეინთან ურთიერთობა მხოლოდ გასულ თვეს გაასაჯაროვა, ისინი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდებიან. დუფრეინი ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული კომპანიის ალიგატორების ტურის გიდია. ეს იმას ნიშნავს, რომ დუფრეინი ამერიკის სამხრეთის შტატების ბიომრავალფეროვნებით დაინტერესებულ ადამიანებს ჭაობებში მიუძღვება, რათა ალიგატორებისა და სხვა ცხოველების დათვალიერება უსაფრთხოდ შეძლონ.

თავდაპირველად ინტერნეტში ლანას ურთიერთობას პოზიტიური გამოხმაურებები არ მოჰყოლია. ბევრი წერდა, რომ დუფრეინი მისთვის შეუფერებელი პარტნიორია, თუმცა დელ რეის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის ურთიერთობაში მთავარი გრძნობების ინტენსიურობაა. როგორც ჩანს, ლანა თავის ქმართან ერთად ძალიან ბედნიერია.