For.ge-მ რუსთავის საკრებულოს სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოუგო. ინტერნეტგამოცემის უფლებებს სასამართლოში საია-ს წარმომადგენელი, ადვოკატი გიორგი ლურსმანაშვილი იცავდა. საუბარია 2011 წელს დაწყებულ ადმინისტრაციულ დავაზე, რომელიც თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიერ ინტერნეტგამოცემისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას ეხებოდა. საკრებულომ მედიასაშუალებას, კანონით განსაზღვრულ ვადებში ინფორმაცია არ მიაწოდა და 2012 წლის თებერვალში პირველ ინსტანციაში წარმოებული პროცესიც მოუგო. ამის შემდეგ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გასაჩივრდა.
2013 წლის ბოლოს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ for.ge-ს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემა დააკისრა.
რუსთავის საკრებულოს ასევე დაეკისრა for.ge-ს მიერ სასამართლოს ორივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 550 ლარის ოდენობით.
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე რუსთავის საკრებულოს აპარატმა ინტერნეტგამოცემას 3 წლის წინ მოთხოვნილი ინფორმაცია 2014 წლის 15 იანვარს მიაწოდა.
მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2010-2011 წლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ პრემიის სახით დაახლოებით 45 ათასი ლარი მიიღო, ცალკეულ თვეებში საკრებულოს თავმჯდომარის პრემია 4355 ლარს შეადგენდა. იმავე პერიოდში პრემიის სახით 30 ათას ლარზე მეტი მიიღო მისმა პირველმა მოადგილემ კახა ბარათაშვილმა. საკრებულოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების პრემიები კი 2010-2011 წლების განმავლობაში, საშუალოდ, 10 ათასი ლარით განისაზღვრა.
კახა გურგენიძე და კახა ბარათაშვილი დღესაც რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები არიან. გურგენიძე საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ბარათაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.