„ვინ გასცა ბრძანება ძალის ამ მასშტაბით გამოყენებასთან დაკავშირებით - დასადგენია“

„ვინ გასცა ბრძანება ძალის ამ მასშტაბით გამოყენებასთან დაკავშირებით - დასადგენია“

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით მოკვლევა ძალიან მალე დასრულდება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოკვლევის დასრულდებამდე, კონკრეტული განცხადების გაკეთების საშუალება არ აქვს. რაც შეეხება ჩანაწერების თითქოსდა განადგურებას, სახალხო დამცველის თქმით, ეს უფრო ჭორაობას ჰგავს.

რა უთხრა ვანო მერაბიშვილმა და რა ახალი დეტალები გამოიკვეთა ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში? For.ge-ს ამ კითხვებს უჩა ნანუაშვილმა უპასუხა.

თქვენ გაქვთ ინფრომაცია, როდის გახდება საჯარო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის დეტალები?

- დიდი ხანია მოკვლევა დაწყებულია და შესაბამისად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში რა მოხდა, რაზეც საუბრობს ბატონი მერაბიშვილი, მე ვფიქრობ, რომ ამის შესწავლას რამდენიმე თვე არ სჭირდება. რამდენიმე კვირა, ალბათ, საკმარისია იმისათვის, რომ ეს მასალები ინახოს და დასკვნამდე მივიდეს მოკვლევა. საკმარისი დროა გასული და, ალბათ, მალე დასრულდება ეს პროცესი.

მაგრამ იმის თქმა, რომ თითქოს, ჩანაწერები განადგურებულია, ეს უფრო ჭორაობას ჰგავს. სერიოზული განცხადება მე მესმის მაშინ, როდესაც კონკრეტული მოწმე, მტკიცებულება და ინფორმაცია არის წარმოდგენილი. ასეთი სახის განცხადება, რომელსაც არ მოჰყვება სერიოზული მტკიცებულება, არასერიოზულია.

აქ საუბარი არაა ჩვებულებრივ განცხადებაზე, არამედ რეალურად საუბარია დანაშაულზე, კადრების განადგურება და მითუმეტეს, თანამდებობის პირის მხრიდან, არის დანაშაული. შესაბამისად, როდესაც ასეთი სახის განცხადება კეთდება, ეს მტკიცებულებით უნდა იყოს გამყარებული.

თქვენ შეხვდით ვანო მერაბიშვილს და ესაუბრეთ მას ამ საკითხზე. იგი ამბობს, რომ დიმა დარბაისელის მანქანით გაიყვანეს და ამის ფოტოებიც კი გააჩნია. თქვენთან თუ ისაუბრა მან ამ მტკიცებულებებზე?

- არა, ფოტოების შესახებ არაფერი უთქვამს და ეს პირველად მესმის. მან თქვა, რომ ის გაიყვანეს შავი ჯიპით და ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, რომელიმე კონკრეტული პირის ყოფილიყო, მაგრამ ვისი, ეს მას არ უთქვამს.

რამდენად სანდოდ მიგაჩნიათ მისი განცხადება. თუ კი გამოძიებას სჭირდებოდა სააკაშვილის საბანკო ანგარიშები, ან ჟვანიას საქმის შესახებ ინფორმაცია, გამოძიება იმდენად უსუსურია, რომ მერაბიშვილის დახმარების გარეშე ეს შეუძლებელია?

- რამდენად უნდა ვენდოთ ამ განცხადებას, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ, ამ განცხადების დაშვება უნდა მოხდეს და ამიტომაც არის საჭირო გამოძიება, რომ დადგინდეს, იყო თუ არა მსგავსი ფაქტი. წლების განმავლობაში მერაბიშვილი იყო მინისტრი, ის იცნობს სისტემას და აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, თუნდაც ის დეტალები, სად რა და როგორ, ეს მისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო.

არ ვიცი, არაფერს არ გამოვრიცხავ, გამიჭირდება იმის დადასტურება ან უარყოფა, სანდოა თუ არა მისი განცხადება. ორივე შემთხვევა ნამდვილად შესაძლებელია, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მოკვლევის დროული დასრულება, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მხოლოდ ერთი ადამაინის ჩვენებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მოკვლევა. მერაბიშვილი როცა ამბობს, რომ ამ საკითხებზე მას ესაუბრნენ, ალბათ, სხვა მოწმეები და სხვა წყაროებიც უნდა არსებობდნენ, რომლებსაც შეეძლებათ მოკვლევისთვის ინფორმაციის მიწოდება.

რაც შეეხება ლაფანყურის თემას, კომისია რომელიც შექმნილია სახალხო დამცველის ოფისში, მუშაობას ერთ თვეში ასრულებს. გამოიკვეთა ახალი დეტალები, რომელითაც დასტურდება, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო წინასწარ დაგეგმილი? ამ საკითხზე ცალკე გამოძიებას აწარმოებას მთავარი პროკურატურა და ჯერ ბრალდებული პირები გამოკვეთილი არაა...

- შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბევრი ახალი დეტალი გაარკვია ამ კომისიამ, მაგრამ არ მაქვს უფლება ჯგუფის მუშაობის დასრულებამდე კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის ინფორმაცია რაც იყო მოცემული ჩვენს საპარალმენტო ანგარიშში, ეს ფაქტები კიდევ უფრო მყარდება დამატებითი მტკიცებულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც განხორცელდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დაგეგმვის შედეგად. ეს ჯგუფი არსაიდან არ იყო გადმოსული, ეს უბრალოდ იყო კარგად ორაგნიზებული ჯგუფი. თვეების განამვლობაში ხდება ამის ორგანიზება და რაღაცა მიზეზების გამო დადგა ამ სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა.

ახალაიების, მერაბიშვილის და მათ შორის დიმიტრი შაშკინის ბრალეულობის საკითხი იკვეთება, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ეს გვარები სახელდებოდა ამ ოპერაციის დამგეგმავთა შორის...

- ზუსტი გვარების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველაფერი მივა ბოლომდე, ჩვენ შეგვეძლება გამოვკვეთოთ თანამდებობის ის პირები, რომელთა მონაწილეობამ სავალალო შედეგი გამოიღო. მე ვფიქრობ, რომ მთავარია იმის დადგენა, ვინ გასაცა ბრაძანება და რატომ იყო აუცილებელი ძალის გამოყენება. ამ კითხვის ნიშნებს პასუხი ძალიან მალე გაეცემა. კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირამდე მივა ძიება, ეს გამოჩნდება.

თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი გამორიცხული არაა. წინასწარ არაფრის მტკიცება ან უარაყოფა არ შემიძლია, მაგრამ ის, რომ ამ სპეცოპერაციას შსს-ს რიგითი თანამშრომლები ვერ განახორციელებდნენ, ეს ფაქტია. ამ საქმეში რომ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩარეული, ესეც ფაქტია. თუმცა, კონკრეტულად სადამდე მივა კვალი, ამას მოკვლევა მალე გასცემს პასუხს.

ძალის ამ მასშტაბით გამოყენების აუცილებლობა იდგა?

- ძალის გადამეტებული გამოყენება მოხდა. შესაძლოა ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში მომხდარიყო ძალის გარკვეულწილად გამოყენება, მაგრამ ცალსახაა, რომ აქ მოხდა ძალის გადამეტებული გამოყენება, რის შედეგადაც ორივე მხარეს არაერთი ადამიანი დაიღუპა და დადგა ის შედეგი, რაც დადგა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრძანება გასცა იმისთვის, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო, რისი აუცილებლობაც, რა თქმა უნდა, დასაბუთებული უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით, ჩვენ ამის დასაბუთება, რატომ იყო აუცილებელი ძალის ამ მასშტაბის გამოყენება, ვერანაირად ვერ მოვისმინეთ.

ბრძანება ვის მიერ არის გაცემული?

- კონკრეტულად ვის მიერ არის ბრძნება გაცემული ძალის ამ მასშტაბით გამოყენებასთან დაკავშირებით, აი ეს არის დასადგენი.