ნიუ-იორკის მერს კორუფციის საქმის ფარგლებში ბრალი წაუყენეს

ნიუ-იორკის მერს კორუფციის საქმის ფარგლებში ბრალი წაუყენეს

ნიუ-იორკის მერს, ერიკ ადამს კორუფციის შესახებ საქმის ფედერალური გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.

BBC-ს ინფორმაციით, ბრალდების არსი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სავარაუდოდ საქმე ეხება ადამსის მიერ თურქეთის მთავრობასთან კავშირში მყოფი ადამიანებისგან შეწირულობების მიღებას.

მერის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როდესაც მანჰეტენის ფედერალური პროკურორები ამოწმებდნენ, ჰქონდა თუ არა ადამსის მხრიდან ზეწოლას ქალაქის სახანძრო დაცვის სამსახურის თანამდებობის პირებზე, რათა მათ თურქეთის საკონსულოსთვის ახალი მაღალსართულიანი შენობის გახსნისთვის დაეჭირათ მხარი.

გამომძიებლები ასევე არკვევენ სარგებლობდა თუ არა ადამს ნაწილობრივ თურქეთის ხელისუფლების მფლობელობაში მყოფი ავიაკომპანია Turkish Airlines-ით უფასო ფრენების პრივილეგიით.

The New York Times-ი წერს, რომ ბრალდების გამოქვეყნების შემდეგ, ადამსი ნიუ-იორკის პირველი მერი გახდება, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფედერალური ბრალი წაუყენებს.

თვითონ ადამსი კი აცხადებს, რომ მერად მუშაობისას ის ვიზიტებით მხოლოდ ისრაელსა და კატარში იმყოფებოდა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ ნიუ-იორკელების მიმართ ჩემს პოზიციას დავიცავდი, სამიზნე გავხდებოდი - და ასეც მოხდა“, - განაცხადა მან, ბრალდებები უარყო და პირობა დადო, რომ ამის დასამტკიცებლად მთელი ძალებით იბრძოლებს.