კახა კალაძე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არა ვიღაცის, არამედ საკუთარი ინტერესებით ვიმოქმედოთ და ქვეყანა ცეცხლის ალში არ გავხვიოთ

კახა კალაძე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არა ვიღაცის, არამედ საკუთარი ინტერესებით ვიმოქმედოთ და ქვეყანა ცეცხლის ალში არ გავხვიოთ

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ვიდგეთ იქ, სადაც ქართველ ხალხს, ეროვნულ ინტერესებს სჭირდება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვას, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის თაობაზე.

მისივე განმარტებით, არჩევნების შემდეგ გაეცემა პასუხი კითხვებს, თუ ვისი დავალებით მოქმედებდა 2008 წელს წინა ხელისუფლება და ვისი დავალებით დაითმო ტერიტორიები.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვიდგეთ იქ, სადაც ქართველ ხალხს, ეროვნულ ინტერესებს სჭირდება. ქვეყანაში ვიღაცის ინტერესების გატარებით კი არ ვიმოქმედოთ, არამედ საკუთარი ინტერესები დავიცვათ და არ გავხვიოთ ცეცხლის ალში ქვეყანა. არ გახსოვთ პირდაპირ მოწოდებები, მეორე ფრონტი რომ უნდა გახსნილიყო ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება მეორე ფრონტი. ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, დავკარგეთ ტერიტორიები იმ მოღალატეობრივი ქმედებებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, გარედან დავალების შესრულებით გააკეთა. ყველაფერს გაეცემა პასუხი არჩევნების შემდეგ, ვისი დავალებით მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ვისი დავალებით მოხდა ტერიტორიების დათმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მოწოდებებისა და ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს ქვეყნის ინტერესებს.

„მოწოდებები, მოთხოვნები, შანტაჟები გაგრძელდა, ჩვენ კი ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას,ვინც არ უნდა იყოს, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვაქვს დიდი ისტორია, კულტურა ვამაყობთ ჩვენი წარსულით და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.