გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე: ეს არის პოლიტიკური დემარში - აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს - მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე: ეს არის პოლიტიკური დემარში - აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს - მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული

რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში - აშშ-მ გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს. მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პულსი აღარ ესინჯება და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი სწორედ მის დასახმარებლად გადადგა.

გარდა ამისა, მან ელჩის შესაძლო გამოწვევაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ელჩის გამოწვევა და ასეთი დაპირისპირება არ არის დღის წესრიგში“.

„გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა, პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი რომ ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად, ყველა ქვეყანა მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული. ეს დემარში, ზოგადად, საქართველოს მიმართ, თუნდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, თუნდაც ასეთი ღია და აშკარა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობისადმი“, არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი. ეს მოხდა უკვე და იგივე შეცდომის გამეორებას არ დაუშვებს ქართველი ამომრჩეველი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის" ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.