შალვა პაპუაშვილი ამნისტიაზე: ათასი ადამიანი არ არის თავიანთ ოჯახებში იმიტომ, რომ ქალბატონ სალომეს ეზარება მოქალაქეებზე ფიქრი და დიდი პოლიტიკით არის დაკავებული

შალვა პაპუაშვილი ამნისტიაზე: ათასი ადამიანი არ არის თავიანთ ოჯახებში იმიტომ, რომ ქალბატონ სალომეს ეზარება მოქალაქეებზე ფიქრი და დიდი პოლიტიკით არის დაკავებული

ათასი მსჯავრდებული ყოველდღე არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე დაკავებული არის თაღლითი ხაზარაძის და გახარიას საკითხებით და არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტი დიდი პოლიტიკით არის დაკავებული და ამნისტიის კანონზე ხელის მოსაწერად არ სცალია.

„ფაქტობრივად, პროფანაციად აქცია ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის ინსტიტუტი. აბსოლუტურად აღარანაირი წესი მისთვის არ არის, მისი უკანა ეზო ჰგონია პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც თანამდებობა, ხედავთ, რომ პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მათ შორის, რომ დაკავებული არის საარჩევნო პერიპეტიებით, რაც მისი საქმე არანაირად არ არის და კონსტიტუციასაც არღვევს ამ დროს. მაშინ, როდესაც ადამიანები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ათასი ადამიანი ელოდება, რომ უკვე გუშინ და გუშინწინ უნდა ყოფილიყვნენ თავიანთ ოჯახებში და არ არიან თავიანთ ოჯახებში იმიტომ, რომ ქალბატონ სალომეს ეზარება მოქალაქეებზე ფიქრი და დიდი პოლიტიკით არის დაკავებული“, - მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ძალაში ვერ შედის - სალომე ზურაბიშვილს კანონზე, რომელიც ათასობით პატიმარს ეხება, ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.