სერ თომას შონ კონერი 1930 წელს ედინბურგში, შოტლანდიაში დაიბადა. მისი მშობლები სატვირთო ავტომობილის მძღოლი ჯოზეფ კონერი და დამლაგებელი ეფემია მაკლინი იყვნენ. ბავშვობაში შონის მთავარი გატაცება ფეხბურთი და ცხენოსნობა იყო, კინო მას ნაკლებად იზიდავდა, თუმცა, ერთ დღეს თეატრში სტუმრობამ მის მსოფლმხედველობაზე გავლენა იქონია.
9 წლის ასაკში კონერიმ მუშაობა დაიწყო – რძეს დაატარებდა ქუჩაში, 13 წლის ასაკში კი სამსახურის გამო სკოლაში სწავლა მიატოვა. 15 წლის შონი დიდი ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის რიგებში ჩაეწერა, თუმცა, კუჭის წყლულის გამო, სამხედრო სამსახურიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. საზღვაო ფლოტში მსახურობის პერიოდში შონ კონერი ფლოტის ჩემპიონი გახდა კრივში.
1951 წელს შონ კონერი სამუშაოდ მოეწყო ედინბურგის სამეფო თეატრში, სადაც მისი დებიუტი შედგა სცენაზე. იმავე წელს იგი ბოდიბილდინგმა გაიტაცა და 1953 წელს მან მონაწილეობა მიიღო კულტურისტების კონკურსში – „მისტერ სამყარო,” სადაც თავის დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა.
შონ კონერის დებიუტი დიდ ეკრანზე 1954 წელს შედგა ფილმში „ლილია გაზაფხულზე”, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. კონერის პარტნიორი გადასაღებ მოედანზე იმდროინდელი ვარსკვლავი ეროლ ფლინი იყო და ამ ფაქტით შონ კონერი დღემდე ამაყობს.
მარჯვენა ხელზე შონ კონერის ორი ტატუ აქვს, ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში გაკეთებული: „შოტლანდია სამუდამოდ” და „დედა და მამა”.
1960-იანი წლების დასაწყისში პროდიუსერებმა ალბერტ ბროკოლიმ და ჰარი ზალცმანმა მწერალ იან ფლემინგთან ერთად „ჯეიმს ბონდის” ეკრანიზებაზე დაიწყეს ფიქრი და ჯაშუშის როლზე კანდიდატების ძებნას შეუდგნენ. მოეწყო სპეციალური კონკურსი, რომელზეც ექვსი მსახიობი შეირჩა, თუმცა, თავდაპირველად, პროდიუსერებმა ბონდის როლში ცნობილი მსახიობების: დევიდ ნეივენის, კერი გრანტის, რექს ჰარისონის, ჯეიმს მეისონის, რიჩარდ ჯონსონისა და თრევორ ჰოვარდის ნახვა ისურვეს, მაგრამ, ფილმში მონაწილეობაზე ყველამ უარი თქვა და, საბოლოოდ, ჰარი ზალცმანმა მთავარი როლის შემსრულებლად მაშინ ყველასთვის უცნობი შონ კონერი დაასახელა. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ კონერის კანდიდატურა ზალცმანს პოლონლემა რეჟისორმა ბენ ფიჟმა ურჩია. საბოლოოდ, შონ კონერიმ ჯეიმს ბონდის როლი შვიდ ფილმში ითამაშა, მათ შორის უკანასკნელად – 53 წლის ასაკში.
ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ყველა ფილმში შონ კონერი ხელოვნურ პარიკს ატარებს. მსახიობს 21 წლის ასაკში დაეწყო თმის ცვენა. ჩვეულებრივ ცხოვრებაში მსახიობი პარიკის გარეშე კომფორტულად გრძნობს თავს, რაც მას არაერთხელ განუცხადებია.
სიგარეტის მოწევა შონ კონერიმ 9 წლის ასაკში დაიწყო.
შონ კონერი ყველაზე ასაკოვანი მსახიობია, რომელსაც სექს-სიმბოლოს ტიტული მიაკუთვნეს. 1989 წელს კონერი 59 წლის იყო. ათი წლის შემდეგ ჟურნალმა „ფიფლმა” გამოკითხვა ჩაატარა მეოცე საუკუნის ყველაზე სექსუალური მამაკაცის გამოსავლენად და დიდი უპირატესობით კვლავ შონ კონერიმ გაიმარჯვა, რომელსაც იმ დროისთვის 69 წელი შეუსრულდა.
2000 წელს შონ კონერიმ „რაინდის” წოდება და ტიტული „სერ” მიიღო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორისგან.
შონ კონერი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრი და შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეა.
შონ კონერი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და ბავშვობაში პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაზეც კი ოცნებობდა. იგი „გლაზგო რეინჯერსის” ქომაგია, თუმცა, წარსულში მეორე შოტლანდიურ გრანდს – „სელტიკს” ქომაგობდა.
2008 წელს შონ კონერიმ გამოსცა წიგნი – „იყო შოტლანდიელი”, რომელშიც დიდი მსახიობი შოტლანდიაზე, ქვეყნის კულტურაზე, ისტორიაზე და საკუთარ ოჯახზე წერს.
ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმებიდან შონ კონერი საუკეთესოდ მიიჩნევს 1963 წელს ეკრანებზე გამოსულ ფილმს – „რუსეთიდან, სიყვარულით”.